როგორც პოლიტიკაში გარკვეულს, ძალიან მეცინება იმ მეთოდებზე, პოლიტიკური ბრძოლის უჭკუო სტრატეგიებზე, რასაც დღეს ქუჩაში ან ქუჩის მიღმა ვხედავთ ჩვენი ხელისუფლების დასამარცხებლად -თეა წულუკიანი

10
spot_img

მე, როგორც პოლიტიკაში გარკვეულს, ძალიან მეცინება იმ მეთოდებზე, პოლიტიკური ბრძოლის უჭკუო სტრატეგიებზე, რასაც დღეს ქუჩაში ან ქუჩის მიღმა ვხედავთ ჩვენი ხელისუფლების დასამარცხებლად, – ამის შესახებ  „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის თქმით, „პოლიტიკურ ბრძოლაში თუ შედიხარ, მართალი უნდა იყო და სიმართლისთვის იბრძოდე“.

„ცუდი გამოცდილების შედეგად, მაგრამ, ვინც ნაბრძოლია რეჟიმთან, ის დღეს გამობრძმედილია და ხელისუფლებაშია. ამ ყველაფერს თავი მოუყარა ბიძინა ივანიშვილმა და მისი ხელმძღვანელობით დადგა გამარჯვების დღე. შესაბამისად, ეს გამოცდილება თითოეულმა ჩვენგანმა – ზოგმა ძალიან დიდი უბედურების, ზოგმა მეტ-ნაკლებად პრობლემების ხარჯზე მივიღეთ ბრძოლისას. ამიტომაც, მე, როგორც პოლიტიკაში გარკვეულს, პატარა გამოცდილების მქონე ადამიანს, ძალიან მეცინება იმ მეთოდებზე, პოლიტიკური ბრძოლის უჭკუო სტრატეგიებზე, რასაც დღეს ქუჩაში ან ქუჩის მიღმა ვხედავთ ჩვენი ხელისუფლების დასამარცხებლად. ცოტა მეტი ჭკუა და დაფიქრებაა საჭირო, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დღეს ვინც ებრძვის, იმ ექსტრემისტულ ჯგუფებს არც მორალი უმაგრებთ ზურგს. პოლიტიკურ ბრძოლაში თუ შემოდიხარ, მართალი უნდა იყო, სიმართლისთვის უნდა იბრძოდე“, –  აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ამასთან, როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მართალი ბრძოლა არ არის, როდესაც პატიმრების გამაუპატიურებელი ადამიანების ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის იბრძვი.

„კომისიის გუშინდელი სხდომა იყო მორიგი უმძიმესი, როდესაც ჩვენ მოვისმინეთ, რომ გლდანის ციხეში არსებობდა ასეთი „ინსტიტუტი“: „კაციჭამია ფლოსტები“. ეს იყო „ფლოსტები“, რომლებსაც პატიმარს აძლევდნენ ფეხზე ჩასაცმელად. ეს ფლოსტები იყო გაცილებით უფრო გამძლე, ვიდრე ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე – ეს ფლოსტები აგრძელებდა ცხოვრებას და ადამიანები კვდებოდნენ. ციხეში კლავდნენ ადამიანებს და ამ ფლოსტებს შემდეგ გადაიბარებდა სხვა ცოცხალი პატიმარი, რომელიც ასევე მოკვდებოდა. ამის შემდე, ალბათ, საერთოდ აღარაფერზე უნდა ვმსჯელობდეთ, მაგრამ ამ დარბაზში ვინც შემოვიდა, ვგულისხმობ დაზარალებულებსა და მსხვერპლებს, მათ არცერთი წუთით არ აქვთ ტკივილი დავიწყებული. ისინი არ დაუშვებენ, „ქართულმა ოცნებამ“ ისე გადავულოცოთ ახალგაზრდა თაობას ხელისუფლება, რომ მავნებლების პრობლემა მოგვარებული არ იყოს. მათ გვერდით როცა დგები, ეს არ არის მართალი ბრძოლა. „კაციჭამია ფლოსტებისთვის“, სააკაშვილისთვის, ყავარჯნით, „კასტილით“ და ცოცხით ადამიანის გაუპატიურებისთვის ვერავის დავაბრუნებთ ხელისუფლებაში. ამის დაბრუნებისთვის რომ იბრძვი, ეს არ არის მართალი ბრძოლა, სულ რომ 17 წლის იყო. ასაკი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მართალი ხარ. ამიტომ, ბრძოლა, რომელშიც ერთვები, უნდა იყოს მართალი ბრძოლა, სიმართლისთვის, უკეთესისთვის ბრძოლა. ამას უნდა ცოტა მეტი ჭკუა, გამოცდილება. თავი არ უნდა გამოაყენებინო უსინდისო პოლიტიკოსს, რომელსაც მხოლოდ მავნებლობის გამოცდილება აქვს და არაფერი უკეთესი. ღიმილის მომგვრელია ის ვითომ სტრატეგიები, რაც პოლიტიკურ ოპონენტებს აქვთ. ჩვენ, „ქართული ოცნება“ მათ მცდელობებს ამ კომისიის ფარგლებითაც და კომისიის დასკვნითაც შევებრძოლებით, რათა აღარ დაბრუნდეს „კასტილით“, ცოცხით გაუპატიურებული პატიმრის ინსტიტუტი, პატიმრის წამება, სკამზე გამობმა და 24-საათიან რეჟიმში ცემა. მოსამართლე, რომელიც ათავისუფლებს პატიმარს რადგან ევროკავშირის ელჩმა ასე გადაწყვიტა – ეს არ გვინდა. მოსამართლემ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, გაათავისუფლოს თუ არა. ჩვენ არასდროს დავაბრუნებთ იმ რეჟიმს, სადაც უცხოელი არის საქართველოში ბატონი. ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძვით კვლავ და ეს ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.