სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო. სახელმწიფო მინისტრი დაღუპული გმირების მშობლებსა და ოჯახების წევრებს ესაუბრა, გამოხატა თანაგრძნობა და მთავრობის სახელით მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
თეა ახვლედიანმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო გორშიც. სახელმწიფო მინისტრმა გორის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და ადგილობრივი ხელისუფლებისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, დაღუპულთა სულების მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო, რომელიც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა – მეუფე ანდრიამ აღავლინა.
„დღევანდელი დღე განსაკუთრებით დატვირთულია უდიდესი გულისტკივილით, რომლითაც ჩვენ ვიხსენებთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის იმ უმძიმეს დანაკარგს, რაც უკავშირდება 17 წლის წინ განხორციელებულ რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას და ჩვენი განუყოფელი ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის უკანონო ოკუპაციას. დღესაც, ტრადიციულად გორიდან მსურს განსაკუთრებული პატივი მივაგო ჩვენი სახელოვანი გმირების ხსოვნას, ნამდვილად სიმამაცით და სულიერი სიმტკიცით გამორჩეულ ჩვენს მამულიშვილებს, რომლებმაც რუსეთ-საქართველოს ომში თავი შესწირეს ქვეყნის ერთიანობის და ღირსების დაცვას; და მსურს თანაგრძნობა გამოვუცხადო მათ ოჯახებს. შეიარაღებული მოქმედებების და ჩვენი ქვეყნის ორ რეგიონში დღემდე მიმდინარე უკანონო ოკუპაციის თანმდევი უმძიმესი შედეგების დაძლევა ჩვენი ხელისუფლების მთავარ ამოცანად და გამოწვევად რჩება, რაც განსაკუთრებით დღეს, ცხადჰყოფს, რომ მშვიდობის დაცვას და მის განმტკიცებას ალტერნატივა არ გააჩნია! სწორედ ამ პრინციპის განუხრელი დაცვით, ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის განხორციელებით, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ვაგრძელებთ სამშვიდობო ძალისხმევას იმ მიზნითა და რწმენით, რომ აუცილებლად შევძლებთ ომით დროებით გაყოფილი ჩვენი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენას და შერიგებას და ხალხის გაერთიანებას ძლიერ, განვითარებულ და გამთლიანებულ საქართველოში,”- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.