ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა კავკასიის უნივერსიტეტთან, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, ევროპის უნივერსიტეტსა და ახალ უმაღლეს სასწავლებელთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა

2
spot_img

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს განაგრძობს.

დღეს, მან, კიდევ 4 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელებს- კავკასიის უნივერსიტეტის რექტორს, კახაბერ შენგელიას, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს, კახაბერ კორძაიას, ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს, ნიკოლოზ ფარჯანაძესა და ახალი უმაღლესი სასწავლებლის- ,,ნიუუნის” რექტორს, თამარ გარდაფხაძეს უმასპინძლა.

კობა კობალაძემ სტუმრებს წარუდგინა პრეზენტაცია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციის განვითარების დინამიკაზე; სამსახურის ბენეფიციართა სოციალური, ეკონომიკური, ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად და საზოგადოებაში ვეტერანთა მეტად ინტეგრაციისა და მათი ინტელექტუალური და ფიზიკური რესურსის მიზნობრივად გამოყენებისთვის, სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებზე, სამომავლო გეგმებსა და ამოცანებზე. მან ხაზი გაუსვა მომავალი თაობების განათლების მნიშვნელობას და მოტივირებული, შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი, პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული ახალგაზრდობის როლს ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობაში.

სტუმრებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ სრულად იზიარებენ სოციალურ პასუხისმგებლობას საზოგადოების დამსახურებული და ღვაწლმოსილი ნაწილის _ვეტერანების წინაშე და მიესალმებიან სამსახურის გადაწყვეტილებას ვეტერანთა და მათი შვილების უმაღლესი განათლების (ბაკალავრიატის) 50%-ით დაფინანსების შესახებ. მათ თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს და შეთანხმდნენ ერთობლივი პროექტების შემუშავებაზე, რაც წარმატებული სტუდენტების წახალისებას და მათთვის მოტივაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრის დასასრულ, მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.

ინფორმაციისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, ჯანდაცვის, შშმ ვეტერანთა დახმარების, სოციალური უზრუნველყოფისა და სხვა პროგრამებთან ერთად, 2023 წლიდან მოქმედებს ვეტერანებისა და მათი შვილების უმაღლესი განათლების (ბაკალავრიატის) 50%-ით დაფინანსების პროგრამა, რომლის ამოქმედებიდან დღემდე, 5000-მდე სტუდენტმა-ვეტერანის შვილმა და ხუთმა თავად ვეტერანმა ისარგებლა;

დღევანდელი შეხვედრისა და უნივერსიტეტებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების მიზანი გახლდათ, სწავლის დაფინანსების პროგრამის უფრო ეფექტიანი და მოქნილი განხორციელებისათვის უნივერსიტეტებსა და სამსახურს შორის ინფორმაციის მიმოცვლის პროცესის გაუმჯობესება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოსადგენად სტუდენტებზე არსებული ტვირთის შემსუბუქება.

მემორანდუმებით, ასევე, გათვალისწინებულია ურთიერთობის გაღრმავება და თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სფეროში, ვეტერანებისა და მათი ოჯახების ინტერესების მხარდასაჭერად.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ამ მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმებას გეგმავს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთანაც.