
„საქართველოს პანკისის ხეობა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ექსტრემისტთა გავლენის ადგილს წარმოადგენდა, ამჟამად ტურისტებს და მოგზაურებს მიესალმება – თავისი სუფიური რიტუალებით, მთის ბილიკებით და ქისტური სამზარეულოთი“, – ასე იწყება ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) მიერ გამოქვეყნებული სტატია სათაურით: „ტერორიდან – ტურიზმისაკენ: როგორ შეცვალა საქართველოს პანკისის ხეობამ თავისი ისტორია“ (ავტორი – ელოიზ სტარკი).
ვრცელ პუბლიკაციაში (რუბრიკით „მოგზაურობა“) გადმოცემულია პანკისის ხეობის ახლო წარსული და დღევანდელობა, ისლამის მიმდევარი ადგილობრივი მოსახლეობის განწყობები, მათი პოზიციები, ყოფა-ცხოვრება და ადათ-წესები.
ავტორი მკითხველს აცნობს პანკისის ხეობის სოფელ დუისს (ახმეტის მუნიციპალიტეტი), სადაც იგი აღწერს „ზიქრს“ – სუფიურ რიტუალს, რომელიც არაბული სიტყვაა და „გახსენებას“, „მოგონებას“ ნიშნავს. „ზიქრის“ დროს ადამიანის სული ალაჰს უახლოვდება. „დუისი, პანკისის ხეობის ერთ-ერთი სოფელი, კავკასიაში ერთადერთ ადგილს წარმოადგენს, სადაც „ზიქრს“ მეჩეთში ქალებიც ასრულებენ მამაკაცებთან ერთად. იქვე უცხოელები – ამერიკელი, ევროპელი და ახლო აღმოსავლელი ტურისტები დგანან, რომლებიც რიტუალს თვალს ადევნებენ“.
ორი ათეული წლის წინათ პანკისის ხეობაში წასვლას ვერცერთი ტურისტი ვერ გაბედავდა. კავკასიის მთების სამხრეთ კალთებზე მდებარე მწვანე ხეობაში ეთნიკურ ქისტები ცხოვრობენ – ჩეჩნური წარმოშობის მუსლიმანური თემის წარმომადგენლები. პანკისმა 1990-იან და მომდევნო წლებშიც ურყევი ავბედითი რეპუტაცია მოიპოვა: მას „უკანონობის ხეობას“ უწოდებდნენ და უცხოელებს ურჩევდნენ, იქით არ გაეხედათ და არ მიახლოებოდნენ. დღეს კი ადგილობრივ მოსახლეობა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი წარსულის სტერეოტიპები შეცვალონ და ტურისტებს ნამდვილი პანკისის ხეობა მთელი თავისი სილამაზით, ბრწყინვალებით და მიმზიდველობით აჩვენონ – ცხენებზე ჯირითით, ხინკლით, სიმღერებით, ცეკვებით…
პანკისის საეჭვო რეპუტაცია მას შემდეგ გაჩნდა, როცა აქ ჩრდილოეთ კავკასიიდან რუსეთის ჯართან საომარ მოქმედებას გამორიდებული ჩეჩნები გადმოვიდნენ. იმის გამო, რომ ადგილობრივი ქისტები ჩეჩნური ენის დიალექტზე საუბრობენ, ხოლო ხეობის ჩრდილოეთი ნაწილი თითქმის პირდაპირ ჩეჩნეთს ესაზღვრება, ამ გარემოებების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ პანკისი ჩეჩენი ლტოლვილებისათვის ლოგიკურ თავშესაფარს წარმოადგენს.
სამოქალაქო ლტოლვილებს შორის რამდენიმე საველე მეთაური და „ბოევიკი“ – მებრძოლიც აღმოჩნდა: გავრცელდა ხმები, რომ ხეობაში ტერორისტული ორგანიზაციის „ალ-ქაიდას“ წევრები და თვით უსამა ბენ-ლადენიც კი იმალებოდა. აშშ-სა და რუსეთის ზეწოლით საქართველოს მთავრობამ მარგინალიზებულ რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაცია განახორციელა, თუმცა, რადგანაც ხეობის მოსახლეობა ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს განიცდიდა (ლტოლვილების გამო ისედაც მწირმა რესურსებმა კიდევ უფრო მეტი დატვირთვა მიიღო), მთავრობის ძალისხმევამ ჯეროვანი შედეგი ვერ გამოიღო.
ე.წ. „პანკისის კრიზისი“ თითქმის განეიტრალდა, როცა ბევრი ჩეჩენი ლტოლვილი ევროპაში წავიდა, მაგრამ 2010 წლიდან პანკისის ხეობაში თავი იჩინა მორიგმა საფრთხემ – „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენამ. იმდროინდელი ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომების წყალობით, პანკისის ხეობამ კარი გაუღო „დაიშის“ ემისრებს, დაიწყო პროპაგანდისტული მანქანის მუშაობა, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და საქართველოდანაც, კონკრეტულად კი პანკისის ხეობიდანაც დაუსაქმებელ ახალგაზრდებს იზიდავდა. 2010-2016 წლებში, სხვადასხვა მონაცემებით, პანკისის ხეობიდან სირიაში 50-დან 200-მდე ახალგაზრდა წავიდა, რომელთაგან ზოგიერთი ცნობილი საველე მეთაურები გახდნენ – მაგალითად, აბუ ომარ ალ-შიშანი პანკისელი იყო. ამ ფაქტის გამო ხეობას ისევ „ტერორიზმის ბუდედ“ მოიხსენიებდნენ. მართალია, ბოლო წლებში პანკისის ხეობაში დამნაშავეობამ მნიშვნელოვნად იკლო, მაგრამ მისი სახიფათო იმიჯი დღემდე არ გამქრალა“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
ავტორი ესაუბრება ადგილობრივ ექსკურსიამძღოლს, დუისში მცხოვრებ გიდ ფატიმას, რომელიც იხსენებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდს, როცა პანკისის ხეობა არასახარბიელო სახელით სარგებლობდა. „ამჟამად იმდროინდელი პრობლემები წარსულს ჩაბარდა. ხეობაში სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია უმჯობესდება, ვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურა“, – ამბობს ფატიმა.
პუბლიკაციაში ჩამოთვლილია ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები, რომლებიც საინტერესოდ და მიმზიდველად არის აღწერილი: „ფატიმა მათვალიერებინებს დუისს და ჯოყოლოს. ირგვლივ სიმწვანე და სიწყნარეა, მთები ტყეებით არის დაფარული, შორს კი თოვლიან-ყინულიანი კავკასიის მწვერვალებიც მოჩანს. სოფლებში ლამაზი სახლებია საოცარი ჩუქურთმებით… აქ ყველაფერი ნატურალურია. პანკისის ხეობის სამხრეთით კახეთია, ალაზნის ველი, რომელიც საქართველოს უმთავრეს მეღვინეობა-მევენახეობის რეგიონს წარმოადგენს.
„აქაურებს ძალიან უყვართ გარეთ, ბუნებაში ყოფნა – ეწყობა ცხენით ჯირითი და უამრავი დღესასწაულები“, – ამბობს ფატიმა, – მე პირადად ქალაქში ცხოვრება არ შემიძლია, როცა ასეთი მშობლიური სოფელი მაქვს“.
მე კარგად მესმის ფატიმას პოზიცია: პანკისის ხეობა იდილიური ადგილია. ხეობის ბოლო სოფელში გზა წყდება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ კავკასიის მაღალი მთების კედელს მივადექით. თითქოსდა მსოფლიოს დასალიერში ვარ. „ბევრი ტურისტი საქართველოში ადგილობრივი სტუმართმოყვარეობის გამო ჩამოდის. პანკისის ხეობა ქვეყნის ის კუთხეა, სადაც ჯერ-ჯერობით ყველაფერი პირველყოფილი და ხელუხლებელია – ბუნების, კულტურის, ტრადიციების და სამზარეულოს თვალსაზრისით“, – ამბობს ემილი ლუში, საქართველოს შესახებ ტურისტული რესურსის Wander-Lush-ის შემქმნელი.
ქისტები, რომლებიც საქართველოში მე-19 საუკუნეში დასახლდნენ, ისლამური (სუფიზმის) მიმდევრები არიან და ამით ისინი საქართველოს მართლმადიდებელი ქრისტიანულ მოსახლეობისაგან, თავიანთი ტრადიციებით, ძალიან განსხვავდებიან. კულტურის უნიკალურობის მიუხედავად, ხეობაში ტურისტების მიზიდვა ძალიან ძნელი იყო. არადა, ხეობა თბილისიდან ორ საათ ნახევრის სავალზე იმყოფება და მუნიციპალიტეტის ცენტრს – ახმეტას მხოლოდ 20 კილომეტრი აშორებს. ახმეტის სოფლების მოსახლეობა უამრავ უცხოელ ტურისტს მასპინძლობს და განთქმულნი არიან თავისი ვენახებით და ღვინით“, – წერს ავტორი.
„ნაზი ყურაშვილი პირველი იყო, რომელმაც უცხოელი ტურისტები და მოგზაურები პანკისში მიიყვანა. 2013 წელს მან გახსნა რეგიონში პირველი სასტუმრო Nazy’s Guesthouse, თუმცა ბევრი დრო დაჭირდა, რათა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას თავის ვებ-გვერდზე პანკისის შესახებ ინფორმაცია განეთავსებინა. 2018 წელს ნაზი ყურაშვილმა დააარსა პანკისის ხეობაში ტურიზმის განვითარების ასოციაცია, რათა სხვებს დახმარებოდა წარმატების მიღწევაში. ნელ-ნელა ამ თვალწარმტაცი კუთხის არსებობა ბევრმა გაიგო“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.
ავტორი ესაუბრება ხათუნა მარგოშვილს, რომელმაც საზღვარგარეთში ყოფნის დროს გარკვეული რაოდენობის თანხა დააგროვა, სამშობლოში დაბრუნდა და ტურისტულ ბიზნესს მიჰყო ხელი – იგი საკუთარი წარმატების „საიდუმლოებაზე“ ლაპარაკობს.
„ქისტური სამზარეულო, ისევე როგორც მათი კულტურა, ჩეჩნური და ქართული გავლენის ნარევს წარმოადგენს. აქ ყველა საკვები ნატურალურია – ბოსტნეული, რძის ნაწარმი, თაფლი, ასკილზე მომზადებული ლუდი…ძალიან პოპულარულია ადგილობრივი საჭმელები – ქისტური ჯიჯიგ გალანიში და ქართული ხინკალი. საღამოობით სტუმრებს საერთო მაგიდა ელოდებათ, სადაც ისინი ერთმანეთს უზიარებენ შთაბეჭდილებებს… მოკლედ, ეწვიეთ საქართველოს პანკისის ხეობას“, – ნათქვამია ვრცელი პუბლიკაციის დასასრულს.
მოამზადა სიმონ კილაძემ