თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება

28
spot_img

თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზეა დანიშნული.

ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

სახელმწიფო ბრალდების პოზიცია ცნობილია, პროკურატურა ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას – პატიმრობას მოითხოვს. უცნობია, რა პოზიცია ექნება დაცვის მხარეს.

ვლადიმერ ღუდუშაური დუმილის უფლებით სარგებლობს, ვასილ მხეიძე ბრალს არ აღიარებს, რაც შეეხება გიორგი ხაინდრავას, მისი პოზიცია ბრალთან დაკავშირებით უცნობია, ვინაიდან დაკავებულის ადვოკატი ჟურნალისტებთან არ კონტაქტობს.

თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს ბრალი ოფიციალურად დღეს წაუყენეს.

ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას.