თურქული გაზეთ „ევრენსელში“ (Evrensel) დაბეჭდილია სტატია სათაურით: “მართლაც სურს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება? – ტრამპი ზელენსკით და პუტინით მანიპულირებას ცდილობს” (ავტორი – იუჯელ ოზდემირი).
პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგობრივი და არასტაბილური დამოკიდებულება რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ, რომელიც მისი პოზიციების ხშირ ცვლილებაში გამოიხატება.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპისათვის ჩვეულებრივ საქმედ იქცა ის, რომ იგი სასურველი შედეგების მიღწევას დიპლომატიური წესების გვერდის ავლით ცდილობს – ზოგიერთ ქვეყნებს და მათ ლიდერებს ემუქრება, ზოგს კი დასცინის და ამცირებს, შეურაცხყოფას აყენებს. და როცა აშშ-ის პრეზიდენტი ატყობს, რომ თავისი მიზნების შესრულება არ შეუძლია, იგი სწრაფად ცვლის თავის მიმართულებას 180 გრადუსით. ასეთი მოქმედების მაგალითები უამრავია და საკმაოდ გრძელი სიით დასტურდება.
ამ პრაგმატულ, იმპერიალისტურ და მერკანტილურ მიდგომას, რა თქმა უნდა, თავისი მიზეზები და შედეგები აქვს. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია უკრაინა, სადაც სამწლინახევრის განმავლობაში სისხლისმღვრელი ომი მძვინვარებს. დონალდ ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ რამდენიმე დღეში ვლადიმერ პუტინს ჯერ ტელეფონით ესაუბრა, შემდეგ ხელი შეუწყო დელეგაციებს შორის პირდაპირი შეხვედრების გამართვას, ე.წ. „მშვიდობის ატმოსფეროს“ შექმნით კუთხეში მიიმწყვდია უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ქვეყნის იშვიათი მიწა ლითონების საბადოთა 50% მიისაკუთრა.
წარმატებით მოთოკა რა „მშვიდობის დამყარების მუქარებით“ ვოლოდიმირ ზელენსკი, ახლა დონალდ ტრამპი ცდილობს „ომის მუქარით“ ვლადიმერ პუტინს უკან დაახევინოს. მიიღო რა თავისი კიევისაგან, აშშ-ის პრეზიდენტი 180 გრადუსით შებრუნდა და უკრაინისადმი სამხედრო დახმარება განაახლა, ხოლო გასულ კვირას, როგორც „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტი დევიდ იგნატიუსი წერს, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს ვოლოდიმირ ზელენსკი მოსკოვის დასაბომბად წააქეზა. მართალია, აშშ-ის პრეზიდენტმა უარყო ეს ინფორმაცია – „მოსკოვის დაბომბვისაკენ არ მომიწოდებიაო“, მაგრამ მისი პრაქტიკული მოქმედება რეალურად უბიძგებს უკრაინის ადმინისტრაციას საბრძოლო მოქმედებები გააგრძელოს. სხვათა შორის, დონალდ ტრამპის უარყოფის მიუხედავად, დევიდ იგნატიუსმა სხვა მომენტებიც გაამხილა კომპეტენტური წყაროებიდან: ტრამპს უთქვამს, რომ არამარტო მოსკოვი, „სანქტ-პეტერბურგიც შეგიძლიათ დაბომბოთო“. ამ ინფორმაციის გაჟონვა, როგორც ჩანს, განგებ მოხდა, ვლადიმერ პუტინისათვის სიგნალის სახით.
დონალდ ტრამპის შებრუნებამ ომისაკენ ყველაზე მეტად ევროპული ქვეყნები გაახარა, რომლებიც თავის დროზე რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან არ იყვნენ მიწვეულნი. ახლა, კი, როგორც გერმანული გაზეთი „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ წერს, ნატოს ევროპული წევრები და ევროკავშირის ქვეყნები აღტაცებულები არიან ვაშინგტონის პოლიტიკის შეცვლით კიევის მიმართ.
პოლიტიკის ასეთი ცვლილება სუფტა მერკანტილური მოსაზრებით საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ევროპის ქვეყნები მზად არიან იარაღი აშშ-სგან შეისყიდონ და შემდეგ უკრაინას აჩუქონ: გერმანია იყიდის ორ საზენიტო-სარაკეტი კომპლექსს „პეტრიოტს“, ხოლო ნორვეგია – ერთს და კიევს მისცემენ. თითოეულის ღირებულება ორიდან სამ მილიარდამდე დოლარს შეადგენს. ბუნებრივია, „პერტიოტების“ ფასს გერმანელი და ნორვეგიელი ხალხი საკუთარი ჯიბიდან გადაიხდის.
გერმანია, რომელიც ფრიდრიხ მერცის კანცლერობის დაწყებიდან სულ უფრო აქტიურად გამოდის უკრაინის მხარდასაჭერად და ომშიც ჩაბმასაც კი ცდილობს, ახლახან განაცხადა, რომ აშშ-საგან დამატებით შორი მოქმედების რადიუსის მქონე რაკეტის „ტაიფუნის“ შესყიდვასაც აპირებს, რომლის ფრენის მანძილი 2 ათას კილომეტრს აღწევს.
ამასთან, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინას შორი მოქმედების რაკეტებს, რუსეთისადმი დარტყმის მისაყენებლად, არ მიჰყიდის, მაგრამ რა აზრი აქვს ასეთი უარის თქმას, თუ აშშ გერმანიას მისცემს და ბერლინი, თავის მხრივ, კიევს გაუგზავნის?
როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი ისევ კლავს ორ კურდღელს ერთი გასროლით: ერთი მხრივ, იგი აწოდებს იარაღს ევროპას უკრაინისათვის მისაცემად და რუსეთთან ომის გასაგრძელებლად და მეორე მხრივ, ვლადიმერ პუტინს ემუქრება, მასზე ზეწოლას ახდენს ომის შესაწყვეტად. ანუ უკრაინამ და ევროპამ ომი უნდა გააგრძელონ, რუსეთმა კი უნდა შეწყვიტოს.
რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში დასავლეთი ნებისმიერ შემთხვევაში გაიმარჯვებს. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: სინამდვილეში მართლაც სურს თუ არა დონალდ ტრამპს ომის შეწყვეტა? უკრაინის კონფლიქტის ხარჯები ფაქტიურად ევროპის სახელმწიფოების, ანუ ევროპელი ხალხების კისერზე და ჯიბეზე გადადის, „ნაღებს“ კი ამერიკელები „ხდიან“. ამიტომაც სინამდვილეში ომის შეწყვეტა აშშ-სა და მისი ლიდერისათვის გადაუდებელ ამოცანას არ წარმოადგენს.
იმ ვარაუდით, რომ დონალდ ტრამპს შეუძლია თავისი პოზიცია ნებისმიერ მომენტში შეცვალოს, ევროპული ქვეყნები ერთმანეთთან „სტრატეგიულ ურთიერთობებს“ აღრმავებენ. გასულ კვირას საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს, რომელშიც სამხედრო კომპონენტიც შედის. ცოტა ხნის წინათ ბრიტანეთთან მსგავს დოკუმენტს ხელი მოაწერა გერმანიამაც.
დონალდ ტრამპის წინააღმდეგობრივი მოქმედება და მისი მერკანტილური ზრახვები ევროპის ქვეყნებს ერთმანეთთან აახლოებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ აშშ-სგან დამოუკიდებლად მოქმედება აქვთ გადაწყვეტილი. მათ სჭირდებათ ამერიკა ისევე, როგორც ამერიკას სჭირდება ისინი – გლობალური კონკურენციის პირობებში (ერთი მხრივ, აშშ და ევროპა და მეორე მხრივ, ჩინეთი-რუსეთი).
დონალდ ტრამპის მიერ ვლადიმერ პუტინისათვის წაყენებული 50-დღიანი ულტიმატუმი, რომლის უკან უკრაინისათვის იარაღის მიწოდება დგას და რომლითაც თეთრი სახლი კრემლზე ზეწოლას ცდილობს, შეიძლება უშედეგო გამოდგეს. ამ ვადის გასვლამდე – სექტემბრის დასაწყისამდე, კონკრეტულად კი აგვისტოში, როგორც ჩანს, ბევრი მოვლენა მოხდება და, ალბათ, არა უკრაინის სასიკეთოდ.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო:
Home T0P სიახლეები “მართლაც სურს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება? – ტრამპი ზელენსკით...