
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინის საკითხი აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში უკრაინის მონაწილეობის გარეშე არ უნდა განიხილებოდეს. მან ამის შესახებ ტელეარხ „Newsmax“-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკიმ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებს „ძალიან თბილ დიალოგი“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას არ აქვს უფლება, აშშ-ს უთხრას, თუ როგორ აწარმოოს დიალოგი რუსეთთან.
„ვფიქრობ, რომ პუტინს არ სურს ომის დასრულება და, საბოლოოდ, ის ტრამპს მოატყუებს. თქვენც ნახავთ ამას, ყველა, მთელი მსოფლიო დაინახავს ამას. ის ასეთი ადამიანია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ დასძინა, რომ არასწორად მიიჩნევს ასეთ მოლაპარაკებებში უკრაინის საკითხის განხილვას უკრაინის გარეშე.
„მე ვფიქრობ, რომ უკრაინაზე უკრაინის გარეშე საუბარი არასწორია, უკრაინაზე საუბარი და ზოგიერთი საკითხის ჩვენს გარეშე გადაწყვეტა, უსამართლობაა“, – აცხადებს ზელენსკი.
ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ტრამპს აქვს ბერკეტები რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასასრულებლად, მაგრამ ამისათვის მან უნდა გაიგოს თუ რა თამაშს თამაშობს კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი.