ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

6
spot_img

ევროპარლამენტმა შესწორებებით დაამტკიცა საქართველოს შესახებ რეზოლუცია, რომელიც 2023 და 2024 წლებში ევროკომისიის ანგარიშებს ეხება. დოკუმენტს 490-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 147 წინააღმდეგი იყო, 49 ევროპარლამენტარმა თავი შეიკავა.

დოკუმენტის თანახმად, „ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პოზიციას, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით, რომელიც უნდა ჩატარდეს მომდევნო რამდენიმე თვეში გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით და კეთილსინდისიერი საერთაშორისო და დამოუკიდებელი ადგილობრივი დამკვირვებლების მონიტორინგით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჭეშმარიტად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც ასახავს ხალხის ნამდვილ ნებას“.

რეზოლუციაში ვკითხულობთ: „ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ არ ცნობს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, რომელიც „ქართული ოცნების“ პარტიამ 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოაყალიბა და საქართველოს „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური რეჟიმის მიერ მიტაცებულ სახელმწიფოდ მიიჩნევს“.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „ერთპარტიული პარლამენტისა და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარების პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს, ვიდრე საქართველოს პოლიტიკური კურსის ხელშესახები ცვლილება არ მოხდება და ახალი თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება“.

რეზოლუცია „მოუწოდებს ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებსა და პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრებისგან, ამჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტით დაწყებული; კვლავ აღიარებს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად“.

ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასევე ვკითხულობთ: „2025 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნები კიდევ ერთ გამოცდას წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მდგრადობისთვის; მოუწოდებს ოპოზიციას, გამოიყენოს ამ არჩევნებით შექმნილი შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სასარგებლოდ, როგორც უკვე ნაჩვენები იყო საპარლამენტო არჩევნების მანიპულაციებისა და რეპრესიების წინააღმდეგ მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე; მოუწოდებს, რომ მუნიციპალური არჩევნები ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით და კეთილსინდისიერი საერთაშორისო დამკვირვებლების მონიტორინგით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნამდვილად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი“.

გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, „რეზოლუცია ხაზს უსვამს საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის დაუყოვნებლივი და ყოვლისმომცველი აუდიტის საჭიროებას, მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლის და სულ უფრო რეპრესიული პოლიტიკური და საკანონმდებლო გარემოს გათვალისწინებით, რაც წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიული მიღწევებისა და  ევროკავშირის წარმატებული რეფორმების კუთხით რეგრესს, ფუნდამენტურად ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და კიდევ უფრო აძლიერებს ძალაუფლებას მმართველი პარტიის ხელში; ამასთან დაკავშირებით, მოუწოდებს ევროკომისიას, გადახედოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელებას მე-2 მუხლში გათვალისწინებული ზოგადი პრინციპების, კერძოდ, დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის შესახებ საქართველოს ვალდებულებების აშკარა დარღვევის გათვალისწინებით; კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ამ ვალდებულებების შეუსრულებლობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და ასოცირების შეთანხმებით მინიჭებული პრივილეგიების პირობებზე დაფუძნებული შეჩერება“.

რეზოლუცია „მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციების დაწესებისკენ და მოუწოდებს ევროკავშირს სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობით, გაყინოს მისი ფინანსური აქტივები; გმობს უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების მიერ საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე  პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ საბჭოს გადაწყვეტილებების შეფერხებას; გმობს უნგრეთის მთავრობის ცალმხრივ ქმედებებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციას ისახავს მიზნად“.

სხვა საკითხებთან ერთად, რეზოლუცია ასევე მოიცავს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას.

„ევროპარლამენტი კატეგორიულად იმეორებს მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ, რათა მან საჭირო სამედიცინო მკურნალობა მიიღოს საზღვარგარეთ; ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ანგარიშვალდებული უნდა იყოს ნებისმიერი ზიანისთვის, რომელიც მას მიადგება; გარდა ამისა, მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ევროპარლამენტის წევრებს მიხეილ სააკაშვილთან შეუფერხებელი წვდომა მიეცეთ“, – აღნიშნულია რეზოლუციაში, რომლის პროექტიც გუშინ გამოქვეყნდა.

8 ივლისს გამოქვეყნებულ რეზოლუციის პროექტში რამდენიმე შესწორება შევიდა. ერთ-ერთი შესწორება ეხება მზია ამაღლობელს. კერძოდ, ამაღლობელთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტში შევიდა შემდეგი შესწორება: „საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, მოეხსნას ყველა ბრალდება და მხედველობის გაუარესების გამო მიეცეს მკურნალობის საშუალება“.

ამასთან, ევროდეპუტატმა დანილო დელა ვალემ მოითხოვა, რეზოლუციის პროექტიდან ამოღებული ყოფილიყო პუნქტი სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაციის შესახებ, თუმცა ეს შესწორება ვერ გავიდა. გარდა ამისა, რეზოლუციაში შევიდა ოპოზიციური პარტიების იმ წარმომადგენელთა ჩამონათვალი, რომლებიც დაკავებული არიან.