რუსეთის ჯარები ომით დაიღალნენ, მაგრამ უკრაინის კიდევ უფრო მეტი ნაწილის ოკუპირება სურთ – The New York Times

19
spot_img

ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთის ჯარები ომით დაიღალნენ, მაგრამ უკრაინის კიდევ უფრო მეტი ნაწილის ოკუპირება სურთ. ცეცხლის შეწყვეტამ შეიძლება რუსეთის მოსახლეობისა და არმიის მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვიოს“ (ავტორი – ანატოლი კურმანაევი).

გთავაზობთ ვრცელ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ბევრი რუსი ჯარისკაცი თვლის, რომ ცეცხლის შეწყვეტა ამჟამინდელ ფრონტის ხაზზე მიუღებელია და თუ კრემლი დასავლეთის მოთხოვნას დაეთანხმება, ხელისუფლება ეროვნული  რისხვის გამოვლენის წინაშე დადგება.

აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან ამასწინანდელი დიპლომატიური მანევრების შემდეგ ბევრმა უკრაინელმა და მათმა ეროპელმა მოკავშირეებმა დონალდ ტრამპი  დაადანაშაულეს იმაში, რომ იგი კრემლს ზედმეტად გადაჭარბებულ და მნიშვნელოვან დათმობებს სთავაზობს, ოღონდაც მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას დათანხმდეს.

მაგრამ რუსეთის არმიის სანგრებიდან და სამხედრო ჰოსპიტალებიდან სიტუაცია სულ სხვაგვარად მოჩანს: ბევრი რუსი ჯარისკაცისთვის და რუსი ნაციონალისტისათვის, რომლებიც სამხედროებს მხარს უჭერს, ვაშინგტონის სამშვიდობო წინადადები, პირიქით, ძალიან მცირეა და, შესაბამისად, მიუღებელი. ამას წინათ გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ ესაუბრა რამდენიმე რუს ჯარისკაცს – მათ ეჭვი შეაქვთ დიპლომატიურ ძალისხმევის შედეგიანობაში და, მათი აზრით, ის მოლაპარაკება, რომელიც პარასკევს სტამბოლში გაიმართა, ხანმოკლე გამოდგა და პრაქტიკულად რუსეთისათვის რაიმე სარგებელი არ მოუტანია. სატელეფონო საუბრების დროს ჯარისკაცებმა უარყვეს უკრაინისთან ცეცხლის უსიტყვო შეწყვეტა და ხაზი გაუსვეს, რომ რუსეთის ჯარებმა უნდა იბრძოლონ, უკიდურეს შემთხვევაში, მანამ, სანამ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ოთხ ოლქს (დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებს) მთლიანად არ დაიკავებს – ანუ იმათ, რომლებზეც რუსეთის პრეტენზიას აცხადებს, მაგრამ ჯერ-ჯერობით სრულად ვერ აკონტროლებს.

„ჩვენ ყველა დავიღალეთ და, რა თქმა უნდა, სახლში დაბრუნება გვინდა. მაგრამ მანამდე ოთხი ოლქი მთლიანად უნდა დავიკავოთ, რომ მომავალში მეტი ბრძოლა აღარ დაგვჭირდეს“, – თქვა სერგეიმ, მობილიზებულმა ჯარისკაცმა, რომლის ასეული დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე იბრძვის, – „თორემ სხვანაირად ისე გამოვა, რომ ჩვენი ბიჭები ტყუილად დაიღუპნენ“.

ეს ინტერვიუ იშვიათი შანსია იმისა, რომ გავიგოთ რუსეთის არმიის ჯარისკაცების მორალური სულისკვეთება. მათში გამოაშკარავებულია ჯარის ის შიდა განწყობა, რომელიც ვლადიმერ პუტინისათვის პრობლემა გახდება იმ შემთხვევაში, თუ იგი ცეცხლის შეწყვეტას თავდაპირველი მიზნის მიუღწევლად დათანხმდება. ჯარისკაცების მოთხოვნებიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ თავის დროზე რუსეთისადმი უკრაინის ოთხი ოლქის სწრაფი მიერთების ფაქტი შეიძლება პრეზიდენტისათვის მოლაპარაკების დროს შემზღუდავი ფაქტორი გახდეს იმდენად, რამდენადაც მათ გაკონტროლებამდე ცეცხლის შეწყვეტას ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დამარცხებად ჩათვლის.

 „ნიუ-იორკ თაიმსის“ რედაქციამ ინტერვიუს მიმცემი ჯარისკაცების ვინაობა შეამოწმა როგორც სოციალური ქსელების, ასევე პირადი დოკუმენტების მიხედვით და რა თქმა უნდა, მათ ვინაობას არ გაამხელს, რაიმე არასასურველი შედეგის თავიდან აცილების მიზნით.

ჯარისკაცები სხვადასხვა სამხედრო ნაწილებში მსახურობენ და სხვადასხვა მიმართულებით იბრძვიან, მაგრამ ბევრი მათგანი ნეგატიურად აფასებს სამხედრო თანამდებობის პირებს და ზურგის ოფიცრებს, რომლებიც ომით ფულს შოულობენ, მდიდრდებიან და ფრონტის წინა ხაზის პრობლემები არ აღელვებთ. მათი რადიკალური განწყობა რუსეთს საკმაო პრობლემებს უმზადებს სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, როცა ისინი სახლებში დაბრუნდებიან, სამოქალაქო ცხოვრებას განაახლებენ და როცა სამხედრო რელსებზე გადასული წარმოება ისევ მშვიდობიან რელსებს დაუბრუნდება..

„თქვენ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს, როცა ქვეყანაში არის მილიონი ადამიანი, რომლებიც მკვლელობას მიეჩვივნენ და სისხლის დაღვრის არ ეშინიათ? – რიტორიკულად იკითხა დიმიტრიმ, – „მილიონი გაჯავრებული მკვლელი – ეს ძალიან სერიოზული რამ არის, თუ ისინი დაინახავენ, რომ ხელისუფლება მათ მხარეს არ არის“.

ზოგიერთი გამოკითხული ჯარისკაცისათვის ძალიან ძნელია შეურიგდეს იმას, რომ საკუთარი სიცოცხლის გაწირვამ და მისმა ბრძოლამ უქმად ჩაიარა, ომში გაწეულმა მსხვერპლმა გამარჯვება არ მოიტანა, ანუ ხელისუფლება მათ პოზიციას ყურადღებას არ აქცევს და მხოლოდ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაც და რუსეთიც ცოცხალი ძალის დანაკარგებს არ ამჟღავნებენ, დამოუკიდებელი მკვლევარების გამოთვლით, საერთო ჯამში დაიღუპა და მძიმედ დაიჭრა მილიონზე მეტი რუსი და უკრაინელი ჯარისკაცი.

„მე ომის დაწყების დროიდან ვიმყოფები საბრძოლო პირობებში და, გულწრფელად გეტყვით, ძალიან დავიღალე“, – თქვა კიდევ ერთმა ჯარისკაცმა, რომელსაც ასევე დიმიტრი ჰქვია, – აღარ მაქვს სურვილი მუდმივად „ვიხარშო ამ სუპში“.

დიმიტრი სერგეისთან ერთად იქნა მობილიზებული 2022 წლის ბოლოს, რითაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის არმიის მოულოდნელი კონტრშეტევა შეაჩერა. მობილიზებულები დაეხმარნენ რუსეთის არმიის სარდლობას ფრონტის სტაბილიზებაში და ინიციატივის ხელში ჩაგდებაში, მაგრამ მათ წინა ხაზზე გაურკვეველი ვადით დარჩენა მოუწიათ. რუსეთის არმიის სარდლობამ ასევე გარკვეველი ვადით გაუგრძელა კონტრაქტები მოხალისეებსაც, რომლებიც შინ დაბრუნება სურდათ. ეს ნიშნავს, რომ სამშვიდობო ხელშეკრულება და შემდგომი დემობილიზაცია რუსი მებრძოლების დიდი ნაწილისათვის ერთადერთ რეალურ შანსს წარმოადგენს, რომ ისინი უახლოეს დროში შინ ცოცხლები და უვნებელნი დაბრუნდნენ.

ინტერვიუში ჯარისკაცები ჩივიან, რომ მათ იშვიათად  აძლევენ სამხედრო სამსახურიდან დროებით გათავისუფლების უფლებას, რომ ხედავენ მეთაურების კორუფციულ მოქმედებებს და რომ იშვიათი ხანმოკლე შვებულებების დროს თანამემამულეთა გულგრილობას აწყდებიან. ზოგიერთ ჯარისკაცს რუს ბიზნესმენებზე ნეგატიური თვალსაზრისი აქვთ და ფიქრობენ, რომ მათ ომის დასრულება არ სურთ, რადგანაც სახელმწიფო ხარჯების და სამხედრო შეკვეთების ბუმის დროს ისინი მდიდრდებიან.

„ამას წინათ ვიდეორგოლი გამომიგზავნეს: ბიჭები და გოგონები კაფე-ბარებში უზრუნველად ცეკვავენ დაღამებიდან გათენებამდე, ჩვენ კი აქ ვიბრძვით და სიკვდილის საფრთხის წინაშე ვდგავართ“, – ამბობს ანდრეი დონეცკიდან, – „ჩვენი არსებობა დავიწყებული აქვთ. ვიღაცეებისათვის ჩვენ გმირები დიდი ხანია აღარ ვართ“.

ბევრი რუსი სამხედრო მოსამსახურისათვის ამ მზარდი უკმაყოფილების ფონზე სადაო ტერიტორიების კონტროლი გადაიქცა იმ მიზნად, რომლის შესრულება აუცილებელია და რომლის შემდეგ ისინი მშვიდობიან ცხოვრებას დაუბრუნდებიან, ანუ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. ეს საკითხი არავისთვის საკამათო არ არის.

„ჩვენ მსოფლიოს ჩვენი ძალა ვაჩვენეთ. ჩვენს წინააღმდეგ მთელი დასავლეთი ომობს, მაგრამ პრინციპში უშედეგოდ“, – ამბობს ევგენი, – „მე არავითარი დათმობის მომხრე არ ვარ. იმიტომ, რომ ვიცი მიწის თითოეული გოჯის ფასი“.

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ მოკლე დროში კრემლმა მოჩვენებითი „რეფერენდუმები“ ჩაატარა მის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულ უკრაინის ოთხ ოლქში, სადაც საომარო მოქმედებები მიმდინარეობდა. მოსახლეობამ თითქოსდა მხარი დაუჭირა ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლას, რაც კრემლმა იურიდიულად დაადასტურა კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილების შეტანით. მაგრამ სამი წლის ბრძოლების შემდეგ ოთხი ოლქიდან მოსკოვი მთლიანად მხოლოდ ერთ ფლობს – ლუგანსკის ოლქს, დანარჩენ სამს – დონეცკის, ხესონის და ზაპოროჟიეს ოლქების ტერიტორიას -რუსეთი მხოლოდ 65%-დან 75%-მდე აკონტროლებს.

ომის განმავლობაში უკრაინის ხელისუფლება კატეგორიულ უარს აცხადებდა რუსეთისათვის ჩამოთვლილი ოლქების ტერიტორია დაეთმო და ითხოვდა თავის საყოველთაოდ აღიარებული საზღვრების აღდგენას, ყოველგვარი სავარაუდო დაზავებისა და ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად. თუმცა ბოლო თვეებში ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი პოზიციები შეარბილა და დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას საერთაშორისო გარანტიების გარეშე იმ იმედით, რომ ტერიტორიების დათმობა დროებითი იქნება.

უკრაინაში და დასავლეთში თვლიან, რომ ფრონტის ხაზის გასწვრივ ცეცხლის შეწყვეტა და კონფლიქტის ფაქტიური გაყინვა კრემლისადმი მსხვილ დათმობას წარმოადგენს: იმის გარდა, რომ უკრაინის მილიონით მოქალაქე რუსეთის კონტროლქვეშ იცხოვრებს, ეს კიდევ იმასაც ნიშნავს, რომ რუსეთის აგრესიული ქმედება წახალისდება.

