საოცარი წასვლა იყო, რობინ დანიგანის წასვლასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გაჩნდა-კახა კალაძე

23
spot_img

საოცარი წასვლა იყო, ამ მხრივ ბევრი კითხვა არსებობს, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე რობინ დანიგანის საქართველოში ამერიკის ელჩის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებას.

კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა, რისთვისაც მზაობა ორმხრივი უნდა იყოს.

„საოცარი წასვლა იყო. ბევრი კითხვა არსებობს მის ამგვარ წასვლასთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლება მზად არის ურთიერთობების გადატვირთვისთვის. ჩვენთვის მთავარია ამერიკის შეერთებულ შტატებთან  სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა, ეს კი ორმხრივი უნდა იყოს. აღნიშნულ პროცესში არსებობდნენ ადამიანები, ვინც ხელს უშლიდნენ, არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ ადმინისტრაციას, თეთრზე შავს ამბობდნენ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რადიკალურად შეიცვლება ყველაფერი. პრეზიდენტ ტრამპს აქვს პრიორიტეტები დასახული – „დიფ სთეითის“ დამარცხება, ომის დასრულება, რასაც მივესალმებით და ვგულშემატკივრობთ მას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის საელჩომ გაავრცელა. როგორც დანიგანი განმარტავს: „მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე, ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია“.