რატომ სურს პუტინს დონეცკის ოლქი? – The Spectator

9
spot_img

„რუსეთი შესაძლოა დათანხმდეს უკრაინასთან ომის გაყინვაზე ფრონტის ამჟამინდელი ხაზის მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ კიევი დათმობს დონეცკის ოლქის ტერიტორიის იმ ნაწილს, რომელსაც თვითონ აკონტროლებს“, – ნათქვამია ბრიტანულ ყოველკვირეულ ჟურნალ „სფექთეითორში“ (The Spectator) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რატომ სურს პუტინს დონეცკის ოლქი?“. პუბლიკაციის ავტორის, პოლიტოლოგიის პროფესორის მარკ გალეოთის აზრით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უმძიმესი არჩევანის წინაშე აღმოჩნდა: გაწიროს თავისი ხალხი ომის გასაგრძელებლად თუ მიიღოს არაპოპულარული გადაწყვეტილება მშვიდობის დამყარების სახელით.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

იქნება თუ არა უკრაინის ბედი მთლიანად დამოკიდებული მხოლოდ რამდენიმე ქალაქზე – სლავიანსკზე, კრამატორსკზე, დრუჟკოვკასა და კონსტანტინოვკაზე? ბევრისთვის ეს სახელწოდებები შესაძლოა უცნობი იყოს, მაგრამ სწორედ ისინი წარმოადგენენ ოთხ საკვანძო „ქალაქ ციხე-სიმაგრეს“ დონეცკის ოლქში (იგივე დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში), რომლებსაც, როგორც ამბობენ, რუსეთის პრეზიდენტი ითხოვს „ხარკის“ სახით მშვიდობის სანაცვლოდ.

მართალია, დეტალები უცნობი რჩება, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სამშვიდობო შეთანხმება, რომლის შესახებაც აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა მოილაპარაკეს, შეიცავს მოსკოვის თანხმობას ომის გაყინვაზე ფრონტის მიმდინარე ხაზის მიხედვით. შესაძლოა რუსები დათანხმდებიან, რომ უკრაინელებს სუმისა და ხარკოვის ოლქებში დაკავებული მცირე ტერიტორიები დაუბრუნონ იმის სანაცვლოდ, თუ კიევი ბევრად უფრო მეტს მისცემს დონეცკის ოლქში.

რასაკვირველია, ასეთი გადაწყვეტილება მძიმე იქნება ბევრი მიზეზით: ერთ-ერთია ტერიტორიის ფართობი, რომლის განხილვა აუცილებელია: დონეცკის ოლქში უკრაინა აკონტროლებს ადმინისტრაციული ერთეულის ფართობის 30%-ს, ანუ დაახლოებით 15 ათას კვ.კილომეტრს, რომელიც ბევრად მეტია ტრამპისეული „გასაცვლელი“ ტერიტორიების – სუმისა და ხარკოვის ოლქების იმ ნაწილების ფართობზე, რომლებიც კრემლს აქვს ოკუპირებული.

დონეცკის ოლქის იმ ნაწილს, რომელსაც კრემლი ითხოვს, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამ რეგიონში მდებარეობს „ციხე-სიმაგრეთა სარტყელი“, რომელიც ზემოთ დასახელებული გამაგრებული ქალაქებისაგან და სხვა რიგი დასახლებული პუნქტებისაგან შედგება.

იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინას აქვს არგუმენტები რუსეთს არ ენდოს – მოსკოვს ნებისმიერი ხელშეკრულება შეუძლია დაარღვიოს და საომარი მოქმედებები განაახლოს – კიევისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ძლიერი თავდაცვითი ხაზის შენარჩუნება ფრონტის აღნიშნულ მონაკვეთზე. გარდა ამისა, დასახელებულ ტერიტორიას სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს – მისი ყოველი მეტრი უკრაინელი ჯარისკაცების სისხლით არის შეღებილი. ასეთ პირობებში ჩნდება კითხვა: შეასრულებენ თუ არა სამხედრო მოსამსახურეები ბრძანებას უკან დახევის შესახებ?

