“მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა რუსეთთან უკრაინის “ტერიტორიების გაცვლა” გამოაცხადა, ევროპელი მოკავშირეები კიევის დაცვას ცდილობენ”-Financial Times

7
spot_img

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 10 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა რუსეთთან უკრაინის „ტერიტორიების გაცვლა“ გამოაცხადა, ევროპელი მოკავშირეები კიევის დაცვას ცდილობენ“ (ავტორები – ქრისტოფერ მილერი და ფაბრის დეპრე). „კიევი შეშფოთებულია ალასკის შეხვედრის მოსალოდნელი შედეგებით… ზელენსკის ადმინისტრაცია თეთრ სახლს აკრიტიკებს და ევროპელებს ერთიანი ანტიამერიკული პოზიციისაკენ აქეზებს“, – ასეთია მასალის დედააზრი.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ვოლოდიმირ ზელენსკი მთელი ძალებით ცდილობს ევროპა რუსეთის საწინააღმდეგოდ მიმართოს, რათა არ დაუშვას უკრაინის მიწების იურიდიულად გადაცემა კრემლის კონტროლქვეშ. კიევის აქტიური მოქმედების მიზეზი გახდა დონალდ ტრამპის ამასწინანდელი განცხადება, რომ მომავალ სამშვიდობო შეთანხმებაში შეტანილი იქნება მოსკოვთან რაღაც „ტერიტორიების გაცვლა“.
როგორც „ფაინენშელ თაიმსის“ ჟურნალისტებს უკრაინის ლიდერის გარემოცვიდან რამდენიმე წყარომ აცნობა, ვოლოდიმირ ზელენსკი ძალიან არის შეშფოთებული დონალდ ტრამპის პოზიციით, რომელიც ვლადიმერ პუტინის სურვილს გამოხატავს – არ იქნას დაშვებული უკრაინის პრეზიდენტი ალასკის სამიტზე..

თვით ის ფაქტი, რომ ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი უკრაინის ბედს დახურულ კარს მიღმა გადაწყვეტენ, კიევში სერიოზული ალიაქოთის გამომწვევი გახდა. პრეზიდენტის ოფისთან დაახლოებული მაღალჩინოსნების თქმით, გასულ შაბათს ვოლოდიმირ ზელენსკი იმდენად იყო შეშფოთებული, რომ სასწრაფოდ გაგზავნა ლონდონში დაგეგმილ მოკავშირეთა შეხვედრაზე უკრაინელი წარმომადგენლებიც.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია კიევისათვის ის ფაქტი, რომ ადრე უკრაინის საკითხები შედარებით უფრო დაბალი დონის მოლაპარაკებებზე განიხილებოდა, ახლა კი უმაღლესი დონის შეხვედრაზე, თანაც უკრაინის გარეშე. დონალდ ტრამპს, უკრაინის მრავალწლიანი კონფლიქტის სწრაფი გადაჭრის მიზნით, ვლადიმერ პუტინისათვის მნიშვნელოვანი ტერიტორიული დათმობების შეთავაზება შეუძლია. როგორც ჩანს, ლაპარაკი რაიმე გაცვლაზე კი არ იქნება, არამედ მხოლოდ დათმობაზე: სკეპტიკოსები უკვე საუბრობენ არამარტო ყირიმის ლეგიტიმიზაციაზე რუსეთის შემადგენლობაში, არამედ სხვა ტერიტორიულ დათმობებზეც – დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებზე.

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა 9 აგვისტოს მტკიცედ განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს არ აქვს არავითარი იურიდიული და პოლიტიკური უფლებამოსილება – უბრძანოს კიევს, რომ ტერიტორიები რუსეთს გადასცეს. დონალდ ტრამპმა რომც მოისურვოს გარიგების დადება, მან უნდა იცოდეს, რომ „არავის არ აქვს კანონიერი უფლება ჩვენი მიწის სხვაზე გადაცემა დაგვაძალოს“.

შაბათის საღამოს მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა დონალდ ტრამპის ნათქვამი, რომ რუსეთთან დასადები სამშვიდობო შეთანხმება „რაღაც ტერიტორიების გაცვლას“ ითვალისწინებს და ხაზი გაუსვა, რომ „უკრაინელები მშობლიურ მიწა-წყალს მტერს არ აჩუქებენ. უკრაინის ტერიტორიების საკითხზე პასუხი ქვეყნის კონსტიტუციაშია მოცემული და არავინ ამ დებულებას არ გადაუხვევს“.

რა თქვა პარასკევს დონალდ ტრამპმა? „რა თქმა უნდა, საკითხი მარტივი არ არის, ეს ძალიან რთულად გადასაწყვეტი პრობლემაა. ზოგადად გეტყვით, რომ ჩვენ რაღაცას დავუბრუნებთ უკრაინას და ასევე რაღაცას გადავცვლით ურთიერთსარგებლობის პრინციპით“, – ასე განაცხადა თეთრი სახლის მეთაურმა.

უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, ნებისმიერი მსგავსი დოკუმენტი უკრაინის პარლამენტში უნდა იქნას რატიფიცირებული. მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ ბევრმა დეპუტატმა „ფაინენშელ თაიმსის“ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ისინი ხმას არ მისცემენ იმ კანონპროექტს, რომელიც უკრაინის ტერიტორიის ნაწილის უცხო სახელმწიფოსადმი გადაცემას ითვალისწინებს და შესაბამისად, ანტიეროვნული და ანტიკოსტიტუციურია.

ევროპის დედაქალაქებში სურთ 15 აგვისტომდე დარწმუნდნენ იმაში, თუ რამდენად „ძლიერია“ დონალდ ტრამპის იდეა და სურვილი ვლადიმერ პუტინთან გარიგების დადების მიზნით. „ევროპელმა ლიდერებმა მკაფიოდ უნდა გააცნობიერონ, როგორი იქნება გარიგების შედეგები, თუ უკრაინა იძულებული გახდება დათანხმდეს ტერიტორიულ დათმობებს“, – განუცხადეს „ფაინენშელ თაიმსის“ ჟურნალისტებს ევროპარლამენტის ჩინოვნიკებმა საუბრის დროს.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში დღეს წარმოუდგენელი განხეთქილებაა უკრაინის საკითხზე, ბევრს ერთმანეთის საწინააღმდეგო თვალსაზრისები აქვთ. ხშირად კეთდება ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები როგორც სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსაგან, ასევე სპეცწარმომადგენელ სტივ უიტკოფისაგან და რაღა შორს წავიდეთ, თვით აშშ-ის პრეზიდენტის პირიდან.

უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა კონფიდენციალურად აცნობეს „ფაინენშელ თაიმსის“ რედაქციას, თუ რას ითვალისწინებს რუსეთის წინადადება ომის მშვიდობიანი დარეგულირების თაობაზე. საქმე ეხება ფრონტის ხაზის გაყინვას სამხრეთ-აღმოსავლეთის მონაკვეთზე იმ პირობით, რომ კიევი დაუყოვნებლივ გაიყვანს თავის ჯარებს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან, ანუ უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, იმ რაიონებიდან, რომელსაც ჯერ კიდევ კიევის ადმინისტრაცია აკონტროლებს. კრემლი ითხოვს, რომ უკრაინის არმია გავიდეს ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდანაც, თუმცა საოლქო ცენტრები კვლავ კიევის კონტროლქვეშ არის. დნეპროპეტროვსკისა და სუმის ოლქების ტერიტორიის ის ნაწილები, რომლებიც რუსეთს აქვს დაკავებული, სამომავლო განხილვის საგანი იქნება.

ბალტიის ქვეყნების ლიდერებმა მკაცრად გააკრიტიკეს ნებისმიერი მცდელობა, რომელიც უკრაინის ნების წინააღმდეგ იქნება მიმართული, მოსკოვისათვის მისი ტერიტორიის გადაცემის საკითხში. ისინი შიშობენ, რომ თუ ისე მოხდება, როგორც ვლადიმერ პუტინს აქვს გამიზნული და თუ მას დონალდ ტრამპიც მხარს დაუჭერს, მაშინ კრემლის არმიის შემდგომი სამიზნე უკვე ბალტიისპირეთის ქვეყნები გახდებიან. „თუ სახელმწიფოს საზღვრების ცვლილება ძალით შეიძლება, მაშინ არცერთი ქვეყანა არ იქნება უსაფრთხო პირობებში… სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა – ეს გლობალური სტაბილურობის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ წავაქეზებთ მსგავს აგრესიებს – არც უკრაინაში და არც სადმე“, – განაცხადა მარგუს წაჰკნამ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი ლატვიელი კოლეგის ბაიბა ბრაჟეს განცხადებით, „სამართლიანი, მტკიცე და ღირსეული მშვიდობა – ეს სწორედ ისაა, რაც ჩვენ გვსურს და რა თქმა უნდა, უპირველესად უკრაინელებს. ასეთი მშვიდობა ითვალისწინებს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას“.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უკრაინა დონბასის იმ ქალაქებს იცავდა და ამაგრებდა, რომლის გადაცემასაც ახლა რუსეთი ითხოვს. საქმე ეხება ორ მსხვილ ქალაქს – კრამატორსკს და სლავიანსკს, რომლებშიც 120 ათასი ადამიანი ცხოვრობს და რომლებსაც კიევი ჯერ კიდევ აკონტროლებს.

„თუ უკრაინა ტერიტორიას მოწინააღმდეგე მხარის ტოლფასი ნაბიჯების გარეშე დათმობს, მაშინ მოსკოვი უფრო მეტ ჩვენს მიწა-წყალს დაიპყრობს“, – წერს სოციალურ ქსელში უკრაინის არმიის ყოფილი ოფიცერი, ამჟამად კი ანალიტიკური ჯგუფის Frontelligence Insight-ის ხელმძღვანელი, – „მიიღებს რა ესოდენ მომგებიან პოზიციას, მოსკოვი დაუყოვნებლივ და სრულიად დაუსჯელად განაახლებს საბრძოლო მოქმედებებს მთელ ფრონტზე“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: