,,ეუთომ ვერ შეძლო საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის თავიდან აცილება” – ნიკოლოზ სამხარაძე

14
spot_img

საქართველო ეუთოს ძალიან აქტიური წევრია და ეუთოს საქართველოში დიდი პატივისცემა აქვს. ამ აბსურდული განცხადებებით, რომელთაც ვკითხულობთ დამატებით პუნქტში, ეუთო დაკარგავს სანდოობას ქართულ საზოგადოებაში, რადგან აქ წარმოდგენილი განცხადებები საჭიროებს მტკიცებულებებს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოში გამართული დებატებისას.

აღნიშნულით მან უპასუხა პოლონეთის დელეგაციის წარმომადგენლის განცხადებას, რომ ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და რომ საქართველოს ხელისუფლება იყენებს ყველა შესაძლო ზომას, რათა მოახდინოს ძალაუფლების კონსოლიდირება, იღებენ რა ახალ კანონს უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ, ტელევიზიის, რადიოსა და გრანტების შესახებ.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, რა აზრი აქვს სადამკვირვებლო მისიების არსებობას, თუკი ასამბლეის ზოგიერთი წევრი მაინც ეჭვქვეშ დააყენებს მას პირადი პოლიტიკური ინტერესების და იმის გამო, რომ არ მოეწონათ არჩევნების შედეგები და თან მეგობრები ჰყავთ ოპოზიციურ პარტიებში.

„ვფიქრობ, ეს დამატებითი პუნქტი წარუმატებელია მრავალი კუთხით. დაგიკონკრეტებთ ჩვენს არგუმენტებს. პირველ რიგში – პირველივე წინადადება არ შეესაბამება ეუთო/ოდირის 26 ოქტომბრის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს. ამგვარად, პირველი ორი წინადადება, ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის ანგარიშის მიგნებებს. შესაბამისად, მსურს ვკითხო ამ დამატებითი პუნქტის მთავარ სპონსორს, რატომ ცდილობს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის სანდოობისთვის ძირის გამოთხრას? რა აზრი აქვს სადამკვირვებლო მისიების არსებობას, თუკი ასამბლეის ზოგიერთი წევრი მაინც ეჭვქვეშ დააყენებს მას პირადი პოლიტიკური ინტერესების და იმის გამო, რომ არ მოეწონათ არჩევნების შედეგები და თან მეგობრები ჰყავთ ოპოზიციურ პარტიებში.

მეორე: ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველო ეუთოს ძალიან აქტიური წევრია და ეუთოს საქართველოში დიდი პატივისცემა აქვს. ამ აბსურდული განცხადებებით, რომელთაც ვკითხულობთ დამატებით პუნქტში, ეუთო დაკარგავს სანდოობას ქართულ საზოგადოებაში, რადგან აქ წარმოდგენილი განცხადებები საჭიროებს მტკიცებულებებს. ბოლო ნაწილი, რომელიც რუსეთის ფედერაციას შეეხება, ამბობს, რომ საგანგაშოა რუსეთის ფედერაციასთან კავშირების გაძლიერება. ვფიქრობ, ამ ასამბლეის წევრთა უმრავლესობამ იცის, რომ საქართველო ამ ასამბლეაში, უკრაინის გარდა, ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და არც პოლიტიკური კონტაქტები, რადგან საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რა სახის კავშირების გაძლიერებაზეა საუბარი?

ვფიქრობ, მთავარმა სპონსორმა უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, თუ რა კავშირების გაძლიერებაზე საუბრობს. საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას რაც შეეხება. ამ ორგანიზაციაში 57 სახელმწიფოა და მათი უმრავლესობა არ არის ევროკავშირის წევრი. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება წარმოადგენს საკითხს, რომელიც განიხილება საქართველოსა და ევროკავშირს შორის და ეუთოს ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერი ეთქმის. ეს არის საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილება და ევროკავშირის სუვერენული გადაწყვეტილება, ამიტომ ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ რაღაცები. ეს თემა სცდება ეუთოს უფლებამოსილებას. დაბოლოს, რაც შეეხება ტელევიზიასა და რადიოს კანონს, არ ვიცი ამაში რა იგულისხმება, საქართველოში ასეთი კანონი არ გვაქვს. ასევე, არ ვიცი რას ნიშნავს გრანტების კანონი, რადგან არც ასეთი კანონი გვაქვს საქართველოში. ასე რომ ფაქტობრივი შეცდომებია დაშვებული. მოხარული ვიქნები მოვისმინო, რომელ კანონებზეა საუბარი, არის თუ არა ისინი ანტიდემოკრატიული ან არაკონსტიტუციური და რა დებულებებია ამ კანონებში. არ შეიძლება რომ მტკიცებულებების გარეშე ვისროდეთ რაღაც განცხადებებს. იმედი მაქვს, კომიტეტი გაითვალისწინებს ამ არგუმენტებს“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.