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთი იძულებული გახადა გაეცნობიერებინა ის რეალობა, რომ რუსეთის არმიის მიერ დაკავებული ტერიტორიები კიევისათვის სამუდამოდ დაკარგულია. შესაძლოა ოდესმე – პოლიტიკური თუ სამხედრო გზით – უკრაინა მათ როგორმე დაიბრუნებს, მაგრამ ახლა და უახლოეს მომავალში არ არსებობს გამარჯვების ისეთი თეორია, რომელიც კიევს შესაძლებლობას მისცემდა საკითხი თავის სასარგებლოდ გადაწყვიტოს, გარდა იმ ილუზიებისა, რომ რუსეთში ეკონომიკური კრახი მოხდება, ან ვლადიმერ პუტინი მოულოდნელად გარდაიცვლება.

გარდა ამისა, რუსეთის ლიდერი, ალბათ, თვლის, რომ საბოლოო ჯამში აღნიშნული ტერიტორიები კიევისათვის მაინც დაიკარგება. ადრე თუ გვიან, მისი არმია – კვირეებისა და თვეების მიუხედავად – მაინც გაარღვევს „ციხე-სიმაგრეების სარტყელს“ და მათ დაიკავებს. თუ კიევი ახლა არ დათანხმდება კრემლის მოთხოვნებს, უკრაინელებს ზედმეტი მსხვერპლის გაღება აუცილებლად მოუწევს.

რუსეთის ლიდერი შეუმცდარი არ არის. შეიძლება მან უარი თქვას თავის მოთხოვნებზე, მაგრამ ეს იოლად და სწრაფად არ მოხდება. საერთოდ, უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა და მისი დამორჩილება ვლადიმერ პუტინისათვის ჭეშმარიტი მიზანი არასოდეს არ ყოფილა. [ერთია პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის პოლიტიკა და მეორეა ომის გაჩაღება, ნგრევა და სისხლისღვრა]. რუსეთის პრეზიდენტმა, როგორც ჩანს, კარგად ვერ გათვალა და საბოლოოდ, ხანგრძლივ და ძვირადღირებულ ომში აღმოჩნდა ჩათრეული. რუსეთის ლიდერი მზად არის ისეთ გარიგებაზე დათანხმდეს, რომელსაც იგი მოსახლეობას წარმატებად წარუდგენს. თავის მხრივ, უკრაინასაც შეუძლია ჩათვალოს, რომ განსაზღვრულ წარმატებას მიაღწია, თუ მას უსაფრთხოების საიმედო გარანტიები ექნება, თუ ქვეყნის აღდგენაში დაეხმარებიან და თუ დამოუკიდებლობასა და სუვერენული პოლიტიკის გატარების უფლებას შეინარჩუნებს, მოსკოვის გავლენის გარეშე.

ძნელია ტერიტორიების დათმობა თუ გაცვლა, მაგრამ მოლაპარაკების ყველაზე რთული ეტაპი სწორედ ტერიტორების დათმობის შემდეგ დაიწყება – როგორი იქნება დანგრეული ქვეყნის აღდგენის პირობები? პუტინს სურს უკრაინა დაუცველი და განადგურებული დატოვოს. შესაბამისად, დასავლეთს მოუწევს უკრაინა სერიოზული გარანტიებით უზრუნველყოს. ბუნებრივია, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ეკონომიკური აღდგენა უამრავ ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს, მაგრამ ეს გარდაუვალია. დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს ერთი და იგივე უაზრო მანტრების გამეორება, რომ „პუტინს გამარჯვების უფლება არ უნდა ჰქონდეს“. გასაგებია, რომ ევროპელ მოკავშირეებს არ სურთ თავიანთი ჯარისკაცების მსხვერპლად შეწირვა და მათთვის უმჯობესია უკრაინელებმა გააგრძელონ ბრძოლა. მაგრამ საბოლოო ჯამში ევროპას და დასავლეთს მშვიდობის მისაღწევად მორალური კომპრომისის გაკეთებაც მოუწევს.

                წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