
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე გადაწყვეტილება 6 აგვისტოს გამოცხადდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.
მზია ამაღლობელმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბის.
„ჩემი დაპატიმრების პირველი დღიდან ამ სასამართლო დარბაზში არაერთგზის მკაფიოდ დამიფიქსირებია, რომ პასუხისმგებლობას არ გავუბრივარ, განსხვავებით, ე.წ. დაზარალებული დგებუაძისგან. კანონში არსებობს ჩემი ქმედების – სილის გაწვნისთვის ადეკვატური მუხლი. არ გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ქალი ვარ. ნურც ჯანმრთელობის მდგომარეობას გაითვალისწინებთ. მტკიცებულებებიც საკმარისია.
ხშირად ვხედავ მარცხნივ საელჩოებს, ორგანიზაციებს, რომლებიც მედიისა და ჟურნალისტების უფლებებზე მუშაობენ. მათი აქ ყოფნა ჩემს პერსონალურ მხარდაჭერად არ აღმიქვამს. ისინი აქ ჩვენი მომავლის, ღირებულებების, ევროპული მომავლის, თავისუფალი სიტყვის მხარდასაჭერად არიან. მათი აქ ყოფნა ნიშნავს, რომ მარტო არ ვართ და დიქტატურისკენ მიმავალ რეჟიმთან ბრძოლაში გვერდით გვყვანან. მადლობა საქართველოს მეგობრებს.
მადლობა ჩემს კოლეგებს, ჟურნალისტებს. კრიტიკულ მედიაში მომუშავე ყველა პირს, სამოქალაქო სექტორს და თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც წინააღმდეგობის ჯგუფს წარმოადგენს.
ბოდიშიც მაქვს მოსახდელი. ჩემს ოჯახს, მეგობრებს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ გუნდს, მინდა, ვუთხრა, რომ ძალიან ვწუხვარ, ყველაზე რთულ და მნიშვნელოვან დროს თქვენთან რომ არ ვარ. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მინდა, იცოდეთ, რომ თავს გამარჯვებულად ვთვლი. არ გატყდეთ! მე თქვენი მჯერა. მჯერა იმის, როგორი მტრული და საფრთხის შემცველი გარემოც არ უნდა გქონდეთ, თქვენი ყველა ნაბიჯი იქნება ღირსეული, აზრის, სიტყვის თავისუფლების დაცვისკენ მიმართული. თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს! ჩვენ დამნაშავეები არ ვართ“, – განაცხადა მზია ამაღლობელმა.
ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად ბათუმის საქალაქო სასამართლოს გარე პერიმეტრზე შეკრებილი არიან ამაღლობელის კოლეგები, მეგობრები და მხარდამჭერები.
მზია ამაღლობელი სამართალდამცველებმა ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი ხელმეორედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.