უკრაინასთან მიმართებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია უხმაუროდ იცვლება – Financial Times

3
spot_img

„უკრაინასთან მიმართებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია უხმაუროდ იცვლება“, – ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულ სტატიას (ავტორი – გაი ჩაზანი), რომელშიც განხილულია აშშ-ის ლიდერთა დამოკიდებულების ტრანსფორმაცია რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით: თეთრი სახლი სულ უფრო იხრება უკრაინის მხარდაჭერისაკენ და მიიჩნევს, რომ რუსეთს გადაჭარბებული ამბიციები აქვს.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საგარეოპოლიტიკურ ფორუმზე, რომელიც ვაშინგტონში შვიდ მაისს გაიმართა, როცა ვიცე-პრეზიდენტს ჯეიმს დევიდ ვენსს უკრაინის შესახებ კითხვა დაუსვეს, დამსწრე დიპლომატები ელოდნენ, რომ იგი, ჩვეულებრივ, უკრაინას გააკრიტიკებდა, მაგრამ ამის ნაცვლად მათ „სრულიად სხვა პასუხი მოისმინეს“: ჯეიმს ვენსმა ისაუბრა რუსეთის მოთხოვნებზე კიევის მიმართ და აღნიშნა, რომ „ჩვენი აზრით, კრემლს ძალიან ბევრის მიღება სურს“.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა იგივე გაიმეორა მომდევნო დღეს ტელეარხ „ფოქს ნიუსთან’ ინტერვიუში და დაამატა, რომ „რუსეთს არ უნდა ჰქონდეს იმ ტერიტორიის გადაცემის იმედი, რომელიც მას ჯერ არ დაუკავებია“.

აშშ-ის ოფიციალური პირები სულ უფრო მეტად ავლენენ მოუთმენლობას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ. თავდაპირველი ეჭვები, რომ ცეცხლის შეწყვეტასა და სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას ყველაზე დიდ დაბრკოლებას მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკი უქმნის, ახლა იმით შეიცვალა, რომ სამშვიდობო პროცესის ყველაზე მთავარ დამამუხრუჭებელს ვლადიმერ პუტინი წარმოადგენს. ანუ შეერთებული შტატები ამჟამად სწორედ ვლადიმერ პუტინს თვლის ხელშემშლელ ფაქტორად, რომლისთვისაც კომპრომისები მიუღებელია.

„ამერიკელებს უბრალო იდეა ჰქონდათ – მოდით, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ ზეწოლა მოვახდინოთ და რუსეთი მოვხიბლოთ. კრემლს ასე უფრო იოლად დათანხმდება გარიგებას. როგორც აღმოჩნდა, რუსეთის მოხიბვლა არასაკმარისი ყოფილა“, – განაცხადა ვოლფგანგ იშინგერმა, გერმანელმა დიპლომატმა, ყოფილმა ელჩმა აშშ-ში. მან აღნიშნა, რომ მოხარულია ჯეიმს ვენსის თვალსაზრისი ცვლილებით რუსეთის მიმართ და რომ კრემლთან დამოკიდებულების საკითხში აშშ-სა და ევროპის პოზიციები ერთმანეთს უახლოვდება. იმავდროულად ვოლფგანგ იშინგერმა მიუთითა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯერ არ გადაუდგამს მორიგი ლოგიკური ნაბიჯი და არ უთქვამს, რომ მოსკოვის მიმართ „ქანჩები უნდა იქნას მოჭერილი“.

დამკვირვებელთა აზრით, რუსეთის უარი კომპრომისზე დონალდ ტრამპს ძალიან აღიზიანებს. „აშშ-ის პრეზიდენტის დიტყვებში სინანული გამოსჭვივის. მას ისეთი შეგრძნება აქვს, რომ ძალიან ბევრი გასცა და ამის სანაცვლოდ უკან არაფერი არ მიუღია“, – განაცხადა მაიკლ მაკფოლმა, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში.

