“თუ პრეზიდენტი თავის წინამორბედთა მოქმედებას გადახედავს, მიხვდება, რა მოხდება ახლა, როცა მან ახლო აღმოსავლეთში ირანისადმი სამხედრო დარტყმის მიყენების ბრძანება გასცა”-The Independent

23
spot_img

ბრიტანულმა გაზეთმა „ინდეფენდენთმა“ (The Independent) გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „დონალდ ტრამპმა, ირანთან პოტენციური ომის გამო, თავისი პრეზიდენტობა სასწორზე დადო“ (ავტორი – ერიკ გარსია). „თუ პრეზიდენტი თავის წინამორბედთა მოქმედებას გადახედავს, მიხვდება, რა მოხდება ახლა, როცა მან ახლო აღმოსავლეთში ირანისადმი სამხედრო დარტყმის მიყენების ბრძანება გასცა“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

მას შემდეგ, რაც ლინდონ ბეინს ჯონსონმა პრეზიდენტის პოსტი დატოვა, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 1973 წლის დასაწყისში, ერთ-ერთი ინტერვიუს დროს მან დაიჩივლა, რომ ვიეტნამის ომმა მთელი მისი პრეზიდენტობის პერიოდი „ჩაყლაპა“. ლინდონ ჯონსონი აშშ-ის 36-ე პრეზიდენტი იყო 1963-1969 წლებში, ხოლო ვიეტნამის ომი ფაქტიურად დაიწყო 1964 წელს ტონკინის ყურეში მომხდარი ინციდენტებით, რომელშიც აშშ-ის გემები მონაწილეობდნენ.

„ომის მსხვერპლი გახდა ის, რომელიც მე ძალიან მიყვარდა – „დიდი საზოგადოება“. მე დავიწყე მისი შექმნა, მაგრამ ომის გამო იძულებული გავხდი გავჩერებულიყავი“, – თქვა მან. „დიდ საზოგადოებაში“ იგულისხმებოდა ამერიკაში სიღარიბის დაძლევა, სახელმწიფო დაზღვევის შემოღება გაჭირვებული ოჯახების ჯანდაცვის დასაცავად, რეფორმების გატარება განათლების სფეროში, რასობრივი უსამართლობის დაძლევა და ა.შ.

დემოკრატმა ლინდონ ჯონსონმა ბევრი რამის გაკეთება მოასწრო არჩევიდან ერთი წლის განმავლობაში, სანამ იგი ჩრდილოეთ ვიეტნამის მასიური დაბობვის ბრძანებას გასცემდა 1965 წლის 2 მარტს და ამით კონფლიქტის ესკალაციას მოახდენდა. როგორც კი ომი დაიწყო, ამერიკელებისათვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა იმას, რომ ჯონსონმა მათ ჯონ კენედის მკვლელობით გამოწვეული შოკი გადაატანინა, რომ მან ხელი მოაწერა კანონებს სამოქალაქო და საარჩევნო სამართალში… ამერიკელებმა დაივიწყეს პრეზიდენტის მიერ მიღებული სიღარიბის დაძლევისა და ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამები.
ლინდონ ჯონსონის გადაწყვეტილება ვიეტნამის ომის ესკალაციის თაობაზე საქმე იქამდე მიიყვანა, რომ სკანდირება „ეი-ეი, ელ-ბი-ჯეი, რამდენია მსხვერპლი დღეის“ – თაობიდან თაობას გადაეცემოდა.

ჯონსონთან ურთიერთობა გაწყვიტა მარტინ ლუთერ კინგმაც, რომელიც დიდად აფასებდა სამოქალაქო უფლებების დაცვაში პრეზიდენტის მიღწევებს.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, შესაძლოა ამჟამად ვერ აცნობიერებს, მაგრამ მან იგივე გააკეთა, რაც ლინდონ ჯონსონმა. აშკარად დასამარდა მისი პროგრამა აშშ-ის ბიუჯეტის თაობაზე, რომელსაც იგი „ერთ დიდ და მშვენიერ“ კანონს (One Big, Beautiful Bill – OBBB) უწოდებდა და რომელიც ამერიკელების კეთილდღეობის გაუმჯობესებას ითვალისწინებდა.

