
ერთადერთი გამოსავალი შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამხობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ახლა მნიშვნელოვანია ერთობა, რომელიც უნდა გადაიზარდოს დიდ მობილიზებაში.
ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ძალას უნდა დაუპირისპირონ ძალა.
„ბიძინა ივანიშვილს მუდმივად განვიხილავთ ხოლმე, რომ იქნება, ნორმალური ადამიანის მსგავსია და იქნებ, ამას არ გააკეთებს ახლა, ამდენს როგორ დაიჭერს, კაცო? არ დაიჭერს – იჭერს. ყველა დღე, ყველა საათი ველოდებით, ვის დაიჭერენ, ვის გამოუტანენ განაჩენს. ქალბატონებს აკავებენ, 19 წლის ბავშვებს ციხეში უშვებენ, პოლიტიკოსებს აკავებენ. ამ ყველაფრის შემდეგ აქედან ერთადერთი გამოსავალი შეიძლება იყოს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამხობა. მოვუწოდებ მთელ საქართველოს, პოლიტიკურ სპექტრს, ვინც გარეთ ვრჩებით ჯერჯერობით, ვისაც ციხეში უწევს ყოფნა, სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს, გარდა ერთობისა და ეს ერთობა უნდა გადაიზარდოს შემდეგ დიდ მობილიზებაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 4 ოქტომბერს ისინი აპირებენ სპექტაკლის, არჩევნების ჩატარებას, პარალელურად, პოლიტიკოსები ციხეში, სამოქალაქო აქტივისტები ციხეში, ახალგაზრდები ციხეში, ტყვეობაში უნდა იყვნენ. არ უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა. 4 ოქტომბერი არის ბუნებრივი დედლაინი, როცა 100 ათასობით საქართველოს მოქალაქე უნდა გამოვიდეს ქუჩაში და ძალაუფლება დაიბრუნოს ხალხმა.
ბიძინა ივანიშვილს დამხობის გარეშე, მისი ტაბლოთი ხელში, მისი სუს-ით, მისი შინაგან საქმეთა სამინისტროთი, ვერ მოვერევით. ის არ ჩაატარებს ამ ქვეყანაში არჩევნებს, მან უკვე გააუქმა არჩევნები ამ ქვეყანაში, გაუქმებულია პოლიტიკა, გაუქმებულია დემოკრატია. ეს ბანერები, პარტიები გაუქმებულია. ძვირფასებო, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელ ბანერზე დადგება, ვინ რა განცხადებას გააკეთებს, ერთადერთი შესაძლებლობა გვაქვს, ბიძინა ივანიშვილს ეშინია ძალის. ის ხომ ძალით გვერევა, დასჭირდება გვიჭერს, დასჭირდება გვარბევს, დასჭირდება სასტიკად გვისწორდება. ამიტომ, ეს ადამიანი ერთადერთ შემთხვევაში დაიხევს უკან, თუ დავახევინებთ. და დახევა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ძალას დავუპირისპირებთ ძალას. ამიტომ ბიძინა ივანიშვილს დამხობის გარეშე ვერ დავამარცხებთ. კიდევ გავიმეორებ, რამდენჯერაც შესაძლებლობა მექნება. ეროვნული, სახალხო მობილიზება უნდა მოხდეს, ბუნებრივი დედლაინი გვაქვს 4 ოქტომბერს. მანამდე თუ მოხდება, კიდევ უკეთესი, თუმცა ეს ბუნებრივი დედლაინია, ივანიშვილის დამხობის გარეშე არაფერი არ გამოვა. სოლიდარობა ყველა ამ ადამიანს, ვისაც უკანონოდ ციხეში უშვებენ, მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა. თქვენ ხომ იცით, რომ ბევრ რამეში გვქონდა განსხვავებული პოზიცია. ცხადია, სოლიდარული ვარ ამ ადამაინების, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, უკანონოდ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, უბრალოდ ბიძინას ასე ეხუშტურება, გადაწყვიტა და უნდა გაუშვას ეს ადამიანი ტყვეობაში“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.