რასა იუკნევიჩიენე ტყუილს ტყუილზე წერს და ცარიელი დარბაზის პირობებში საკუთარ თავს უყვება, ამ ტყუილებს არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური ფასი არ აქვს -დავით მათიკაშვილი

3
spot_img

რასა იუკნევიჩიენეს ინიცირებულმა რეზოლუციის პროექტმა კოლეგა ევროპარლამენტარების მხრიდან მიიღო საკმაოდ დიდი კრიტიკა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რასა იუკნევიჩიენეს რეზოლუცია გაჯერებულია ტყუილებით.

„სამარცხვინოა ის, რაც იხილა საზოგადოებამ ევროპარლამენტის დარბაზში, პრაქტიკულად ცარიელ დარბაზში საკუთარ თავს ესაუბრებოდა ამ პროექტის ავტორი, ინიციატორი ქალბატონი რასა და ტექსტის შინაარსში იყო იმდენად აბსურდული წიაღსვლები, იმდენად მოწყვეტილი რეალობას და აშკარა გამოკვეთილი სურვილი, რომ ტყუილი სიმართლედ შეასაღოს საზოგადოებას რომ იქვე იმავე დარბაზში ვერ გაუძლო კრიტიკას ამ რეზოლუციის პროექტმა. კოლეგა ევროპარლამენტარების მხრიდან მიიღო საკმაოდ დიდი კრიტიკა ამ კონკრეტულმა რეზოლუციის პროექტმა და მხარდაჭერა საქართველოს, ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. ძალიან მარტივია, როდესაც დამნაშავე ადამიანს, ადამიანს რომელიც არის ბრალდებული უამრავ დანაშაულში და მათ შორის არამხოლოდ საქართველოს სასამართლოების არამედ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, მიხეილ სააკაშვილზე მაქვს საუბარი, კიდევ ასე ჯიუტად ცდილობენ ეს ადამიანი დემოკრატიის შუქურად შეასაღონ საზოგადოებას. როდესაც ცხადზე ცხადია და მარტივია იმის ახსნა, აღქმა და გააზრება რომ საქართველოში არანაირი პოლიტიკური ნიშნით დევნა არ ხდება და ყველა ის პირი რომელმაც პრაქტიკულად საკუთარი გადაწყვეტილებით, თავისი ფეხით შეაღო ციხის კარები და შევიდა, რადგან კონსტიტუციური ორგანოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა, ამ ადამიანების გასაღება ხდება პოლიტპატიმრად. სალომე ზურაბიშვილი რომელსაც დიდი ხანია გაუვიდა პოლიტიკური ყავლი და არის პოლიტიკურად სრულიად ამორტიზებული არანაირი კანონი, კონსტიტუცია, სამართალი, ნორმატიული აქტიც კი ვერ იცავს და არ იცავს იმას რომ ის კიდევ რაიმე ფორმით ლეგიტიმურ პრეზიდენტად იყოს წარმოდგენილი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მისი თქმით, რასა იუკნევიჩიენეს „ტყუილებს“ არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური ფასი არ აქვს.

„ამ ყველაფერზე ტყუილს ტყუილზე წერს ქალბატონი რასა და ამ ყველაფერს ცარიელი დარბაზის პირობებში საკუთარ თავს უყვება, ამას ხომ არანაირი ღირებულება არ გააჩნია. არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური ფასი ამ ტყუილებს ვერ ექნება და ვერც გამოადგებათ ამ ტყუილებით გაჯერებული რეზოლუცია იმ მიზნისათვის, რაც რეალურად აქვთ; ესაა ზეწოლა და ძალმომრეობა ქართველ ხალხზე. ქართველი ხალხი შანტაჟს არ ემორჩილება. ეს ძალიან კარგად, ზუსტად და ხაზგასმით უთხრეს რასას და მათ მხარდამჭერებს მათივე კოლეგა ევროპარლამენტარებმა, სადაც ცალსახად იყო ყველაფერი, ძალიან ნათლად წარმოდგენილი, ის თუ რას აკეთებს, როგორ ცდილობს ევროპარლამენტარების გარკვეული ნაწილი ევროსკეპტიციზმი გააჩინოს ჩვენს საზოგადოებაში და ამით აზიანებს ევროკავშირისა და ევროპარლამენტის იმიჯს ჩვენს მოქალაქეებში“, – განაცხადა მათიკაშვილმა.