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება ირანის ტერიტორიაზე არსებული ბირთვული ობიექტების დაბომბვის თაობაზე.
დაივიწყეთ, რომ დონალდ ტრამპს ურთიერთობა გაუფუჭდა ილონ მასკთან და მის იდეებთან მთავრობის ეფექტური საქმიანობის თაობაზე. დაივიწყეთ, რომ დონალდ ტრამპი შურისძიებით დაემუქრა მის მიმართ მტრულად განწყობილ იურიდიულ კომპანიებს. დაივიწყეთ მისი კონფრონტაცია DEL-თან („თანასწორობა, მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა“) და ტრანსგენდერებთან… თუ 6 იანვრის მოვლენები მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის განმსაზღვრელი სიმბოლო გახდა, მეორე ვადაში მან ხელი მოაწერა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის „გარდაცვალების“ ნეკროლოგს.
დონალდ ტრამპთან პარალელი შეიძლება გატარდეს კიდევ ამერიკელ პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით: 1916 წელს ვუდრო ვილსონი მეორე ვადით არჩევის დროს მისი მომხრეები გამოდიოდნენ ლოზუნგით „მან ომისაგან გვიხსნა“, რათა ხაზი გაესვათ იმისთვის, რომ მან ქვეყანას თავიდან ააცილა პირველ მსოფლიო ომში ჩართვა, თუმცა მისი ინაუგურაციიდან რამდენიმე თვის შემდეგ აშშ პირველ მსოფლიო ომში ჩაება.

დონალდ ტრამპი ქადაგებდა, რომ ის იქნებოდა პირველი პრეზიდენტი, რომელიც თავისი უფლებამოსილების ვადებში ომს არ დაიწყებდა. გასულ წელს თავის ერთ-ერთ ბოლო საარჩევნო ღონისძიებაზე მიჩიგანის შტატში, მან ამერიკელ მუსლიმებს, რომლებსაც კამალა ჰარისი და ჯო ბაიდენი სძულდათ ისრაელის მხარდაჭერის გამო, ღაზას სექტორში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების ფონზე, ასე მიმართა: „იცოდეთ, თუ კამალა გაიმარჯვებს, ჩვენ მხოლოდ სიკვდილი და ნგრევა გველოდება – იმიტომ, რომ იგი უსასრულო ომების მხარდამჭერია. მე მშვიდობის დამცველი კანდიდატი ვარ, უფრო ზუსტად კი – მე თვითონ ვარ მშვიდობა. მე მინდა, რომ ყოველმა ამერიკელმა მუსლიმანმა მხარი დამიჭიროს“.

მუსლიმანებმა და არაბი ეროვნების ამერიკელმა ამომრჩევლებმა დონალდ ტრამპი გულუხვად დააჯილდოვეს – თავიანთი ხმები რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს მისცეს. ახლა კი ტრამპი მთლიანად მხარს უჭერს ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ირანი ერთ ნაბიჯზეა ბირთვული იარაღის შექმნისგანო. ისრაელის პრემიერს არც ჯო ბაიდენი უჯერებდა და არც კამალა ჰარისი.

