საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტმა ანრი ოხანაშვილისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე შეცვლის.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განმარტა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადადგომის თაობაზე განცხადებას პარლამენტი ცნობად იღებს, დასკვნის პროექტს კი საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამზადებს.
„საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის და 212-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დაადგინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანრი ოხანაშვილის მიერ თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე 26 აგვისტოს წარდგენილი განცხადების ნამდვილობა. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, კომიტეტს მიაჩნია, რომ ანრი ოხანაშვილს ვადამდე შეუწყდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილება“, – ნათქვამია დასკვნის პროექტში.
კომიტეტის დასკვნის პროექტი პარლამენტის ბიუროს და პლენარულ სხდომას წარედგინება.
„ბატონი ანრი, როგორც ვიცით პრემიერის განცხადებიდან, გადაინაცვლებს მისი მრჩევლის პოზიციაზე, სადაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ის გამოცდილება, ის მაღალი პროფესიონალიზმი, რომელიც ბატონ ანრი ოხანაშვილს აქვს უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაც აუცილებლად ძალიან წაადგება ჩვენს ქვეყანას, განსაკუთრებით ანალიტიკური თვალსაზრისით. ამიტომ, მას ახალ პოზიციაზე წარმატება მინდა ვუსურვოთ.
ასევე, როგორც ვიცით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე გათვალისწინებულია ბატონი მამუკა მდინარაძის კანდიდატურა. იქნება შესაბამისი პროცედურები მისი მოსმენის თავდაცვის კომიტეტის ფარგლებში, ზოგადად, ამ საკითხის განხილვის კომიტეტის ფარგლებში და შემდგომ უკვე ეს საკითხი გადაინაცვლებს კენჭისყრაზე. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პარლამენტისგან მას სრული მხარდაჭერა ექნება. ამიტომ მას, როგორც მაღალი დონის პროფესიონალს, საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონეს სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის, გამორჩეულ პატრიოტს და ლიდერული თვისებებით დაჯილდოებულ ადამიანს, მინდა მხოლოდ და მხოლოდ წარმატება ვუსურვო იმ პოზიციაზე, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ის დაიკავებს“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.