,,შეიძლება ასობით საიდუმლო საბუთის დაკარგვის შესახებ ამ დროის მანძილზე არ სცოდნოდათ?”- სალუქვაძე

104
spot_img

სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის ბრალდების წარდგენას სოციალურ ქსელში აფასებს.

სალუქვაძის განმარტებით, ნაკლებად სავარაუდოა, ტრამპის აგარაკზე, მის მიერ თანამდებობის დატოვებიდან 2 წლის შემდეგ აღმოეჩინათ საიდუმლო დოკუმენტები და ბაიდენის ადმინისტრაციას მანამდე არაფერი სცოდნოდა. ექსპერტი ასევე პარალელს ავლებს სააკაშვილის საქმესთან და სვამს კითხვას, გადახედონ, თუ რა დანაშაულებს აარიდეს თავი მესამე პრეზიდენტმა და მისმა მაღალჩინოსნებმა კოჰაბიტაციის საშუალებით.

„ტრამპს 400 წელი ციხე ემუქრება. ბრალდება 38 პუნქტისგან შედგება. 400 წელი საიდუმლო საბუთების არასწორად შენახვის და სავარაუდო შპიონაჟის გამო. საიდუმლო საბუთს როცა შემომიტანდა გასაცნობად/სამუშაოდ საიდუმლო ნაწილის უფრისი, სანამ უკან არ დავუბრუნებდი, სახლში არ მიდიოდა. აშშ-ში როგორაა საიდუმლო საქმისწარმოება ორგანიზებული, არ ვიცი. ეჭვი მეპარება, რომ ბაიდენი მის მიერ წაკითხული საიდუმლო საბუთების შენახვაზე ზრუნავდეს. როგორც ამ თვეების მანძილზე გაირკვა, წინა ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებსაც უპოვეს „ბღუჯა-ბღუჯა“ საბუთები, ზოგს აგარაკზე, ზოგს ავტოფარეხში.

შეიძლება თანამდებობიდან წასვლიდან 2 წლის შემდეგ აღმოაჩინონ, რომ ათობით, შეიძლება ასობით (ტრამპის აგარაკზე ათობით მუყაოს ყუთი აჩვენეს) საიდუმლო საბუთის დაკარგვის შესახებ ამ დროის მანძილზე არ სცოდნოდათ? საიდუმლო საბუთებზე მკაცრი აღრიცხვა და კონტროლია. უზარმაზარი ადმინისტრაცია, პლუს სპეცსამსახურები… ხმაური ატყდა ძველი ადმინისტრაციის წასვლიდან 2 წლის შემდეგ. ერთდროულად აღმოუჩინეს ყოფილ პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს და ა.შ. ცალკე საკითხია კაპიტოლიუმის შტურმისთვის 900-ზე მეტი პირის გასამართლება და ძალიან დიდი სასჯელების გამოტანა. ჰოდა, იქნებ სააკაშვილის ბრალდებები უკეთ გადაიკითხონ და თქვან 6 წელი ხომ არ ეცოტავებათ? ასევე გადახედონ რა დანაშაულებს აარიდეს თავი სააკაშვილმა და მისმა მაღალჩინოსნებმა დასავლეთიდან თავსმოხვეული თანაცხოვრების (კოჰაბიტაციის) გამო?! ახლა მეორე სერიაა დაწყებული, დეპოლარიზაციის სახელით“, – წერს სალუქვაძე Facebook-ზე.