
ჯგუფ-ჯგუფად მოდიოდნენ სპეცრაზმელები ეტყობა სხვადასხვა გუნდი იყო და გვისწორდებოდნენ ხელკეტებით. მიუხედავად იმისა, მე საუბრის თავი აღარ მქონდა, ვერც ვსაუბრობდი, კბილები ჩაფშვნილი მქონდა, ახლაც მახსოვს ემალის გემო პირში პირველად ვიგრძენი,- ამის შესახებ ჟურნალისტმა ბექა სივსივაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე საუბრისას.
ბექა სივსივაძის თქმით, 26 მაისის ღამეს გიორგი მამაცაშვილთან ერთად გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის ძალადობის მსხვერპლი, მათგან 2-3 მეტრში ეგდო ადამიანი, რომელსაც თავის ქალა გადახსნილი ჰქონდა და რუხი სითხე იფრქვეოდა მისი თავიდან.
„საუბრობდა გიორგი და უხსნიდა სპეცრაზმელებს ყველა მოსულ ჯგუფს, რომ ვართ ჟურნალისტები, გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა და თუ შესაძლოა თქვენს ხელმძღვანელობასთან გადაამოწმეთ ჩვენი ინფორმაციის სინამდვილე და ამის მიუხედავად ცემა გრძელდებოდა.
რაც დამამახსოვრდა და არასდროს ჩემი თვალებიდან არ ამოდის, ჩვენგან 2-3 მეტრში ეგდო ადამიანი, რომელსაც თავის ქალა გადახსნილი ჰქონდა და რუხი სითხე იფრქვეოდა, ეს იყო საშინელი სანახაობა, მტერსაც რომ არ უნდა უსურვო ამის ნახვა. გიორგიმ სთხოვა ერთ-ერთ სპეცრაზმელს ადამიანი კვდება და იქნებ ყურადღება მიაქციოთო, რასაც საპასუხოდ ისევ ხელკეტებით ცემა მოჰყვა ჩვენი. ზუსტად არ მახსოვს რამდენი ჯგუფი იყო მოსული ჩვენ საცემად. ბოლოს ალბათ დაიღალნენ როგორც იქნა მოვიდა მათი სავარაუდო ხელმძღვანელი ერთ-ერთი და იკითხა ჟურნალისტები ხართო და დავუდასტურეთ, რომ დიახ ჟურნალისტები ვართ. რა საბუთებიც გვქონდა მივეცით, წავიდა წაიღო, კიდევ ერთი ჯგუფი მოვიდა და „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტები აქ ვინ არიანო და ჩვენც გახარებულებმა კი ჩვენ ვართო შევძახეთ. ვიფიქრეთ გვათავისუფლებდნენ და უარესი ჩაიდინეს ისევ ხელკეტებით გაგვისწორდნენ. მოვიდნენ ჩვენთან რამდენიმე სპეცრაზმელმა ხელმკლავი გაგვიკეთა, გვითხრეს რომ თავისუფლების მოდენის ბოლოს ავტობუსები იდგა, რომლითაც გადაგვიყვანდნენ დიღმის სამმართველოში სადაც გაარკვევდნენ ნამდვილად ჟურნალისტები ვიყავით თუ არა. გაგვატარეს კორიდორში, სადაც ასევე იყო ცემა. ბოლოს გავედით თავისუფლების მოედნისკენ, სადაც მიკროავტობუსებშია ჰყავდათ სხვა დაკავებულები. კოლონის ბოლოში იყო ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, რომელიც გიორგის ძალიან კარგად იცნობდა და მის დანახვაზე გიორგიმ სთხოვა ირაკლი თუ შეგიძლია დაუდასტურე, რომ ჩვენ ნამდვილად ჟურნალისტები ვართო და გაგვათავისუფლონო, რა დროსაც ირაკლიმ უთხრა,რომ კი ნამდვილად ჟურნალისტები არიან და ამის შემდგომ ხელებიც არ შეუხსნიათ თითო ჭიტლაყიც გვითავაზეს და გამოგვიშვეს“,- განაცხადა ბექა სივსივაძემ.