2011 წლიდან „ქართული ოცნების“ მიერ არათუ რუსულ საკითხს და გადაწყვეტილებას, არამედ არაქართულ გადაწყვეტილებას ვერავინ გაიხსენებს -არჩილ გორდულაძე

15
spot_img

2011 წლიდან მოყოლებული დღემდე „ქართული ოცნების“ მიერ არათუ რუსულ საკითხს და გადაწყვეტილებას, არამედ არაქართულ გადაწყვეტილებას ვერავინ გაიხსენებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყოველგვარი დასაბუთების და საფუძვლის გარეშე, ადამიანებს იარლიყებს აწებებენ და შემდეგ ამ ადამიანებს თავის მართლებას სთხოვენ.

„ადამიანები და პოლიტიკური ძალა, რომელიც „დიფ სთეითის“ წისქვილზე წყალს არ ასხამს, აუცილებლად თავდასხმის ობიექტი ხდება და მასზე, „დიფ სთეითის“ დავალებით, რუსულის და რუსეთუმეს იარლიყის მიწებებას შეეცდებიან ხოლმე. იგივე იყო „ქართული ოცნების“ შემთხვევაში, 2011 წლიდან მოყოლებული დღემდე არათუ რუსულ საკითხს და გადაწყვეტილებას, არამედ არაქართულ გადაწყვეტილებას ვერავინ გაიხსენებს. სამაგიეროდ, ჩვენი ქვეყნის ავის მოსურნეების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები, მათ შორის, მიღებული იყო პარლამენტში მიმდინარე სესიის განმავლობაში. არა მხოლოდ საქართველოა თავდასხმის ობიექტი, არამედ ასეთი კამპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს. ყოველგვარი დასაბუთების და საფუძვლის გარეშე, ადამიანებს იარლიყებს აწებებენ და შემდეგ ამ ადამიანებს თავის მართლებას სთხოვენ. ჩვენ ვხედავთ, რომ, „დიფ სთეითის“ დავალებით, ამ ყველაფერს ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ ყოფილი პრეზიდენტი აღასრულებდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთაშორისო სკანდალია, სადაც უნდა გამოიკითხოს ყოფილი პრეზიდენტი და შესაძლებელია, სხვადასხვა პირის მიმართ პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.