მაგრამ რუსებს ომის შეწყვეტისადმი თავიანთი დამოკიდებულება აქვთ:  ჯარისკაცებთან ინტერვიუებისა და საზოგადოებრივი გამოკითხვების განზოგადებული შედეგები მოწმობს, რომ ასეთი დაზავება რუსეთის საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს არ დააკმაყოფილებს. კრემლის მიერ წარმოებულმა  მრავალწლიანმა მილიტარისტულმა პროპაგანდამ და ბრძოლის ველზე მოპოვებულმა მეტ-ნაკლებმა წარმატებებმა ბევრი რუსი იმაში დაარწმუნა, რომ მათ ქვეყანას ეგზისტენციალურ ბრძოლა აქვს დასავლეთთან, რაც მხოლოდ უკრაინის კაპიტულაციით უნდა დასრულდეს.

„თუ ახლა ცეცხლი ჩვენი პირობების საფუძველზე არ შეწყდება, მაშინ ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ“, – თქვა რუსმა ჯარისკაცმა ნიკოლაიმ, – „იმიტომ, რომ საწინააღმდეგო შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, ხუთი თუ ათი წლის შემდეგ, ისევ ომი მოგვიწევს“.

უკრაინამ და მისმა მოკავშირეებმა იგივე შიშები გამოხატეს და განაცხადეს, რომ სამშვიდობო შეთანხმების დადებას უსაფრთხოების დასავლური გარანტიების გარეშე მომავალში ისევ რუსეთის ჯარების შეყვანა მოჰყვება.

ვლადიმერ პუტინმა თავისი ომის მიზნებად თავიდანვე უკრაინის დემილიტარიზება და დენაციფიცირება დაასახელა, რომელშიც იგულისხმება ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების შეცვლა, უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე უარი და რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა, რომელსაც, კრემლის ყალბი მტკიცებით, გენოციდი ემუქრება.

აპრილის შუა რიცხვებში რუსეთში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, რესპოდენტთა თითქმის ნახევარმა განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერენ ისეთ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც ამ თავდაპირველი მიზნების მიღწევას არ შეესაბამება. მსგავსი გამოკითხვები აჩვენებს, თუ რა მძიმე და რთული იქნება ვლადიმერ პუტინისათვის ის, რომ ამჟამინდელი სტატუს-ქვო რუსი ხალხის წინაშე გამარჯვებად წარმოაჩინოს.

რასაკვირველია, რუსეთში ბევრი არ ელოდება, რომ ვლადიმერ პუტინს, თავისი აბსოლუტური ძალაუფლების პირობებში, დაუყონებლივი პოლიტიკური ანგარიშწორება ელოდება სამშვიდობო შეთანხმების გამო.  მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე ტოტალური კონტროლი პრეზიდენტს შესაძლებლობას მისცემს, რომ ნებისმიერი შედეგი მოსახლეობას წარმატებად მოაჩვენოს – ყოველ შემთხვევაში, პირველ ეტაპზე მაინც. თუმცა არასტაბილური და მოჩვენებითი გამარჯვება საბოლოო ჯამში შეიძლება უკმაყოფილებაში გადაიზარდოს, რომელსაც შეიძლება მორიგი „ვაგნერის ამბოხება“ მოჰყვეს – ისე როგორც 2023 წელს მოხდა.

კრემლის ჩინოვნიკები, ალბათ, ამ მხრივ კიდევ ერთ არასასიამოვნო ფაქტს გაიხსენებენ – როცა ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანამ 1989 წელს ვეტერანები გააბოროტა და საბჭოთა სახელმწიფოს კრახი დააჩქარა. ასევე, რუსეთის არმიის არცთუ ისე ბრწყინვალე გამარჯვებამ ჩეჩენ სეპარატისტებზე საზოგადოებაში უკმაყოფილობა გააჩინა, რომლითაც ვლადიმერ პუტინმა კარგად ისარგებლა ხელისუფლებაში მოსასვლელად 2019 წელს.

„რასაკვირველია, მე მინდა ცეცხლის შეწყვეტა – იმიტომ, რომ ცივი მშვიდობა ცხელ ომს ბევრად სჯობს“, – ამბობს ყოფილი „ვაგნერელი“ დიმიტრი, – „მაგრამ ჩვენ უკვე ისეთი დიდი ნაბიჯები გადავდგით წინ, რომ ახლა გაჩერება არ შეგვიძლია“.

წყარო