ის, რაც გუშინ თინა ბოკუჩავას მეუღლეს და მის ოჯახს მოუწყვეს, ეს აღარ არის რუსეთი – ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი – მიხეილ სააკაშვილი

13
spot_img

ეს არის დაშინების მცდელობა ერთუჯრედიანი, უინტელექტო, გაუნათლებელი ქონდრისკაცების მხრიდან. ჩვენ ამას არასდროს დავნებდებით, – ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას დღევანდელ განცხადებას, რომ მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს 5 ნიღბიანი პირი თავს დაესხა და გაიტაცეს.

როგორც სააკაშვილმა დღევანდელ პროცესზე აღნიშნა, ეს არის უკიდურესად მხდალი რეჟიმის ქმედება.

„მინდა მივესალმო საამაყო, უმაგრეს თინათინ ბოკუჩავას, უმაგრეს პოლიტიკურ ლიდერს. ის, რაც გუშინ მის მეუღლეს და მის ოჯახს მოუწყვეს, ეს აღარ არის რუსეთი. ჩვენ ვამბობთ, რომ აღარ გვინდა რუსეთი საქართველოში. ეს რუსეთი აღარ არის, ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი. კადიროვი იტაცებს ასე ხალხს. კადიროვი აწერინებს ვიდეოებს, ამ ბანდიტებით საქართველოში კადიროვში ვართ ხალხო. ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. არ მეშინია, არ გავჩუმდები!“ – განაცხადა სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოში სამართალი და სამართლიანობა საერთოდ არ არის.

„ახლოს არ არის და არაფერ კავშირშია ეს ე.წ. სასამართლო რაიმე ტიპის იურიდიულ პროცესთან, მაგრამ ვიყენებ ამ შესაძლებლობას, რათა მოგმართოთ, თუნდაც ცუდი ხარისხით, თუნდაც ჩახშობის პირობებში. რეჟიმს ჩემი ძალიან ეშინია. ჩემი წინა გამოსვლა პრაქტიკულად, ჩაახშეს. 7 ნოემბრის საქმე სინამდვილეში არის ოლიგარქიული დიქტატურის დამყარების საქმე. სინამდვილეში, ეს არის კლასიკური ყაჩაღური დიქტატურის საბოლოოდ დამყარების მცდელობა. მინდა ყველა პოლიტპატიმარს მივესალმო, მათ შორის ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძეს. ყველა იმ ადამიანს, ვინც უსამართლოდ ზის ციხეში. ახალგაზრდებს, მათ მშობლებს, რომლებიც ძალიან მაგრად იბრძვიან. მინდა ვთქვა, რომ მაგრად იყვნენ, ძალიან მალე ისინი თავისუფლები იქნებიან“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტის თქმით, „არცერთ დამპყრობელს ისე არ უძარცვია საქართველო, როგორც ხელისუფლება ძარცვავს.

„მე რა სულელი ვიყავი, რომ თითზე გადასახვევი არ წამიღია საქართველოდან? მდიდარი ადამიანები განსაკუთრებით საშიშები არიან ხელისუფლებაში. ყველაფერი, რასაც მე გაფრთხილებდით და გეუბნებოდით, ახლა ხომ ახდა?! მე რატომ ჩამოვედი აქ 2021 წელს. თანამდებობა არ მქონდა, შემოსავალი არ მქონდა, სახლი არ მქონდა, კარი არ მქონდა ცხოვრებაში თუ რა? ჩამოვედი იმიტომ, რომ საქართველოს ვკარგავდით. ჩამოვედით იმიტომ, რომ ვიწინასწარმეტყველე ყველაფერი ეს. ყველაფერი, რაც ახლა მოხდა, 2012 წელს გაფრთხილებდით ამის შესახებ. ჩვენ მივიღეთ ეს გამოცდილება და ახლა დროზე უნდა მოვაშოროთ ესენი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ქვეყანა აღარ შეგვრჩება“,-განაცხადა სააკაშვილმა.