კიდევ ერთი დიპლომატის – უილიამ ტეილორის თქმით (იგი აშშ-ის ელჩი იყო კიევში 2006-2009 წლებში), „დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ვლადიმერ პუტინი აშშ-ის მეგობარი  არ არის… მისი ნდობა არ შეიძლება. გაჩნდა იმის შეგრძნება, რომ კრემლი სერიოზულ მოლაპარაკებას არც აპირებს“.

„დონალდ ტრამპი ნათლად ხედავს, რომ ვლადიმერ პუტინი მზად არ არის თანამშრომლობისათვის… თუმცა მე დარწმუნებული არ ვარ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ტავის რუს კოლეგაზე მნიშვნელოვან ზეწოლას განახორციელებს“, – აღნიშნავს ერიკ გრინი, კარნეგის ფონდის თანამშრომელი, რომელიც ჯო ბაიდენის პრეზდენტობის დროს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში პროგრამების მთავარ დირექტორად მუშაობდა და რუსეთთან დაკავშირებულ კვლევებს ხელმძღვანელობდა.

თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მომხდარი ინციდენტიდან, როცა დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი მწვავედ შეკამათდნენ, საკმაო დრო გავიდა, აშშ-ის და უკრაინის ურთიერთობა ნორმალური რეჟიმით მიმდინარეობს, რასაც ხელი შეუწყო მინერალური რესურსებით სარგებლობის შესახებ ხელმოწერილმა შეთანხმებამ. უკრაინელი ჩინოვნიკების აზრით, აღნიშნული გარიგება ზრდის იმის ალბათობას, რომ აშშ უკრაინის თავდაცვის დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს. „დონალდ ტრამპი დღეისათვის „თამაშში უკვე ჩართულია“, – თქვა ერთ-ერთმა უკრაინელმა დიპლომატმა.

იმავდროულად პასუხგაუცემელი რჩება კითხვა – მართლაც არის დონალდ ტრამპი სიმპათიურად განწყობილი უკრაინის მიმართ თუ იგი უბრალოდ იმას აჩვენებს, რომ თითქოსდა მზადაა რუსეთის დასასჯელად  კრემლის ჯიუტობის გამო? ბევრმა დასავლელმა ლიდერმა და მათ შორის, დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენელმა კიტ კელოგმა გააკრიტიკეს ვლადიმერ პუტინის წინადადება რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკების შესახებ საომარი მოქმედებების შეწყვეტის გარეშე, რასაც დასავლეთი და უკრაინა ითხოვს, თუმცა თვითონ დონალდ ტრამპმა „პუტინის გამბიტი მოიწონა“.

ექსპერტების აზრით, რუსეთი ელოდება, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ დონალდ ტრამპის მოთმინების ფიალა აივსება და იგი თავის მცდელობებს შეწყვეტს. „პუტინი გრძელვადიან თამაშს თამაშობს და თვლის, რომ დრო მის სასარგებლოდ მუშაობს. კრემლი ელოდება, რომ დონალდ ტრამპი ინტერესს დაკარგავს, ამერიკელები სამხედრო დახმარებას შეწყვეტენ და ამის შედეგად უკრაინის არმია დასუსტდება“, – ამბობს მაიკლ მაკფოლი, აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში.

ექპერტები ადასტურებენ, რომ ბოლო ხანებში იმის რისკი, რომ დონალდ ტრამპი უკრაინას ბედის ანაბარად მიატოვებს, მნიშვნელოვნად შემცირდა. როგორც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ექს-თანამშრომელი თომას გრემი ამბობს, დონალდ ტრამპისათვის რთული იქნება თავისი ერთ-ერთი მთავარი მიზნის მიღწევა – რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა – უკრაინის საკითხის წინასწარი გადაწყვეტის გარეშე. „ამჟამად ბევრი რამ არის სასწორზე დადებული. დიახ, მას შეუძლია უკრაინის მიტოვება, მაგრამ თუ პრეზიდენტი ამას გააკეთებს, მისი ნაბიჯი კრახს დაემსგავსება“, – ასკვნის თომას გრემი.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