
რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაციის ყველაზე აქტიურ მომხრედ ითვლება საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, – წერს პოლონური გაზეთი „მისლ პოლსკა“ (Myśl Polska – პოლონური აზრი“) სტატიაში სათაურით „მაკრონის ნაპოლეონური ოცნებები“ (ავტორი – მათეუშ პისკორსკი). პუბლიკაციის მიხედვით, ფრანგი ლიდერი აშკარად უკმაყოფილოა იმით, რომ მისმა გეგმებმა ევროპის მილიტარიზების თაობაზე შეიძლება აზრი დაკარგოს და, შესაბამისად, საფრანგეთი ვერ მოახდენს სამხედრო თვალსაზრისით ძლიერ და ძლევამოსილ სახელმწიფოდ დემონსტრირებას. ემანუელ მაკრონს საკუთარი თავი ნაპოლეონ ბონაპარტად წარმოუდგენია და ევროპა უფსკრულისაკენ მიჰყავს.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
ემანუელ მაკრონი ზედიზედ აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომლებშიც ეწინააღმდეგება ნებისმიერ დიპლომატიურ მცდელობას უკრაინის პრობლემის მოგვარების ირგვლივ. სწორედ ემანუელ მაკრონი მოუწოდებს თითქმის ღიად ბირთვული დაპირისპირებისაკენ, როცა აცხადებს – ცენტრალური ევროპის ქვეყნებში ბირთვული რაკეტები უნდა განლაგდესო.
სამხედრო კოალიციის სათავეში
ყველაფერი მარტში დაიწყო. სწორედ მაშინ ემანუელ მაკრონმა თანამოაზრე ევროპელი ლიდერები შეკრიბა და ე.წ. „უკრაინის დახმარების მსურველთა“ სამიტი ჩაატარა. მას სურდა ნებისმიერი სახით ეჩვენებინა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი სოლიდარულნი არიან საფრანგეთთან უკრაინაში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის საკითხში. მოგვიანებით მათ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკიც დაემატა. ამას წინათ ოთხივე კიევში იმყოფებოდა და ვოლოდიმირ ზელენსკის ნატოს ევროპელი წევრების მხარდაჭერა აჩვენეს.
ფრანგი პოლიტიკოსების კომენტარები და ქცევა (საკმარისია გავიხსენოთ საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან ნოელ-ბაროს ნათქვამი „რუსეთის საბოლო მოგუდვის აუცილებლობის“ შესახებ) ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ ფრანგების იდეაფიქსი გახდა უკრაინის კონფლიქტის გაგრძელება და დიპლომატიური მოლაპარაკებისათვის ყველანაირი დაბრკოლების შექმნა. პარიზის მიზანი აშკარად გამოიხატება იმით, რომ რუსეთი დასუსტდეს და მისი სამხედრო-ეკონომიკური და პოლიტიკური პოტენციალი დაზარალდეს. ელისეის სასახლე ამას უკვე აღარ მალავს.
როგორი იქნება ემანუელ მაკრონის შემდეგი ნაბიჯი რუსეთთან დაპირისპირებაში? ეს საკმაოდ გაუგებარია. ძალიან ძნელია იმის დაჯერება, რომ საფრანეთის პოლიტიკური კლასი დარწმუნებულია რუსეთის დამარცხებაში. შესაძლოა მაკრონის გუნდი ფიქრობს, რომ საფრანგეთი, როგორც ევროპის ყველაზე ძლიერი ბირთვული სახელმწიფო, ისარგებლებს თავისი შესაძლებლობით, ევროპას დარაზმავს რუსეთის წინააღმდეგ, მოსკოვთან ომის ზღურბლზე მიიყვანს, თვითონ კი ბოლო მომენტში პრაქტიკული შეჯახებისგან განზე გადგება და უვნებელი გადარჩება.
მოლაპარაკების წინააღმდეგ
პარიზის განცხადებები მოწმობენ, რომ მაკრონისეული საფრანგეთი აშკარად უკმაყოფილოა სტამბოლში დაწყებული მოლაპარაკებით. როგორც ჩანს, ფრანგი პრეზიდენტი შიშობს, რომ თუ მშვიდობა დამყარდება, მაშინ ელისეის სასახლე ფლაგმანის როლს დაკარგავს ევროპის ძალადობრივ მილიტარიზებაში. როგორც პარადოქსული არ უნდა იყოს, მაკრონის მილიტარიზმს ანტიამერიკული ან უფრო სწორად, ამჟამინდელი რეალიის გათვალისწინებით, ანტიტრამპული განზომილება აქვს. აშშ-ის პრეზიდენტს ცეცხლის შეწყვეტა და დაზავება სურს, მისი ფრანგი კოლეგა კი „ევროპის ბირთვულ ქოლგაზე“ ლაპარაკობს, რომელშიც ფრანგულ ბირთვულ პოტენციალს უპირველესი მნიშვნელობა აქვს და რომელიც რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული და უკრაინის მფარველობასაც გულისხმობს. ეს არის ომის ესკალაციის პრელიუდია. შესაძლოა ნატოს გაფართოების ლოზუნგის გარეშე, მაგრამ მისი არსი ამით არ იცვლება.
