2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა მივიღე პარტია „საქართველოსთვის“ სიით. მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე დაიწყო მსჯელობა, ჩვენი პოლიტიკური გზები გაიყო და განსხვავებული ხედვები ჩამოყალიბდა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ყოფილი წევრი, ელგუჯა ხოკრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ელგუჯა ხოკრიშვილი აღნიშნავს, კატეგორიული წინააღმდეგია რომელიმე ოპოზიციური პარტიის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის.
„ვერ ვხედავ რეალურ პოლიტიკურ შედეგს ამ პროცესში ჩართვით, გარდა რეჟიმის ნორმალიზაციისა. ერთადერთი გზა ამ ტიპის რეჟიმის იზოლირებისთვის არის აქტიური ბოიკოტი და სამოქალაქო პროტესტის გაფართოება, შიდა და გარე ზეწოლა, ქუჩის პროტესტი, საერთაშორისო სანქციები და პოლიტიკური დელეგიტიმაცია. ქვეყანაში პოლიტიკური დევნა უკვე მასობრივ ფაზაში გადავიდა. ოპოზიციური ლიდერების დაჭერები, მედიის ტერორი და სამოქალაქო აქტივისტების დევნა რუსული წესრიგის ანალოგი გახდა. რუსეთის გავლენა საქართველოში აღარ არის ფარული. ის აშკარად იგრძნობა კანონებში, რეპრესიებში, პროპაგანდაში და საერთაშორისო ურთიერთობების სრულ კრახში. ამ პირობებში არავის აქვს უფლება, კომფორტის ზონაში დარჩეს. ქვეყანას გეოპოლიტიკურად რუსეთი იწოვს, პოლიტიკური ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ციხეშია. ეს არის ბრძოლა თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დასავლური არჩევანის დასაცავად. ამ ბრძოლაში ნეიტრალიტეტი უკვე პოზიციაა. თუ სისტემა არ ჩამოიშლება, არცერთ პოლიტიკურ ქმედებას, მათ შორის ფსევდო არჩევნებში მონაწილეობას, არ აქვს აზრი. ბრძოლა ბოლომდე ქვეყნის შიგნით და გარეთ. ვისაც რა შეგვიძლია, ვის ქვეყნის შიგნით და ვის ქვეყნის გარეთ, ეს ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ რეჟიმის ჩამოშლამდე“, – წერს ელგუჯა ხოკრიშვილი.
შეგახსენებთ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გიორგი გახარიას განცხადების საფუძველზე პარტიის რვა წევრის საარჩევნო რეგისტრაცია გააუქმა და პარტიული სიიდან ჩახსნა.
კერძოდ, ცესკომ გააუქმა „გახარია საქართველოსთვის“ მიერ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის პარტიული სიით წარდგენილი პარლამენტის წევრობის შემდეგი კანდიტატების საარჩევნო რეგისტრაცია: ელგუჯა ხოკრიშვილის, კახა ნურალიძის, ვახტანგ ფაჩულიას, ერეკლე დუმბაძის, გოჩა ტყეშელაშვილის, კოკა კობალაძის, ნიკოლოზ ამირხანაშვილის, ოთარ შალიკიანის.
პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ განმარტეს, რომ პარტიულ სიაში გადაადგილება თვითმმართველობის არჩევნებთანაა დაკავშირებული.
„ჩვენ პირველივე დღიდან ვამბობთ, რომ ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის. შესაბამისად, პარტიულ სიაში გადაადგილებაც დაკავშირებულია თვითმმართველობის არჩევნებთან. ნაწილი – თბილისში, ნაწილი – ქუთაისში და სხვა ქალაქებში იქნებიან პარტიის მაჟორიტარი კანდიდატები“, – განაცხადეს პარტიაში.