“რომელი მიმართულებით მიიწევს რუსეთის არმია და რისი მიღწევა სურს კრემლს”-The Wall Street Journal

63
spot_img

 „მიმდინარე წლის მაისში რუსეთის ჯარებმა უკრაინის უფრო მეტი ტერიტორია დაიკავეს, ვიდრე 2022 წლის დეკემბრიდან ოდესმე დაუკავებიათ. მოსკოვმა, როგორც ჩანს, წლევანდელი ზაფხულის შეტევა იმ მიზნით დაიწყო, რომ დასავლეთი დაარწმუნოს – გამარჯვება უკვე მის ხელშია“, – ნათქვამია პუბლიკაციაში, რომელიც აშშ-ის გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) დაიბეჭდა სათაურით „რომელი მიმართულებით მიიწევს რუსეთის არმია და რისი მიღწევა სურს კრემლს“ (ავტორები – იან ლოვეტი, ენდრიუ ბარნეტი, ნიკიტა ნიკოლაენკო)..

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზი უკიდურესად ნელა იცვლებოდა, ორივე მხარეს საომარი მოქმედება უდიდეს ფასად უჯდებოდა, მაგრამ ბოლო თვეებში რუსეთმა მაინც მოახერხა შეტევის ტემპის დაჩქარება – გასული წლის შემოდგომის მსგავსად, სანამ წვიმებმა და ყინვებმა წინსვლა არ შეაფერხა. ახლა უკვე ზაფხულია, შეტევისათვის ყველაზე საუკეთესო დრო და რუსეთის არმიაც სიტუაციით სარგებლობს.

სამშვიდობო მოლაპარაკება ფაქტობრივად ჩიხშია შესული: საერთაშორისო საზოგადოების იმედები არ გამართლდა. მსოფლიოს ყურადღება ისევ ბრძოლის ველზეა გადატანილი, სადაც, როგორც ჩანს, ომის ბედი გადაწყდება. რუსეთი ცდილობს ისეთ წარმატებებს მიაღწიოს, რითაც კიევს აიძულებს წაყენებულ მოთხოვნებზე დათანხმდეს, რომლებიც კაპიტულაციის ტოლფასია. თავის მხრივ, უკრაინა ცდილობს რუსეთის შეკავებას და მისთვის ისეთი დარტყმის მიყენებას, რომ კრემლმა გააცნობიეროს: სამშვიდობო მოლაპარაკებაზე უარი მას ძვირად დაუჯდება.

მოსკოვი ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე უტევს, ეძებს მოწინააღმდეგის სუსტ ადგილებს და ფრონტის გარღვევას გეგმებს ადგენს. კრემლი ცდილობს ცოცხალი ძალის მხრივ თავისი დიდი უპირატესობით ისარგებლოს და აიძულებს უკრაინის არმიას ათასკილომეტრიან ფრონტზე თავდაცვითი ბრძოლები აწარმოოს, შეტევაზე რომ არაფერი ვთქვათ. (…)

კრემლი აგრძელებს ომში უდიდესი მატერიალური და ცოცხალი ძალის რესურსების გამოყენებას. მისი მთავარი ამოცანაა დაარწმუნოს დასავლეთი, რომ რუსეთი ომს აუცილებლად მოიგებს და რომ დასავლეთმა უკრაინას როგორი დახმარებაც არ უნდა გაუწიოს, ნებისმიერ შემთხვევაში მისი მცდელობა ფუჭი იქნება, – განმარტავს კონფლიქტების ანალიტიკოსი ჯორჯ ბაროსი ომის შემსწავლელი ვაშინგტონის ინსტიტუტიდან.

„რუსეთ-უკრაინის ომის სიმძიმის ცენტრს ტერიტორია არ წარმოადგენს. საომარი მოქმედებების მთავარი თეატრი, სადაც ქვეყნის ბედი გადაწყდება – ესაა დასავლური დედაქალაქების პოლიტიკოსთან აღქმის სივრცე… თუ ფრონტის ხაზი კიევს მიუახლოვდება, რუსებს შეუძლიათ თქვან: „აი, ხომ ხედავთ, რომ ჩვენ წინ მივიწევთ. უკრაინის საქმე წასულია. რამდენი მილიარდის დახარჯვა შეგიძლიათ კიდევ?“, – ამბობს ჯორჯ ბაროსი.

