ამერიკული გაზეთის „ვაშინგტონ პოსტის“ (The Washington Post) 11 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსები მიესალმებიან ვლადიმერ პუტინის მიწვევას ალასკაზე, თუმცა არავინ არ ელოდება, რომ კრემლი უკრაინის საკითხში რაიმე დათმობაზე დათანხმდება“ (ავტორები – ფრანჩესკა ებელი და ქეთრინ ბელტონი). პუბლიკაციაში გადმოცემულია ამერიკელი და რუსი ანალიტიკოს-ექსპერტთა და მიმომხილველთა თვალსაზრისები დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ალასკის შტატში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
რუსეთის ოფიციალურმა პირებმა და მასმედიის კომენტატორებმა ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის სამიტი, რომელიც ალასკაზე 15 აგვისტოს გაიმართება, აღფრთოვანებით მიიღეს. ეს პირველად მოხდება 2007 წლიდან, როცა რუსეთის ლიდერი შეერთებულ შტატებში პირდაპირ გაემგზავრება, უშუალოდ პრეზიდენტის მიწვევით და არა როგორც გაეროს მეშვეობით. როგორც ჩანს, რადგანაც კრემლმა ოფიციალური მიწვევა თეთრი სახლიდან მიიღო, მოსკოვი უკან არ დაიხევს და არანაირ დათმობაზე არ წავა უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების საკითხში.
ამასობაში ევროპელმა და უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა ნეგატიური რეაგირება მოახდინეს თეთრი სახლის პოზიციის უეცარ ცვლილებაზე: რამდენიმე დღის წინათ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გმობდა უკრაინის ქალაქების დაბომბვას, ულტიმატუმებს უცხადებდა რუსეთს და სანქციებით ემუქრებოდა კრემლის მოკავშირეებს რუსეთთთან ენერგორესურსებით ვაჭრობისათვის, ახლა კი მეგობრულად იწვევს მოსალაპარაკებლად…
რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა ეკონომიკურ საკითხებში კირილე დმიტრიევმა, რომელიც კრემლის სახე გახდა ტრამპის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებში, განაცხადა, რომ ალასკის შერჩევა რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის ადგილად ძალიან სიმბოლურია ორმხრივი ურთიერთობებისათვის: როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა ალასკის ტერიტორია რუსეთის იმპერიისაგან 1867 წელს იყიდა 7,2 მილიონ დოლარად, ანუ ერთი ჰექტარი 4 ცენტად. „ალასკა რუსულ ამერიკას წარმოადგენს – თავისი მართლმადიდებლური ფესვებით, ციხე-სიმაგრეებით, ბეწვეულის წარმოებით… ალასკა ასახავს რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობების ისტორიას… ალასკამ აშშ არქტიკულ სახელმწიფოდ გადააქცია“, – დაწერა კირილე დმიტრიევმა თავის სოციალურ „იქს-ქსელში“.
კონსტანტინე მალოფეევმა – რუსმა მილიარდერმა, რომელიც ამერიკული სანქციების ქვეშ ჯერ კიდევ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროიდან იმყოფება უკრაინაში პროკრემლური სეპარატისტების დაფინანსების გამო – განაცხადა, რომ ალასკის მცხოვრებლებს „პატივისცემით ახსოვთ თავიანთი რუსული წარსული და ქრისტიანული დღევანდელობა“.
რუსი სამხედრო ბლოგერებიც, თავის მხრივ, გარკვეულ ოპტიმიზმს და პოზიტიურ ემოციებს ამჟღავნებენ, მაგრამ სამიტისაგან რაიმე მნიშვნელოვან გარღვევას არ ელოდებიან: „ალასკის შეხვედრას აქვს ყველა შანსი, რომ ისტორიული გახდეს, – წერს პროკრემლური სამხედრო კორესპონდენტი ალექსანდრე კოცი თავის „ტელეგრამ-არხზე“, – „თუ, რა თქმა უნდა, დასავლეთი არ შეეცდება და თავის მორიგ ხრიკიან ნაბიჯს არ გადადგამს“
დასავლელი ანალიტიკოსები, თავის მხრივ, თვლიან, რომ დონალდ ტრამპმა ძალზე ფრთხილად უნდა იმოქმედოს. „ტრამპმა გადაწყვიტა პუტინი რუსეთის იმპერიის ყოფილ ტერიტორიაზე მიიღოს“, – წერს მაიკლ მაკფოლი, აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში და ბარაკ ობამას დროინდელი ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი, – „საინტერესოა, იცის თუ არა ჩვენმა პრეზიდენტმა რუსი ნაციონალისტების პოზიცია? მათ მიაჩნიათ, რომ ალასკის გაყიდვით რუსეთის მხრიდან არაშორსმჭვრეტელური და უსამართლო ნაბიჯი იყო გადადგმული, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს“.
რუსეთის პოლიტიკის პროფესორი ლონდონის სამეფო კოლეჯში სემ გრინი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ შერჩეული ადგილი მოსკოვისათვის სიმბოლურად სასარგებლო და სტიმულის მიმცემია, საერთაშორისო სამართლისათვის კი საშინელებას წარმოადგენს: „ალასკის სამიტი მოწოდებულია იმის დემონსტრირება მოახდინოს, რომ სუვერენული სახელმწიფოს საზღვრები შეიძლება მის დაუკითხავად შეიცვალოს, ხოლო მიწები შეიძლება შეისყიდონ და გაყიდონ. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს კრემლის პოპულარულ თვალსაზრისს, რომ ალასკა ისტორიულ რუსულ მიწა-წყალს წარმოადგენს, რომელიც, სამართლიანობის აღდგენის მიზნით, ნამდვილ მფლობელს აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს“.
რუსები უკრაინის ტერიტორიის ოკუპირებას ალასკასთან გარკვეულად აკავშირებენ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს საკვანძო განსხვავება: რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ თვითონ გამოიჩინა ინიციატივა ალასკის გაყიდვის თაობაზე, ვლადიმერ პუტინმა კი ძალით მიიტაცა უკრაინის ტერიტორია და უკანონოდ მიიერთა ყირიმი 2024 წელს, ასევე უკანონოდ გამოაცხადა რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი, ოთხი ოლქით.
დონალდ ტრამპს ყველასათვის დასანახად და გასაგონად ხშირად გამოუხატავს აღტაცება ვლადიმერ პუტინის მიმართ, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბოლო პერიოდში აშშ-ის პრეზიდენტი თავისი რუსი კოლეგის მოქმედებით უკმაყოფილო იყო: იგი რეგულარულად ამბობდა, რომ ვლადიმერ პუტინი ჯიუტობს და არ სურს დაუყონებლივ და ულაპარაკოდ შეწყვიტოს სისხლისმღვრელი ომი, რაც, უკრაინისა და მისი ევროპელი მოკავშირეების აზრით, ლეგიტიმური სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის აუცილებელ ნაბიჯს წარმოადგენს.
რუსი პოლიტოლოგები და ანალიტიკოსები კი, თავის მხრივ, ამტკიცებენ, რომ დონალდ ტრამპმა რამდენიმე თვის წინ პირველმა დაიწყო თავის არიდება ორი ლიდერის სავარაუდო შეხვედრიდან. გარდა ამისა, პუტინის პოზიცია მყარია და ომის სამი წლის განმავლობაში არ შეცვლილა (იგულისხმება უკრაინის დემილიტარიზაცია, პრორუსული რეჟიმის დამყარება, ქვეყნის ნეიტრალური ბლოკებსგარეშე სტატუსი და ოფიციალური უარი ნატოს წევრობაზე).
„დონალდ ტრამპს არასოდეს არ სურდა რუსეთთან კონფრონტაციის დაწყება, – ამბობს ტატიანა სტანევაია, ბერლინში არსებული კარნეგის ევრაზიული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, – იგი თვითონაც ღიად აცხადებდა, რომ ვლადიმერ პუტინს პოზიციას ვერანაირი სანქცია ვერ შეუცვლისო. ის, რომ ალასკაზე შეხვედრის ანონსი იმ დროს მოხდა, როცა 8-დღიანი ულტიმატუმის ვადა ჯერ ამოწურული არ იყო, იმას მიანიშნებს, რომ ამერიკის პრეზიდენტი ჯერ კიდევ ცდილობს თავის რუს კოლეგასთან მოლაპარაკებას“.
„ვაშინგტონ პოსტის“ რედაქციას ამ დღეებში ხელში ჩაუვარდა რუსი ყოფილი მაღალჩინოსნის ვრცელი კომენტარი (მან ანონიმად ყოფნა ისურვა), რომლის თანახმად, მოსკოვი დიდი ხანია მზად არის კომპრომისებისათვის და განზრახული აქვს საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტოს.
„პოლიტიკური თვალსაზრისით, კრემლისათვის ბევრად უფრო იოლია გააგრძელოს შეტევა უკრაინის სრულ დარღვევა-ჩამოშლამდე, ვიდრე ხელი მოაწეროს რაღაც სამშვიდობო შეთანხმებას, – ამბობს რუსი ჩინოვნიკი, – სწორედ ამიტომ კიევში სასოწარკვეთილად ეჭიდებიან ცეცხლის დროებითი შეწყვეტის ნებისმიერ შესაძლებლობას. ხაზს ვუსვამ – არა მუდმივს, არამედ დროებითს. და როცა ქვემეხები დადუმდებიან, ისინი სწრაფად მოახერხებენ მათთვის სასურველი შედეგების მქონე არჩევნების ჩატარებას“.
მოსკოვს არასოდეს არ დაუმალავს თავისი სურვილი – ტოტალური კონტროლი დაამყაროს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. ამისათვის კრემლს ჭირდება კიევში პრორუსული პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი დასვას. თვითონ უკრაინელებს კი დიამეტრალურად საწინააღმდეგო კურსის მხარდამჭერები არიან: ისინი თავიანთ ადგილს ევროკავშირში ხედავენ, თავისუფალი და დემოკრატიული მომავლის იმედით.
გასულ შაბათს, 9 აგვისტოს, უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლები ლონდონში ევროპელ ლიდერებს და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს ვენსს შეხვდნენ, რომლის შემდეგ ნატოს რამდენიმე წევრმა – დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ფინეთის, გერმანიის, იტალიის და პოლონეთის სახით, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს. მათი აზრით, უკრაინის ლიდერი მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა და მას დახმარება ჭირდება. ისინი ასევე ეთანხმებიან კიევის მოთხოვნას, რომ ალასკის სამიტის ლეგიტიმიზებისათვის აუცილებელია საომარი მოქმედებები შეწყდეს.
განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს – ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენიც შეუერთდა, ასევე ნათქვამია, რომ უკრაინაში საომარ მოქმედებებზე პასუხიმგებელია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი და ამიტომ დაუშვებელია მოსკოვს უფლება ჰქონდეს თვითნებურად შეცვალოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები.
ევროპელი ლიდერების საუბარი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ჯეიმს ვენსთან იმ დროს დაემთხვა, როცა ამერიკულ პრესაში აჟიოტაჟი იყო ატეხილი სტივ უოტკოფის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით. სწორედ ამ დროს გაჟღერდა ვლადიმერ პუტინის განცხადება, რომ კრემლი მზად არის თავისი არმიის წინსვლა შეჩეროს ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში. ეს განცხადება ამერიკულმა ისტებლიშმენტმა მოსკოვის უკანდახევად შეაფასა.
სინამდვილეში პუტინს არაფერი ისეთი არ უთქვამს, რომ უკანდახევად შეფასებულიყო: რუსეთმა წინადადება მისცა კიევს, რომ უარი თქვას დონბასზე, კრემლი კი სანაცვლოდ მხოლოდ ცეცხლს შეწყვეტს და სხვას არაფერს.
და რას ნიშნავს ტრამპის ნათქვამი, რომ სამიტის დროს „შეიძლება რაღაც ტერიტორია რაღაცაზე გაიცვალოს“?
როგორც რუსმა ინსაიდერებმა განუცხადეს „ვაშინგტონ პოსტს“ (ანონიმურობის დაცვით), ალასკის შეხვედრის დროს მოსკოვს არ აქვს განზრახული 2022 წელს დაკავებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ტერიტორიების დაბრუნება, ვინაიდან ისინი უზრუნველყოფენ სახმელეთო გზის უსაფრთხოებას – ყირიმის ნახევარკუნძულიდან დონბასამდე.
„კრემლი არასოდეს არ დათანხმდება იმ ტერიტორიების გაცვლას, რომელსაც მოსკოვი 2022 წლიდან აკონტროლებს. რუსეთის არმია უკან იოტის ოდენადაც არ დაიხევს“, – აცხადებს სერგეი მარკოვი, პროკრემლური ანალიტიკოსი. მისი თქმით, ერთადერთი კომპრომისი, რომელზეც რუსეთს შეუძლია წავიდეს, არის საომარი მოქმედებების შეჩერება ოდესისა და ხარკოვის ოლქების მიმართულებით, აგრეთვე ხერსონისა და ზაპოროჟიეს დაბომბვების შეწყვეტა, რომლებსაც უკრაინა აკონტროლებს.
ვოლოდიმირ ზელენსკი მტკიცედ და უკომპრომისოდ აცხადებს, რომ ტერიტორიების არანაირ გადაცემას ან გაცვლას არ აღიარებს, რომელიც უკრაინის მონაწილეობის გარეშე იქნება მიღებული – ასეთი ქმედება კონსტიტუციით არის აკრძალული.
გაუგებარია, შეიცავს თუ არა რუსეთის წინადადება რაიმე გარანტიებს იმისას, რომ კრემლი საომარ მოქმედებებს არ განაახლებს. მოსკოვი აქცენტს ძველებურად იმაზე აკეთებს, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა იყოს მიმართული იმ „სიღრმული მიზეზების“ აღმოფხვრისათვის, რომელმაც ომი გამოიწვია, ანუ ისევ და ისევ მხედველობაშია დემილიტარიზება, პრორუსული მთავრობა და უკრაინის ნეიტრალიტეტი, ნატოს გარეშე.
„როცა უკრაინა აცხადებს, რომ მას იმის გარანტია არ აქვს, რომ რუსეთის არმია ბრძოლებს არ განაახლებს, მაშინ არც ჩვენ არ გვაქვს იმის გარანტია, რომ კიევი ევროპელების დახმარებით ომს არ დაიწყებს“, – ამბობს სერგეი მარკოვი. მისი თქმით, ახლა სწორედ უკრაინა და მისი ევროპელი მოკავშირეები უშლიან ხელს დონალდ ტრამპის მიზნის მიღწევას – გახდეს მთავარი სამშვიდობო შუამავალი რუსეთ-უკირაინის ომში.
„რუსეთს იმედი აქვს, რომ დონალდ ტრამპი საბოლოოდ მიხვდება, რომ ამ უბედურებისა და სისხლისღვრის თავი და თავი, მთავარი მიზეზი მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკია, ხოლო მეორე მიზეზი – ევროპელი ლიდერების პოზიცია… ისინი დონალდ ტრამპის მტრები არიან“, – რეზიუმეს აკეთებს სერგეი მარკოვი, – „ვლადიმერ პუტინი კი დონალდ ტრამპის ისეთი ერთგული პოლიტიკური მეგობარია, რომლის მსგავსიც აშშ-ის პრეზიდენტს ძალიან ცოტა ჰყავს. ადრე თუ გვიან ამას ტრამპი გააცნობიერებს“.
მაგრამ როგორც საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების გერმანული ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე იანის კლუგე ამბობს, ვლადიმერ პუტინის წინადადებები თავისთავად კრემლის აგრესიული შემტევი კამპანიის ნაწილს წარმოადგენს: „ცეცხლის დროებითი შეწყვეტა ტერიტორიების შენარჩუნების მიზნით არავითარი კომპრომისი არ არის. პირიქით, ამით ვლადიმერ პუტინი უპირატესობას იღებს უკრაინისა და დასავლეთის მიმართ, გრძელვადიანი პერსპექტივით“.
მოამზადა – სიმონ კილაძემ