
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის განცხადებით, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც ნგრევა მოხდა, მყისიერად განხორციელდა მოქალაქეთა ევაკუაცია.
სირაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია დაღუპულთა შესახებ.
„შემოვიდა შეტყობინება ნგრევის ფაქტთან დაკავშირებით, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. მყისიერად ადგილზე გამოცხადდნენ როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, ასევე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები საპატრულო პოლიციასთან ერთად.
მყისიერად მოვახდინეთ შემთხვევის ადგილიდან მოქალაქეთა ევაკუაცია, აგრეთვე აღნიშნული კორპუსიდან გამოვიყვანეთ ყველა მოქალაქე უსაფრთხოდ. ამ ეტაპზე პერიმეტრი შემოსაზღვრულია და ვიცავთ უსაფრთხოებას.
რაც შეეხება ინფორმაციას გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ, დაზუსტებულად ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. მას შემდეგ, რაც დავაზუსტებთ სრულად ინფორმაციას, აუცილებლად მოგაწვდით. შესაძლოა, იყოს გარდაცვალების ფაქტი, უბრალოდ, რაოდენობასთან დაკავშირებით არ შემიძლია წინასწარ ინფორმაცია მოგაწოდოთ“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები.