თუ ღაზას სექტორში ზავი შენარჩუნდება, ეს დონალდ ტრამპის ნამდვილი საგარეოპოლიტიკური ტრიუმფი იქნება – The Daily Telegraph

12
spot_img

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „თუ ღაზას სექტორში ზავი შენარჩუნდება, ეს დონალდ ტრამპის ნამდვილი საგარეოპოლიტიკური ტრიუმფი იქნება“ (ავტორი – სემუელ რამანი). პუბლიკაციაში განხილულია ახლო აღმოსავლეთში (ღაზას სექტორში) მშვიდობის დამყარების პერსპექტივა.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპი პრეზიდენტ-მშვიდობისმყფლის რეპუტაციას იმტკიცებს: მას შემდეგ, რაც ხელი შეუწყო ცეცხლის შეწყვეტას ისრაელ-ირანს შორის და განახორციელა კონგო-რუანდის კონფლიქტის დეესკალაცია, აშშ-ის პრეზიდენტმა მზერა ისრაელ-„ჰამასის“ ომს მიაპყრო.

თავის პოსტში, რომელიც პრეზიდენტმა Truth Social-ში გამოქვეყნა, განაცხადა, რომ ირაელი დათანხმდა ცეცხლის 60-დრიან შეწყვეტაზე ღაზას სექტორში და „ჰამასს“ მოუწოდა, რომ დაეთანხმოს გარიგებას, რადგან მეტი უკეთესი შეთავაზება აღარ იქნება.

ძლიერი სიტყვებია, მაგრამ რამდენად არის გამართლებული დონალდ ტრამპის ოპტიმიზმი ღაზას სექტორში მშვიდობის დამყარებაზე?

რასაკვირველია, დღეს რომ „ჰამასი“ ადრინდელზე ბევრად მოწყვლადია და რომ მისი მთავარი სპონსორი ირანი დასუსტებულია, ეს ყველაფერი დონალდ ტრამპს ხელს აძლევს. ამ პოზიტიურ პროგნოზს ისიც ემატება, რომ ისრაელის საზოგადოებრივი აზრის მშვიდობისაკენ არის მიმართული. მართალია, ჯერ-ჯერობით მშვიდობის მხარდამჭერთა რაოდენობა საკმაოდ ჩამოუვარდება კონფრონტაციის მომხრეთა რიცხვს, მაგრამ აშკარაა, რომ ღაზას სექტორის გრძელვადიანი ოკუპაციის პოპულარობა მკვეთრად დაეცა

მაგრამ პოზიტიური ტენდენციის მიუხედავად, ისტორია აჩვენებს, რომ პესიმისტური გაწყობისათვის მიზეზები მაინც არსებობს. დაზავების ბოლო ორი შეთანხმება (2023 წლის ნოემბერში და 2025 წლის იანვარში) დაირღვა და სწრაფად გადაიზარდა უფრო მაღალი ინტენსივობის კონფლიქტში. ბევრი ის ფაქტორთაგანი, რომელთა გამოც აღნიშნული დაზავებები დაირღვა, დღესაც არსებობენ და ხელს უშლიან ცეცხლის სტაბილურ შეწყვეტას.

ყველაზე დიდი დაბრკოლება მშვიდობის დამყარების გზაზე ისაა, რომ შენარჩუნებულია „ჰამასის“ გავლენა ღაზას სექტორში. მართალია, ისრაელმა გაანადგურა „ჰამასის“ ლიდერები იაჰია სინვარი, მოჰამედ დეიფი, ისმაილ ხანია და მუჰამედ ალისუ, მაგრამ, ამის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დამშვიდებული მაინც არ არის, სანამ „ჰამასის“ ყველა მეტ-ნაკლებად ცნობად ფიგურას „თავზე სკალპს არ მოაცლის“. მას თავისი საბოლოო მიზნებისათვის ჯერ არ მოუღწევია და შესაბამისად, უკიდურესად მემარჯვენე პარტნიორების მხარდაჭერით ღაზას სექტორში ომს აგრძელებს.

მიმდინარე კვირის დასაწყისში ისრაელის ფინანსთა მინისტრმა ბეცალელ სმოტრიჩმა განაცხადა, რომ ღაზაში ომი უახლოეს პერსპექტივაში არ დასრულდება და რომ პრემიერ-მინისტრი მზად არ არის მშვიდობის ინიციატივით გამოვიდეს. კიდევ ერთი ებრაელი რადიკალი – ეროვნული უშიშროების მინისტრი ითამარ ბენ-გვირი ასევე წინააღმდეგია, რომ სამშვიდობო შეთანხმება დაიდოს.

ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარს უჭერს თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაციც, რომელსაც სურს, რომ ისრაელის სამხედრო ქვედანაყოფები ღაზას სექტორში დარჩნენ, რათა ებრაელთა დასახლებების დასაცავად ერთგვარი ბუფერული ზონა იყოს უზრუნველყოფილი.

ცხადია, ასეთი პირობები „ჰამასს“ არ აწყობს და მას შეუძლია ცეცხლის შეწყვეტაზე უარი თქვას. ამით, ბუნებრივია შემცირდება პერსპექტივა დარჩენილი 50 ებრაელი მძევლის გათავისუფლებაზე. არც იემენელი ჰუსიტები მოისვენებენ და თავიანთ დესტრუქციულ მოქმედებას გააგრძელებენ, ისრაელის წინააღმდეგ.

მოკლედ, დონალდ ტრამპის გულწრფელი დაინტერესება ღაზას სექტორში ომის შეწყვეტის მიზნით უდაოდ მისასალმებელია და ქებას იმსახურებს, მაგრამ პრობლემის მოსაგვარებლად ზოგჯერ მხოლოდ კეთილგანზრახულობა საკმარისი არ რის.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