ავთო მეგრელიშვილი – მომღერალი, რომლის კარიერაც 2 ათეულ წელზე მეტს ითვლის, ანსამბლ ,,შავნაბადას“ გამორჩეული წევრია. მუსიკის სიყვარული, მის ცხოვრებაში, ბავშვობას უკავშირდება. მუსიკალური ოჯახის პატარა წევრი, პირველად ბებიამ მიიყვანა საბავშვო ანსამბლში. იმ დროისთვის, ეს გახლდათ ,,მართვე“, რომელსაც ცნობილი ლოტბარი და ფოლკლორისტი ანზორ ერქომაიშვილი ხელმძღვანელობდა.
გთავაზობთ ინტერვიუს ავთო მეგრელიშვილთან:
- – ფაქტობრივად, ,,მართვემ“ გადაწყვიტა ჩემი მომავალი ქართულ სიმღერასთან მჭიდრო ურთიერთობაში. სწორედ ,,მართვეში“ გავიცანი ჩემი მომავალი ანსამბლის – ,,შავნაბადა“ წევრები და 2005 წელს დათო ცინცაძის ინიციატივით შევიკრიბეთ და საკონცერტო სამზადისიც დავიწყეთ. ჯერ რეპერტუარი შევადგინეთ და აქტიური რეპეტიციების შემდეგ, კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ფართო აუდიტორიის წინაშეც წარვსდექით.
- – ალბათ მაშინ ძალიან ახალგაზრდები იყავით, როგორი იყო თქვენი სამუშაო პროცესი?
- – კი, ძალიან პატარები ვიყავით, 20-22 წლისები. ჩვენი ხელმძღვანელი, – დათო ცინცაძე, 20 წლის იყო, თუმცა, დისციპლინური პრობლემები ამის გამო არ გვქონია, ერთმანეთის პატივისცემითა და აზრების გაცვლა-გამოცვლით, მარტივად ვთანხმედებოდით როგორც რეპერტუარის შერჩევაზე, ასევე, იმაზეც, ვის რა როლი უნდა ჰქონოდა ანსამბლის წინსვლაში. ყველას ჩვენ-ჩვენი ფუნქცია დაგვეკისრა. ერთია, შექმნა შემოქმედებითი პროცესი და მეორე – აწარმოო მარკეტინგი. საჭირო იყო ფორმების შეკერვაც. ხალხურს სიმღერას როცა ასრულებ, ჩოხა აუცილებლად უნდა გეცვას, მაყურებლის წინაშე მოწესრიგებულად და ლამაზად უნდა წარსდგე. ამიტომ, ყველამ გადავინაწილეთ ფუნქციები, ვის რა საქმეები უნდა მოგვეგვარებინა.
- – შემდეგ იყო პირველი ალბომიც, ხომ?..
- – კი, პირველი სოლო კონცერტის შემდეგ, მალევე აუდიო ალბომი გამოვეცით, სადაც 10 ზე მეტი სიმღერა შევიდა. მალევე დაიგეგმა პირველი გასტროლიც. ქართველი მსემენელის წინაშე წარდგომის შემდეგ, დადგა დრო, უცხოელი აუდიტორიის წინაშეც წარდვდგარიყავით! ეს კიდევ უფრო სხვა გამოწვევა იყო: შენს ქვეყანაში ბევრი შინაური გისმენს, მის კულტურას ასრულებ და ეს ჰანგები ყველა შემთხვევაში ემოციის მომგვრელია, მაგრამ უცხოელს რომ შენი ფოლკლორით თავს მოაწონებს და მეტიც – შეაყვარებ, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია!
- – რეპერტუარს როგორ და საიდან არჩევდით?
- – რეპერტუარს ძირითადად ექსპედიციებიდან ვარჩევდით, ფაქტობრივად, შემოვლილი გვაქვს მთელი საქართველოს კუთხეები და ადგილობრივი შემსრულებლებისგან ვიწერდით ძველ სიმღერებს, შემდეგ ჩვენებურ ელფერს ვძენდით და რეპერტუარშიც შეგვქონდა.
- – როგორც ვიცი, ანსამბლ ,,შავნაბადას“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებიც აქვს განხორციელებული…
- – კი, ნამდვილად ასეა. დაახლოებით 15 წლის წინ წამოვიწყეთ სალოტბარო სკოლების შექმნა რაიონებში, სკოლები გავხსენით გურიაში, ქართლსა და კახეთში. ამ სკოლებმა ძალიან დიდი საქმე გააკეთეს მომავალი თაობის ფოლკლორული გზით განვითარებაში. ასევე, გამოვეცით საგალობლების სასწავლო სანოტო და აუდიო კრებულები, რომლებიც ძალიან დაეხმარა როგორც მოქმედ, ასევე დამწყებ მგალობლებს.
- – და ბოლოს, გკითხავთ პედაგოგიურ მოღვაწეობაზეც. ვიცი, რომ ,,შავნაბადას“ სტუდიის პედაგოგიც ხარ.
- – კი, ეს ყველაზე დიდი საქმეა, რაც აქამდე მიკეთებია. მოზარდებთან ურთიერთობა ყველაზე საინტერესო და სასიამოვნო პროცესია. თან ვიხსენებ იმ პერიოდს, როცა მე თავად ვიყავი მათი თანატოლი და ,,მართვეში“ მაზიარებდნენ ქართულ ხალხურ მუსიკას. ასეთ ანსამბლებში ბავშვები არამარტო სიმღერას, არამედ უამრავ უნარ-ჩვევას იყალიბებენ. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ჩვენ, ანსამბლ ,,შავნაბადას“ წევრები ჩვენი სტუდიის სახით უდიდეს საქმეს ვემსახურებით. როცა საკუთარ კულტურას ახალ თაობას უზიარებ, შენი მისია გარკვეულწილად შესრულებულია. არაფერია იმაზე მეტად საამაყო, როცა წლების შემდეგ შენს გაზრდილ მომღერალთან ერთად მაყურებლის წინაშე გამოდიხარ და სიმღერას ასრულებ.
- – საამაყოდ გასახსენებელი ალბათ ის უამრავი გასტროლი და ფესტივალიც გაქვთ, სადაც 20 წლის მანძილზე ყოფილხართ…
- – კი, ნამდვილად ასეა. 20 წლის მანძილზე მსოფლიოს უამრავი ქვეყანა, შემიძლია თამამად ვთქვა ტრიუმფით მოვიარეთ. მონაწილეობა მივიღეთ ძალიან სერიოზულ ფესტივალებზე. 2017 წელს კი ,,შავნაბადამ“ ევროპის საბჭოს დარბაზი – მსოფლიო დემოკრატიის ფორუმის გახსნა. ეს ემოცია არასოდეს დამავიწყდება, ამდენი დელეგატის გაცისკროვნებული სახე და ემოციებით სავსე აპლოდისმენტი. ვფიქრობ, ასეთი ემოციური წუთები კიდევ ბევრი გველის წინ.