არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ ოპონენტებზე დევნა გრძელდება, ვერანაირი მსგავსი ქმედება, ვერ აგვაღებინებს ხელს პოლიტიკურ ბრძოლაზე -“ლელო – ძლიერი საქართველო”

8
spot_img

არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ ოპონენტებზე დევნა გრძელდება და როგორც ჩანს, „ლელო – ძლიერი საქართველო“ განსაკუთრებული სამიზნეა, – ამის შესახებ პარტიის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ყოველ ჯერზე, როდესაც ხელისუფლება შეეცდება პოლიტიკურ დევნასა და დაშინებას, ამას ბრძოლის გაძლიერებით უპასუხებენ.

„არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ ოპონენტებზე დევნა გრძელდება და როგორც ჩანს, „ლელო – ძლიერი საქართველო“ განსაკუთრებული სამიზნეა, რადგან დღეს ჩვენი კოალიციის ერთდროულად სამი წარმომადგენელი – კომუნიკაციების ხელმძღვანელი ლევან ჯორბენაძე, გენერალური მდივნის მოადგილე ოთარ ფარულავა და ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ბექა ბერიძიშვილი დააკავეს.

ჩვენ, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკური გუნდი ვაცხადებთ, რომ ვერანაირი მსგავსი ქმედება, ვერ აგვაღებინებს ხელს იმ პოლიტიკურ ბრძოლაზე, რომელიც გამოცხადებული გვაქვს რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.

არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც შესულია ჩიხში, მოქცეულია სრულ იზოლაციაში და უკვე შიდაკლანური დაპირისპირების მწვავე ფაზაშია, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ დღეს დაშინებით, ძალადობით და დევნით შეაჩერებს ქართველი ხალხის წინააღმდეგობას.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე როდესაც დააპატიმრეს, ჩვენ ვთქვით, რომ ვერაფერი შეგვაშინებს, ვერაფერი აგვაღებინებს ხელს ამ ბრძოლაზე და დღესაც იგივე გზავნილი გვაქვს, როგორც ივანიშვილისა და მისი ხელისუფლებისთვის, ასევე ჩვენი თანაპარტიელებისა და საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რომელიც აგრძელებს ბრძოლას თავისუფალი ქვეყნისთვის, სადაც ვეღარავინ გათელავს ფეხქვეშ ჩვენს უფლებებს.

ეს ბრძოლა არ შეჩერდება არცერთი წუთით და ყოველ ჯერზე, როდესაც გამალებული ძალით ხელისუფლება შეეცდება ჩვენს შევიწროებას, პოლიტიკურ დევნასა და  დაშინებას, ჩვენ ამას ვუპასუხებთ მხოლოდ ბრძოლის გაძლიერებით და შეტევით რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩვენ დავასრულებთ ამ ქვეყანაში რუსული ხელისუფლების თარეშს და იმ უსამართლობას, რომელიც შეეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.