დასავლური სამხედრო ინფრასტრუქტურის ნებისმიერი სახით მიახლოება რუსეთის საზღვრებთან კრემლის ობიექტურ გაღიზიანებას გამოიწვევს, განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როცა ჯერ კიდევ 1970-იან წლებში შემუშავებული ურთიერთკონტროლის მექანიზმი ამჟამად აღარ არსებობს. ეს მშვენივრად იციან დონალდ ტრამპმა და მისმა მოადგილე ჯეიმს ვენსმა – ორივე აკრიტიკებს უკრაინის ნატოს წევრად მიღების იდეას. რა თქმა უნდა, მათ მხარეზეა აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პიტ ხეგსეთიც, რომელმაც ამას წინათ განაცხადა: „შეერთებული შტატები არ განიხილავს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას როგორც რეალისტურ ნაბიჯად, მიმდინარე მოლაპარკებების ფონზე“. ამრიგად, ან ნატო/მილიტარიზაცია, ან მშვიდობა. არჩევანი მარტივია, თუმცა, როგორც ჩანს, ყველასათვის ნათელი არ არის.
მილიარდები მილიტარიზაციისათვის
800 მილიარდი ევრო – სწორედ ამდენი თანხა იქნება დახარჯული ევროპის გადაიარაღებისათვის უახლოეს რამდენიმე წელიწადში. რა თქმა უნდა, ასეთი რაოდენობის ფული არც ევროკომისიას არ აქვს და მით უმეტეს, არც ევროკავშირის რომელიმე წევრ ქვეყანას, შესაბამისად, გადაიარაღება მოხდება შიდა სახელმწიფო ვალის გაზრდით, რომელიც ისედაც უკვე ყველა საზღვრებს გადასცილდა. ვინ გადაიხდის ამ ვალს? რა თქმა უნდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადასახადის გადამხდელები, ანუ ჩვეულებრივი მოქალაქეები. უკვე ისმის ხმები, რომ ბიუჯეტის ოპტიმიზება უნდა მოხდეს, რაც ნიშნავს სოციალური პოლიტიკის დღევანდელ მოდელზე უარის თქმას და სახელმწიფო სექტორისადმი მხარდაჭერის შეწყვეტას.
ამასობაში კი ევროპისათვის მატულობს იმ საფრთხეების რეალობა, რომლებიც უკრაინის ომის ესკალაციით იქნება გამოწვეული: ზოგიერთი მონაცემით, კონფლიქტის გაგრძელება (როგორც ეს საფრანგეთს სურს) ხელს შეუწყობს იარაღის უკანონოდ შეტანას პოლონეთში და სხვა ქვეყნებში. უკრაინის არმიაში არსებული სუსტი კონტროლის გამო არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ იარაღი ტერორისტული ორგანიზაციების ხელში მოხვდება. ამ საფრთხეებთან ბრძოლა და მათი თავიდან აცილება ძალზე ძვირადღირებულია. სამწუხაროდ, ევროპა იმ ადამიანის წინამძღოლობით, რომელსაც თავი თანამედროვე ნაპოლეონ ბონაპარტად წარმოუდგენია, მტკიცედ მიაბიჯებს პირდაპირ უფსკრულისაკენ.
ძალიან დასანანია, რომ პოლონეთიც იმავე მიმართულებით მოძრაობს. ამის ნეგატიური შედეგი აშკარად ჩანს საპრეზიდენტო არჩევნებითაც, რომელშიც მმართველი პარტიის „სამოქალაქო კოალიციის“ კანდიდატმა რაფალ ტშასკოვსკიმ ხმების სასურველი რაოდენობა ვერ მიიღო და ამიტომ წინ მეორე ტური ელოდება. შესაძლოა ამის მიზეზი ისაა, რომ კიევში პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მაკრონ-„ნაპოლეონის“ კამპანიის შემადგენლობაში აღმოჩნდა…