
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს.
კენჭისყრა საკრებულოს სხდომაზე დღეს გაიმართა. ზურაბ აბაშიძეს მხარი დაუჭირა საკრებულოს 26-მა წევრმა.
ზურაბ აბაშიძემ მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ
ირაკლი კობახიძეს, დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს, გიორგი ტყემალაძეს და საკრებულოს წევრებს გამოცხადებული ნდობისთვის.
„ეს ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაა და ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ საქმიანობას ჩვენი დედაქალაქის, მისი თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ. ყველა გამოწვევას ერთობლივი ძალისხმევით გადავჭრით. ვხედავთ, რამდენი რამე გაკეთდა უკანასკნელი წლებში თბილისის განვითარებისთვის. ყველა მნიშვნელოვანი საქმე უკავშირდება თბილისის მერ კახა კალაძეს და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეს. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ ინიციატივებს და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ სასიკეთო პროექტს განვახორციელებთ“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ამასთან, თბილისის საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ გიორგი ტყემალაძეს, რომელიც საკრებულომ დედაქალაქის ვიცე-მერის თანამდებობაზე დაამტკიცა, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„გიორგი ტყემალაძე ახლა უკვე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან გააგრძელებს საქმიანობას და ჩვენს ქალაქსა და თანამოქალაქეებზე ზრუნვას. მსურს, წარმატებები ვუსურვო მას მომავალ საქმიანობაში“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ტყემალაძემ თბილისის ვიცე-მერის პოსტი დაიკავა.