“თუ გამოძიება ჩატარდება, რა თქმა უნდა, გიორგი გახარია არსად გაქცევას არ აპირებს” – თამარ კეკენაძე 

8
spot_img

“გიორგი გახარია არასდროს არ გაქცევია პასუხისმგებლობას არცერთ შემთხვევაში, როდესაც მისგან ითხოვდნენ პასუხებს – იქნებოდა ეს კომისია თუ სხვადასხვა ტიპის გამოძიება,” – ასე გამოეხმაურა პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი, თამარ კეკენაძე 20 ივნისის მოვლენებზე საგამოძიებო მოქმედებების დაწყებას.

მისივე თქმით, ამ გამოძიებას პოლიტიკური მოტივი აქვს.

“გიორგი გახარია ამ პასუხებისთვის მზად არის, იყო მზად, გასცა პასუხები და, შესაბამისად, თუ გამოძიება ჩატარდება, რა თქმა უნდა, გიორგი გახარია არსად გაქცევას არ აპირებს. დანარჩენი, ძალიან ნათელია ის პოლიტიკური მოტივი, რაც აქვს “ქართულ ოცნებას,” – აცხადებს კეკენაძე.

ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან მიღებული რეკომენდაციის შესრულება დაიწყო. ხელახალმა გამოძიებამ პასუხები უნდა გასცეს კითხვებს 6 წლის წინ მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით – რამდენად სწორად დაიგეგმა 20 ივნისს აქციის შეწყვეტის ოპერაცია და შეიძლებოდა თუ არა ზიანის შემცირება, ჰქონდა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი და ვინ არიან შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირები.