“ტრამპს შეუძლია თავისი საგარეო პოლიტიკური გადატრიალების მოწყობა რუსეთთან მიმართებით, რომელიც ნიქსონისას ჰგავს ჩინეთთან დაკავშირებით”-The Daily Telegraph

25
spot_img

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) თავის დღევანდელ, 8 აგვისტოს ნომერში ბეჭდავს სტატიას სათაურით: „ტრამპს შეუძლია თავისი საგარეო პოლიტიკური გადატრიალების მოწყობა რუსეთთან მიმართებით, რომელიც ნიქსონისას ჰგავს ჩინეთთან დაკავშირებით“ (ავტორი – სმიუელ რამანი, პოლიტიკური მიმომხილველი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის ბოლოდროინდელი პოლიტიკა რუსეთისა და ჩინეთის მიმართ: რა სურს დონალდ ტრამპს ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობით?

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისეთი დიპლომატიური გარღვევის ზღურბლზე იმყოფება, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. მას შემდეგ, რაც აშშ-ის ლიდერის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უოტკოფი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდა, ტრამპმა ოპტიმიზმი გამოხატა მრავალწლიანი სისხლისღვრის შეჩერების მიმართ.

დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული მსხვილმასშტაბიანი გარიგება აშშ-ის ლიდერის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავიზიტო ბარათად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ იქნება თუ არა ის წარმატებული? პირველი სიგნალები აჩვენებენ, რომ ამერიკის ლიდერს წინ რთული ბრძოლა ელოდება. მართალია, რუსეთმა განაცხადა, რომ „სტივ უიტკოფის ვიზიტი კონსტრუქციული იყოო“, თვით ტრამპი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მისი დესპანის კრემლში ყოფნას [უკრაინისათვის] სერიოზული პოზიტიური შედეგები არ მოუტანია.

კრემლის თანაშემწემ იური უშაკოვმა მზადყოფნა გამოხატა პუტინ-ტრამპის შეხვედრის მიმართ, მაგრამ მან მხარი არ დაუჭირა აშშ-ის წინადადებას სამიტში ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობის თაობაზე.

რა ხდება ამჟამად ფრონტზე? რუსეთი ამ კვირაში, წინა პერიოდისაგან განსხვავებით, თავს იკავებდა დრონებითა და რაკეტებით კიევზე განხორციელებული მსხვილმასშტაბიანი დარტყმებისაგან, მაგრამ მისი საზაფხულო სახმელეთო შეტევა გრძელდება. რუსეთის ჯარები თანდათანობით წინ მიდიან, განსაკუთრებით დონბასში და რიგ ქალაქებს იღებენ.

ცეცხლის შეწყვეტის ჩარჩოებში ყველაზე საუკეთესო სცენარად რჩება დარტყმების შეწყვეტა ჰაერიდან, თუმცა ამგვარი დეესკალაციაც კი მაინც რუსეთის სასარგებლო იქნება: იმდენად, რამდენადაც უკრაინული დრონები წარმატებით მოქმედებენ მტრის ღრმა ზურგში და რუსეთის აეროპორტების მუშაობას აფერხებენ (რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული) და ცეცხლს უჩენენ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, კრემლისათვის მათი მოქმედების შეჩერება ერთგვარი სულის მოთქმა იქნებოდა: ამით შერბილდებოდა ის ზარალიც, რომელიც ამერიკამ რუსული ნავთობის გადამტან ტანკერებს დაადო და ის ზიანიც, რომელიც ინდოეთის მიმართ გამოცხადებულმა მეორადმა სანქციებმა შეიძლება გამოიწვიოს.

მიუხედავად მოსკოვთან დიდი უთანხმოებისა და იმ რისკისა, რომ შეიძლება დონალდ ტრამპი წაგებული აღმოჩნდეს, აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის იდეას ძველებურად მხარს უჭერს. დონალდ ტრამპის რიტორიკა ასახავს მის ერთგულებას ჰუმანური პრინციპების მიმართ იმდენად, რამდენადაც მას ამ სისხლისმღვრელი და უაზრო ომის შეჩერება სურს.

დონალდ ტრამპს კიდევ იმიტომ სურს ამ ომის შეჩერება, რომ ის მისი წინამორბედის, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს დაიწყო, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია მშვიდობის დასამყარებლად და თუ იგი ბაიდენის მიერ დაშვებულ შეცდომას გამოასწორებს, ამით თავის როგორც მშვიდობისმყოფელი პრეზიდენტის სახელს განადიდებს ამ სენტიმენტალური და საკმაოდ ეგოისტური მოსაზრებების გარდა, დონალდ ტრამპს აქვს აგრეთვე უკრაინის ომის შეჩერების გეოსტრატეგიული დასაბუთება. თეთრი სახლის ადმინისტრაციას სურს თავისი ყურადღება გადაიტანოს ჩინეთთან მზარდ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაზე. ვაშინგტონი ევროპაში მიმდინარე ომის შეჩერებასა და მშვიდობის დამყარებაში იმის წინაპირობებს ხედავს, რომ რუსეთი მისთვის პოტენციურად სასარგებლო პარტნიორი გახდება და ორივე ერთად გამოვლენ ჩინეთის შესაკავებლად.

იმის გამო, რომ ამერიკა რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერებით არის დაკავებული, დონალდ ტრამპი იძულებულია ფრთხილად იმოქმედოს ჩინეთთან გამოცხადებულ სავაჭრო ომში. მან გარკვეული დათმობები განახორციელა და უკან დაიხია ზოგიერთი პროდუქციით ვაჭრობის საკითხში. იგივეს მიანიშნებს ის საკმაოდ არაორდინალური ფაქტიც, რომელიც ტაივანის პრეზიდენტის ლაი ჩინდეს აშშ-ის ხელისუფლებამ ნიუ-იორკის აეროპორტით ტრანზიტის უფლება არ მისცა, რაც ხაზს უსვამს ტრამპის მიზანდასახულ მოქმედებას – თავი აარიდოს იმ ესკალაციის გამეორებას, რაც მისმა ნაბიჯებმა გამოიწვია რამდენიმე თვის წინათ.
დონალდ ტრამპის უახლოესი მოკავშირეები ცდილობდნენ ეს დათმობები წარმოესახათ როგორც ძალის დემონსტრაციის ერთგვარი გამოვლენა ჩინეთის მიმართ. დევიდ საქსი, პრეზიდენტის თანაშემწე ხელოვნური ინტელექტის საკითხებში ამტკიცებს, რომ თუ აშშ ჩინეთს სანქციებს შეარბილებს, მაშინ ჩინეთი ამერიკული სენსორების იმპორტზე დამოკიდებული გახდება და მისი კონკურენტუნარიანობა შემცირდება. და მაინც, არ ქრება იმის შეგრძნება, რომ ტრამპი ჩინეთს ამშვიდებს და როგორც ჩანს, მას უფრო მეტად სურს სი ძინპინთან შეხვედრა ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების დასადებად, ვიდრე სი ძინპინს ტრამპთან.

აშშ-ის ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება მას შესაძლებლობას მისცემს ჩინეთთან უფრო კონფრონტაციული, ხისტი პოზიცია დაიკავოს. სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ რუსეთ-უკრაინის ომის შეაფასა როგორც „სხვისი ხელებით მიმდინარე ომი რუსეთსა და აშშ-ს შორის“, ხოლო თავდაცვის მინისტრის მოადგილე ელბრიჯ კოლბი თვლის, რომ „სხვისი ხელებით მიმდინარე ეს ომი“ ძირს უთხრის აშშ-ს ძალისხმევას წინააღმდეგობა გაუწიოს ჩინეთის ჰეგემონიას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. გარდა ამისა, ევროკავშირის ჩართვა უკრაინისათვის იარაღით უზრუნველყოფის პროცესში გამოათავისუფლებს ფინანსურ რესურსებს ჩინური საფრთხის წინააღმდეგ, ხოლო ომის შეჩერება ამერიკას შესაძლებლობას მისცემს დაცარიელებული საწყობები იარაღით შეავსოს.
იმის კვალობაზე, რომ აშშ თავის თავდაცვით კურსს აზიისაკენ აძლიერებს, დონალდ ტრამპი რუსეთს გრძელვადიან პოტენციურ პარტნიორად განიხილავს. არგუმენტები „კისინჯერის შებრუნებითი პოლიტიკისათვის“ რუსეთის მიმართ (ანუ თუ ადრე, ჰენრი კისინჯერის სახელმწიფო მდივნობისას, აშშ ჩინეთს „ეფერებოდა“ – პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი 1972 წელს პეკინს ეწვია, ახლა პირიქით ხდება – აშშ რუსეთს „ეფერება“) დაფუძნებულია მოსკოვის ფარულ შიშზე – მთლად დამოკიდებული არ აღმოჩნდეს ჩინეთზე ეკონომიკურად და მსოფლიოს დიდი და ძლიერი სახელმწიფოს სტატუსი არ დაკარგოს. იმავდროულად, როცა რუსეთი მიესალმება ჩინეთთან „უსაზღვრო პარტნიორობას“ და სხვადასხვა ფორუმებზე მას მხარს უჭერს, კრემლს აღიზიანებს პეკინის მცდელობები სარგებელი მიიღოს ცენტრალურ აზიაში და კავკასიაში რუსეთის გავლენის შესუსტებით.
კრემლი იზიარებს დონალდ ტრამპის ხედვებს და აქტიურად ცდილობს მათ გამოყენებას თავის სასარგებლოდ: რუსი მთავარი მომლაპარაკებლის კირილ დმიტრიევის შეთავაზებები არქტიკაში თანამშრომლობაზე და იშვიათი მიწა ლითონების საბადოთა ერთობლივ დამუშავებაზე სრულიად შეესაბამება დონალდ ტრამპის მსოფლმხედველობას.
ის გეოსტრატეგიული შეხედულებები, რომლებიც დონალდ ტრამპის სამშვიდობო პოლიტიკას განაპირობებს უკრაინაში, ლოგიკურ შეცდომებს მოკლებული არ არიან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რუსი თავს ევროპელად თვლის და ევროპულ ქვეყნებთან სურს ურთიერთობა, რუსეთის საგარეო პოლიტიკა მტკიცედ არის დაკავშირებული როგორც კოლექტიურ დასავლეთთან, ისე აღმოსავლეთთან, რაც, თავის მხრივ, ხელს უშლის რუსეთის პარტნიორობას აშშ-სთან და ჩინეთთან. აზრს იმის შესახებ, რომ ტრამპს სურს რუსეთი უკრაინაში აგრესიის შეწყვეტისათვის „დააჯილდოოს“, შეიძლება ჩინეთი გააღიზიანოს…

დონალდ ტრამპის ეკონომიკური მუქარების და დიპლომატიური ზეწოლის ერთმანეთთან შეთავსება მის გეგმებს სრულიად შეესაბამება, რომლებიც დროის მიერ არის გამოცდილი და შეიძლება ათვლის წერტილად იქცეს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ახალი, ჩინეთზე ორიენტირებული (ჩინურ-ცენტრისტული) ეპოქისათვის.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: