
საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი პოლიტიკურად მიკერძოებულია, – განაცხადა ევროპარლამენტარმა, ჰანს ნოიჰოფმა „სუვერენულ ერთა ევროპის“ (ESN) ჯგუფის სახელით ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე, სადაც კომიტეტის წევრებმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი დაამტკიცეს.
„მსურს, ESN ჯგუფის სახელით უმცირესობის პოზიცია დავაფიქსირო. ნება მომეცით, რომ სამი პუნქტი წარვადგინო. ჩვენ უარვყოფთ პროექტის მეხუთე პუნქტს, რომელიც მოითხოვს პერსონალური სანქციების დაწესებას წინასწარი სამართლებრივი პროცედურების გარეშე, რაც კანონის უზენაესობისა და ინდივიდუალური უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევს. მეტიც, მსგავსი სანქციების ოჯახის
წევრებზე გავრცელება კოლექტიური დასჯის ფორმას წარმოადგენს, რაც ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებებისა და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების აშკარა დარღვევაა.
ჩვენ უარვყოფთ მერვე პუნქტს, რომელიც ევროკავშირს საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობის არაღიარებისკენ მოუწოდებს, რაც სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის აშკარა დარღვევას წარმოადგენს.
ჩვენ უარვყოფთ მეათე პუნქტს, რომელიც საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ევროკავშირის ერთსულოვნების პრინციპისთვის გვერდის ავლას ცდილობს, რაც ევროკავშირის სამართლებრივ ნორმებს ძირს უთხრის. ამგვარად, ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ საქართველოს შესახებ კომისიის ანგარიშის პროექტს, რომლის ტექსტი აშკარად პოლიტიკურად მიკერძოებულია. ასევე, ის შეიცავს რამდენიმე დებულებას, რომლებიც ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით იურიდიულად და ინსტიტუციურად მიუღებელია“, – განაცხადა ჰანს ნოიჰოფმა.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი შესწორებებით, 55 ხმით დაამტკიცა.