რა თქმა უნდა, სინამდვილეში დონალდ ტრამპმა მშვენივრად იცის, თუ რამდენად დიდი ტვირთია ომი ქვეყნისათვის. მან, უბრალოდ, კარგად გაითვალისწინა ის, რაც ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს მოხდა: ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გამოყვანის შემდეგ ჯო ბაიდენის რეიტინგი მკვეთრად დაეცა. დონალდ ტრამპმა ამ ფაქტისაგან სენსაცია შექმნა და გასულ წელს, მილუოკში ჩატარებულ რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე იმ სამხედრო მოსამსახურეების მშობლები მიიწვია, რომლებიც ჯარების გამოყვანის დროს დაიღუპნენ.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ბენიამინ ნეთანიაჰუსადმი მხარდაჭერის შესახებ ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს. ათი წლის წინათ, ამ თვეში, როცა დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტის პოსტზე ბალოტირებისათვის, მან ბარაკ ობამა გააკრიტიკა ირანთან ბირთვული მოლაპარაკების გამო და განაცხადა, რომ „თუ იგი [ბარაკ ობამა] ხელს მოაწერს შეთანხმებას, ისრაელის სახელმწიფო დიდხანს ვერ იარსებებს. ეს კატასტროფაა და ჩვენ ისრაელი უნდა დავიცვათ“.
2018 წელს დონალდ ტრამპი გამოვიდა ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმებიდან და თეირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. დონალდ ტრამპმა ბრძანება გასცა ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციის თაობაზე. მართალია, დონალდ ტრამპი პარალელურად ცდილობდა ირანთან დაახლოებასაც, თუმცა ახლა ნათელია, რომ ძალისხმევა განუხორციელებელი აღმოჩნდა.

მიუხედავად დონალდ ტრამპის განცხადებისა, რომ მას სურს მშვიდობის დამცველი პრეზიდენტი იყოს, მას ამიერიდან დაიმახსოვრებენ ისეთ პრეზიდენტად, რომელმაც ბრძანება გასცა ირანის დაბომბვის თაობაზე ისე, რომ თეირანს ამისათვის პირდაპირი პროვოკაცია არ ჩაუდენია. მივა თუ არა საქმე იქამდე, რომ აშშ და მისი მოკავშირეები პირდაპირ ჩაებმებიან ომში თუ არა, ტრამპმა კარი გახსნა აშშ-ის მონაწილეობისათვის ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში – იმ კონფლიქტში, რომელსაც იგი ესოდენ დაბეჯითებით აკრიტიკებდა პრეზიდენტად არჩევამდე.

კაცმა რომ თქვას, დონალდ ტრამპის მოქმედებაში მართლაც არაფერია გასაკვირი. როგორ მოიქცნენ მისი რესპუბლიკელი თანაპარტიელები – მისი წინამორბედები, მამა-შვილი ჯორჯ ბუშები? ჯორჯ ბუშ-უფროსს ამჟამად იხსენებენ როგორც კომპეტენტურ პრეზიდენტად სპარსეთის ყურის ომის დროს, ქუვეითის დამცველად, საგარეო პოლიტიკის ოსტატად, ხოლო მის შვილს, ჯორჯ ბუშ უმცროსს – 2003 წელს ანტიერაყული ომის წამომწყებად, რომელმაც მის პრეზიდენტობას ლაქა დაასვა.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ირანის დარტყმის თაობაზე, რასაკვირველია, ვაკუუმში არ იქნება. სენატის რესპუბლიკელმა ლიდერმა ჯონ ტუნმა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა პრეზიდენტის მხარი დაუჭირეს, თუმცა მათ მშვენივრად ესმით, რომ საკანონმდებლო გადაწყვეტილების მიღება ამ მიზნით საკმაოდ ძნელი იქნება – მაგალითად, ფულის გამოყოფა ომისათვის, ისრაელის მხარდაჭერისათვის და ა.შ.

ალბათ, გაჭიანურდება „ერთი დიდი და მშვენიერი კანონის“ მიღებაც. უფრო მეტიც, არამარტო კონგრესში, არამედ საზოგადოებაშიც კანონს მტრები გაუჩნდება.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტრამპს გარანტირებული აქვს წარუმატებელი და უიღბლო პრეზიდენტად დამახსოვრება, თუმცა მისი რეიტინგი ეცემა ისეთი კურსის გატარების დროსაც კი, როგორიცაა უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა, რომელსაც ამერიკელები მხარს უჭერენ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: