ხელისუფლება ვერ ჩამოაქციეს, სახელმწიფო ინტერესებს ბოლომდე ვიცავთ. ამ პროცესში შანტაჟის ერთ-ერთი იარაღია უვიზო მიმოსვლა, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, ახლაც იგივე გრძელდება, რაც კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში იყო.
„გვეუბნებოდნენ, კანდიდატის სტატუსს არ მოგცემთო და დაგვიანებით, ერთი წლის შემდეგ მოგვცეს. შემდეგ დაიწყეს საუბარი, შეგიზღუდავთ უვიზო მიმოსვლასო, რასაც დამსახურებულად მივაღწიეთ. ახლაც იგივე გრძელდება. ვინაიდან ქვეყანა ვერ არიეს და ქართველი ხალხი „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, ახლა ახალი შანტაჟი დაიწყეს – თურმე აგვისტოს ბოლომდე ნაბიჯები თუ არ გადაიდგა, შეიძლება, შეზღუდვა იყოს. რა არის ეს ნაბიჯები? თურმე გამჭვირვალობა უნდა გავაუქმოთ, ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან ვნახეთ, რა სიგიჟეებს ჩადიოდნენ; მეორეა, ოჯახური ღირებულებების კანონი. ოპოზიციას მივმართავ – თანახმა არიან, რომ გეებს საშუალება მისცენ, შვილები აიყვანონ? სქესის გადაკეთება იყოს დაშვებული? გეებს ქორწინების საშუალება ჰქონდეთ? სკოლებსა და ბაღებში ლგბტ პროპაგანდა იყოს? თანახმა თუ არიან, გამოვიდნენ და ეს თქვან. მოსახლეობა ამბობს, არცერთი ნაბიჯით უკან არ დავიხიოთ. რანაირად აკავშირებენ უვიზო მიმოსვლას და ოჯახური ღირებულებების კანონს ერთმანეთთან? რა ბმაშია? ევროკომისიის კვლევაში კარგი მთავრობის თაობაზე საქართველო საუკეთესოებს შორის იყო, მათ შორის, ევროკავშირისა და ნატო-ს რამდენიმე ქვეყანას უსწრებს. რაღა უნდათ ჩვენთან? უნდათ, ის დამართონ საქართველოს, რაც საბერძნეთს დამართეს. უძველესი ქვეყანა აიძულეს, რომ უბედურებისთვის ხელი მოეწერა. საბერძნეთში გეიქორწინება არის დაშვებული. ამას ითხოვენ საქართველოსგან, უდიდესი ისტორიის მქონე, მართლმადიდებლური სახელმწიფოსგან. არ დავთმობთ, ბოლომდე ვიომებთ, რადგან ჩვენს ინტერესებშია მართლმადიდებლობის გაძლიერება და შენარჩუნება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.