ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ფოთის ბავშვთა ცენტრის ბენეფიციარებს უმასპინძლა

10
spot_img

მიმდინარე წლის 1-4 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ა(ა) იპ „თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ბავშვთა ცენტრის“ ბენეფიციარებს, ცენტრის დირექტორს, გიორგი ნიჟარაძეს, დირექტორის მოადგილეს, თემურ წურწუმიასა და აღმზრდელს, მიმოზა პეტროსიანს მასპინძლობდა.

სამსახურმა, მოზარდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩაატარა.

„ღონისძიებათა ფარგლებში, ცენტრის აღსაზრდელებმა მოინახულეს საქართველოს ძველი დედაქალაქი მცხეთა, მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი საპატრიარქო საკათედრო ტაძარი – სვეტიცხოველი, სამთავროს ფერისცვალების ტაძარი და დედათა მონასტერი, დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსი.

ბავშვები გაეცნენ ქვეყნის ისტორიისა და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მნიშვნელოვან ეპიზოდებს. მოზარდებმა ინტერესი გამოხატეს, ახლოს გასცნობოდნენ საქართველოს ვეტერანებს და მათ ღვაწლს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში; სურვილი გამოთქვეს, შეხვედროდნენ სამსახურის დირექტორს, გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს, რომელზედაც უფროსებისგან ბევრი სმენოდათ.

კობა კობალაძემ, დღეს, ბავშვებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში უმასპინძლა; უამბო ვეტერანების დამსახურებაზე ქვეყნის წინაშე და მომავალ თაობებში სამშობლოს სიყვარულის გაღრმავების აუცილებლობაზე, რადგან უახლოეს მომავალში, სწორედ მათ უნდა ჩაიბარონ და მართონ ჩვენი ქვეყანა; მოზარდებისთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ქართველი მეომრების სამშობლოსთვის ბრძოლის ამსახველი ფოტოგამოფენის ხილვა.

შეხვედრის დასასრულ, სამსახურის დირექტორმა, სტუმრებს და მათ აღმზრდელებს, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და აღუთქვა, რომ სამსახური მათ მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს. გიორგი ნიჟარაძემ და თემურ წურწუმიამ კობა კობალაძეს და სამსახურის თანამშრომლებს, გულთბილი დახვედრისა და ბავშვებისთვის საინტერესო დღეების ჩუქებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ აქ გატარებული თითოეული დღე მათთვის დაუვიწყარი იყო.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მადლობას უხდის დავით გარეჯის მამათა მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ილარიონს (ჭიღლაძეს), მცხეთის სალობიეს დირექტორს, დიმიტრი ალავიძეს, მთელ პერსონალს და, ასევე, ყველა იმ ორგანიზაციასა და კერძო პირს, ვინც ა(ა) იპ „თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ბავშვთა ცენტრის“ ბენეფიციართა მიმართ ყურადღება, გულისხმიერება გამოიჩინა და თანადგომა გამოხატა“, – ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.