ვიზალიბერალიზაციის თემა არის ბოლო იარაღი, რომელიც ევროპელ ბიუროკრატებს საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ აქვთ ხელში – კახა კალაძე

8
spot_img

ვიზალიბერალიზაციის თემა არის ბოლო იარაღი, რომელიც ევროპელ ბიუროკრატებს საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ აქვთ ხელში. მანამდე იყო კანდიდატის სტატუსი, რევოლუციის მოწყობა სცადეს, არაფერი გამოუვიდათ, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებას ეხებოდა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ის მოთხოვნები და მესიჯები, რაც იქნა გაჟღერებული, რომ საქართველომ ეს და ეს უნდა გააკეთოს, არაფერ კავშირში არაა ვიზალიბერალიზაციასა და იმ პროცესებთან, რომელიც ევროინტეგრაციასთან არის დაკავშირებული.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, უამრავი ასეთი შემთხვევა გვახსოვს. ზოგადად ევროკავშირი იმ სიკეთეებს, რომელიც დაკავშირებულია ევროინტეგრაციის პროცესთან ბოლო თვეების განმავლობაში იყენებს ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღად. როცა მათი განცხადებები, რეზოლუციები გაჯერებულია ტყუილით, სიცრუით, რა თქმა უნდა, ამას არანაირი კავშირი არ აქვს ევროპასთან, ევროპულ მომავალთან და ევროინტეგრაციის პროცესთან. ეს არის სუფთა პოლიტიკური განცხადებები, პოლიტიკური პროცესი, რომელიც გაჯერებულია ტყუილითა და ცილისწამებით. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ზოგიერთ გაზულუქებულ ევროპელ ბიუროკრატს, რომელთა მესიჯები აბსოლუტურად ტყუილსა და სიცრუეზეა დაფუძნებული. ეს არის ბოლო იარაღი, რომელიც ევროპელ ბიუროკრატებს აქვთ ხელში საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. თქვენ გახსოვთ მანამდე იყო კანდიდატის სტატუსი, არაფერი გამოუვიდათ. რევოლუციის მოწყობა სცადეს, რეალურად არაფერი გამოუვიდათ. მარტივი მესიჯი ჰქონდათ, ახლაც იმავეს იმეორებენ: „ჩვენ რა შუაში ვართ, აგერ საქართველოს ხელისუფლებას მოჰკითხეთ“. რეალობა მდგომარეობს იმაში, რომ საერთოდ ის მოთხოვნები და მესიჯები, რაც იქნა გაჟღერებული, რომ საქართველომ ეს და ეს უნდა გააკეთოს, არაფერ კავშირში არაა ვიზალიბერალიზაციასა და იმ პროცესებთან, რომელიც ევროინტეგრაციასთან არის დაკავშირებული. ეს არის უბრალოდ პოლიტიკური მოტივებით გაჟღერებული განცხადებები, რომელიც არის უსამართლო, ცილისმწამებლური და, რა თქმა უნდა, გაჯერებულია ტყუილებით. ეს არის დღევანდელი ევროპული ბიუროკრატია. ბოლო იარაღი რაც დარჩათ, ეს არის ვიზალიბერალიზაციის თემა. ამით მიდის შანტაჟი დღესაც. საერთოდ რა კავშირშია ის კანონები ვიზალიბერალიზაციის პროცესთან, რომელიც მიღებულია?! აქაც ორმაგი დამოკიდებულებაა. თვითონ იღებენ ასეთ კანონებს, თავიანთ ქვეყნებში მოქმედებს და თურმე საქართველოში არ შეიძლება. როგორ შეიძლება ქართულმა სახელმწიფომ ან თუნდაც ქართველმა ხალხმა იცოდეს საიდან შემოდის თანხები, შავი ფული, რომლითაც ფინანსდება პოლიტიკური პარტიები, ტელევიზიები, სახელმწიფო გადატრიალება?! თურმე ეს არ უნდა ვიცოდეთ და დანაშაულია. წარმოგიდგენიათ? ეს ნორმალური დამოკიდებულებაა?“- განაცხადა კალაძემ.