მოსკოვის ჯარების ამჟამინდელი შეტევის საკვანძო მიზანია აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქი კონსტანტინოვკა, რომელიც ფრონტის ახლოს მდებარე მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ ცენტრს წარმოადგენს. (…) ჩასოვ იართან და კრასნოარმეისკთან ამასწინანდელი ცხარე ბრძოლებმა აჩვენა, რომ რუსეთი ძველებურად მზადაა დიდი რესურსები (ცოცხალი ძალა და საბრძოლო მასალები) დახარჯოს იმ ქალაქების დასაკავებლად, რომლებიც სტრატეგიული მნიშვნელობა არ აქვთ. კონსტანტინოვკისათვის ბრძოლა, როგორც ჩანს, გაჭიანურებული და სისხლისმღვრელი იქნება.

სამწუხაროდ, დღეისათვის უკრაინული დრონები თავიანთი მოქმედების ეფექტით ძალიან ჩამოუვარდებიან რუსული დრონების მოქმედებას. რუსები თავიანთ უპილოტოებს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიით მართავენ, რის შედეგადაც მათი ფრენის სიშორე უკვე 40 კილომეტრს აღწევს – ორჯერ მეტს, ვიდრე ერთი წლის წინ. მათზე გავლენას არ ახდენს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები. ამის შედეგად, დრონების მოქმედების რადიუსში აღმოჩნდა ახლომდებარე ლოჯისტიკა – გზები და სატრანსპორტო საშუალებები. რასაკვირველია, ასეთი დრონები უკრაინელებსაც აქვთ, მაგრამ ნაკლები რაოდენობით. „რუსული დრონების დარტყმები ხშირი და ზუსტი ხდება“, – ამბობს უფროსი ლეიტენანტი.

რუსეთის არმიამ უკვე მთლიანად გაათავისუფლა კურსკის ოლქის ტერიტორია, რომლის მოულოდნელი დაკავება გასული წლის ზაფხულში კრემლისთვის შოკი აღმოჩნდა, ხოლო  კიეველი პოლიტიკოსები და გენერლები ძალიან ამაყობდნენ. დღეს სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი: ამ ადგილებში მოსკოვმა თავი მოუყარა 50-ათასიან სამხედრო დაჯგუფებას, რომლის ქვედანაყოფები დროდადრო მეზობელ სუმის ოლქის – უკრაინის – ტერიტორიას უტევენ, სოფლებს იკავებენ და ქვას ქვაზე არ ტოვებენ. „რუსეთის არმიის მთავარ მიზანს საოლქო ცენტრის – სუმის დაკავება წარმოადგენს“, – ამბობს ერთ-ერთი უკრაინელი სერჟანტი, რომლის ქვედანაყოფი საზღვართან ახლოს არის დისლოცირებული, – „აქედან სუმამდე მხოლოდ 30 კილომეტრია დარჩენილი. ძალიან გაძნელდა სამხედრო ტვირთების გადაზიდვა და დაჭრილების ევაკუაცია. ასეთი სქემა ჩვენთვის ნაცნობია – რუსებს სურთ მომარაგების გარეშე დავრჩეთ. ჯერ-ჯერობით ძალები საკმარისი გვაქვს, მაგრამ ზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით მტრის ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება“.

საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის რობ ლის აზრით, ჯერ-ჯერობით ნაადრევია უკრაინის თავდაცვის ხაზის კრახი, მაგრამ რუსეთის ჯარების მიახლოება სუმთან კრემლის გავლენას და ავტორიტეტს გაზრდის.

მოსკოვი იქაც კი აგრძელებს წარუმატებელ შეტევებს, რომელი მიმართულებითაც მისი წინსვლა უკვე შეჩერებულია – დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვართან.  „მათ, როგორც ჩანს, ბუფერული ზონის შექმნა სურთ და თავიანთ ჯარისკაცებს ხორცსაკეპში შეუბრალებლად ერეკებიან“.

უკრაინელი სამხედროების თქმით, მოსკოვი თავს უყრის ძალებს მეზობელ ზაპოროჟიეს ოლქშიც. „ვვარაუდობთ, რომ ამ ზაფხულს სიტუაცია ყველა მიმართულებით გაუარესდება“, – ამბობს უფროსი ლეიტენანტი კონსტანტინოვკიდან, – „ჩვენი პირადი შემადგენლობა დაქანცულია, არ ხდება როტაცია, ყველა შესაძლებლობების ზღვარზე ვართ“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო