გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში დასრულდა ტრენინგი — „ღია პერიმეტრზე საძიებო-სამაშველო სწავლების პროგრამა”

10
spot_img

გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში დასრულდა ტრენინგი — „ღია პერიმეტრზე საძიებო-სამაშველო სწავლების პროგრამა”.

5 დღის განმავლობაში, თურქეთიდან სპეციალურად მოწვეული ინსტრუქტორები — იბრაჰიმ ნავრუზი, კონიის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის უფროსი და გამოცდილი სპეციალისტები: იუსუფ იოზელი, ერდემ იოზთეფე, ჰასან ჰუსეინ გიულთექინი და ჯელალეთთინ სიზირი — ორგანიზაციის „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” სპეციალურად შერჩეულ, სულ 29 კაციან გუნდს უტარებდნენ სხვადასხვა ტიპის საძიებო-სამაშველო თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას.

კურსის მსმენელებმა თეორიულად და პრაქტიკულად შეისწავლა კატასტროფებზე რეაგირებისთვის აუცილებელი ისეთი საკითხები, როგორიცაა რუკისა და GPS-ის გამოყენება , ძიების ტექნიკა , პირველი დახმარება , თოკის სისტემები , საკაცით ევაკუაცია. წვრთნების განმავლობაში წარმატებით განხორციელდა რელიეფზე ოპერაციული ამოცანებისთვის მზადება, ვერტიკალური და ჰორიზონტალური ევაკუაცია. ჩატარდა სცენარით განსაზღვრული ტაქტიკური წვრთნები.

პროგრამის დასრულების დღეს, გაიმართა საჩვენებელი სავარჯიშო — თოკებისა და სპეციალური სამაშველო სისტემების გამოყენებით მეხუთე სართულიდან დაშვების პრაქტიკული დემონსტრაცია, რომელსაც ესწრებოდა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) კოორდინატორი საქართველოში, ქალბატონი ზეინეფ ბაირაქი.

ამის შემდეგ, გაიმართა სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია, რომელშიც ქალბატონმა ზეინეფ ბაირაქმაც მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ პროექტი განხორციელდა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) მხარდაჭერითა და ორგანიზებით.

მოხალისეთა ორგანიზაცია გულითად მადლობას უხდის TİKA-ს როგორც ტრენინგის უზრუნველყოფისთვის, ასევე მნიშვნელოვანი საძიებო-სამაშველო ინვენტარისა და ეკიპირების გადმოცემისთვის, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ცენტრის განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში.