რატომ არ არის მზად ვლადიმერ პუტინი იარაღის დაყრისათვის – The Daily Telegraph

19
spot_img

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რატომ არ არის მზად ვლადიმერ პუტინი იარაღის დაყრისათვის“ (ავტორი – ადრიან ბლომფილდი), რომელშიც რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის ირგვლივ ბოლო დღეებში მომხდარი მოვლენებია განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

იწყება მორიგი თამაშები ომის მონაწილეებისა და ომის ზღვარზე მყოფი ქვეყნების მონაწილეობით. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის პირადად შეხვდეს მოსალაპარაკებლად თავის მტერს – რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს სტამბოლში. პრონლემა ისაა, დაჯდება თუ არა კრემლის ბინადარი თავისი მოწინააღმდეგის პირისპირ.

ვლადიმერ პუტინმა სადღესასწაულო ზეიმისა და დაძაბული დიპლომატიური „უიკენდის“ შემდეგ, როცა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერებს შეუერთდა კიევში, როგორც იქნა, თავისი სვლა გააკეთა.

მაგრამ რუსეთის ლიდერმა ყურადღება არ მიაქცია ევროპის მოთხოვნას – ცეცხლის 30-დღიან დაუყონებლივ შეწყვეტაზე და იმ მუქარას, რომ თუ ცეცხლას არ შეწყვეტდა, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესდებოდა. ამის ნაცვლად მან შემხვედრი წინადადება წამოაყენა: პირდაპირი მოლაპარაკება რუსეთსა და უკრაინას შორის თურქეთში, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.

ევროპის დედაქალაქებში მცირე იმედი აქვთ, რომ რაიმე დიპლომატიური გარღვევა მოხდება – ისეთი, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდეს, თუმცა ყურადღება მივაქციოთ ერთ მომენტს: ეს არ არის დათმობა ვლადიმერ პუტინის მხრიდან. ეს არის მანევრი, რომელმაც ამჟამინდელ სიტუაციაში თეთრი სახლის მხარდაჭერა დაიმსახურა.

წინ, წარსულისაკენ?!

აშკარად ჩანს ვლადიმერ პუტინის წინადადების არსი: ორივე მხარე ბრუნდება იმ პოზიციებზე, რომლებიც მათ სრულმასშტაბიანი ომის პირველ თვეებში – 2022 წლის მარტ-აპრილში ჰქონდათ დაკავებული. იმ დროს ვლადიმერ პუტინი მოხარული იყო იმით, რომ მისი ემისრები სტამბოლში მოლაპარაკებას აწარმოებდნენ უკრაინის კაპიტულაციის პირობების თაობაზე.

თურქეთში გამართული მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის შემდეგ მომზადდა დოკუმენტი – „სტამბოლის კომუნიკეს“ სახელწოდებით – რომლის თანახმად, უკრაინა გამოაცხადებდა მუდმივ ნეიტრალიტეტს, უარს იტყოდა თავის ამბიციურ მიზანზე – ნატოს წევრობაზე და დათანხმდებოდა ტავისი შეიარაღებული ძალების მკვეთრ შემცირებაზე. სამაგიეროდ, კიევი მიიღებდა უსაფრთხოების გარანტიებს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებისაგან – დიდი ბრიტანეთისგან, საფრანგეთისგან, აშშ-სგან, ჩინეთისა და რუსეთისაგან.

თავის მხრივ კიევმა გაიხსენა, თუ რა ფარატინა ქაღალდს წარმოადგენს მსგავსი დაპირებები – 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმის მაგალითზე, როცა ბირთვულ იარაღზე უარის თქმის სანაცვლოდ გაეროს უშისროების საბჭოს იგივე წევრებმა უკრაინას ტერიტორიისა და საზღვრების ხელშეუხებლობა აღუთქვეს – და კრემლის შეთავაზებაზე თავაზიანი უარი განაცხადა.

„ჯერ ქვემეხები უნდა დადუმდნენ“

კრემლის წარმომადგენლებმა თავიანთ განცხადებებში მიანიშნეს: რუსეთი ელოდება, რომ უკრაინა ადრე უარყოფილ სტამბოლის კომუნიკეს დაუბრუნდება და ახალი მოლაპარაკებისათვის ძირითად სახელმძღვანელო დოკუმენტად ჩათვლის. გარდა ამისა, კრემლის ჩინოვნიკის იური უშაკოვის თქმით, „მოლაპარაკების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია“, რაც იმას გულისხმობს, რომ უკრაინა უნდა დათანხმდეს ტერიტორიულ დანაკარგებზე, ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, კიევი მძიმე ბედს უნდა შეურიგდეს – კერძი, რომელიც ვლადიმერ პუტინის მიერ არის შეთავაზებული, იმაზე ნაკლებად გემრიელია, რომელიც 2022 წლის მარტ-აპრილში იყო.

რასაკვირველია, პუტინის შეთავაზების ნეგატიური ფონი ევროპელმა ლიდერებმაც შეამჩნიეს: საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონიმ რუსი ლიდერი დროის გაჭიანურებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ კრემლი განგებ ცდილობს ათასგვარი ხრიკით ნამდვილი სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება გაურკვეველი დროით გადადოს. ფრიდრიხ მერცი, გერმანიის ახალი კანცლერი, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ წამოყენებული წინადადების მომხრეა: ჯერ ცეცხლის შეწყვეტა, შემდეგ კი მოლაპარაკება. „ჯერ ქვემეხები უნდა დადუმდნენ, შემდეგ კი მოლაპარაკება დაიწყება“, – თქვა მან.

მაგრამ იმ დროს, როცა ევროპელები იმედოვნებდნენ, რომ ერთიანი ფრონტით გამოვიდოდნენ, მისტერ დონალდ ტრამპს სულ სხვა გეგმები ჰქონდა: აშშ-ის პრეზიდენტი, როგორც ჩანს, ძალიან მოხარული იყო მიეღო ვლადიმერ პუტინის ისეთი პოზიცია, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას უარყოფდა და დაუყონებლივ მხარი დაუჭირა კრემლის შემხვედრ წინადადებას. თეთრის სახლის ოვალური კაბინეტიდან მან კვლავ ზეწოლა განახორციელა ვოლოდიმირ ზელენსკიზე და სოციალურ ქსელში მას პუტინის წინადადებისადმი „დაუყონებლივი“ დამორჩილებისაკენ მოუწოდა.

უკრაინის ლიდერმა შეხვედრის ვალდებულება ყოველგვარი ხმაურისა და აჟიოტაჟის გარეშე იკისრა. იგი ცდილობს, რომ თეთრ სახლში მომხდარი პოლიტიკური ინციდენტის შემდეგ ყველა ბარიერი გადალახოს, აშშ-ის პრეზიდენტ ყველაფერში დაეთანხმოს და ამით დონალდ ტრამპს იმ იმედით მიანიშნოს, რომ სწორედ რუსეთი ქმნის ბარიერებს მშვიდობის გზაზე. ამიტომაც მან განაცხადა, რომ მზად არის 15 მაისს სტამბოლში პირადად შეხვდეს ვლადიმერ პუტინს.

კრემლი უხერხული მდგომარეობაში?!

მართლაცდა, რუსეთის ლიდერი უხერხულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი. ერთი მხრივ, მას თითქოს მომგებიანი პოზიცია აქვს ბრძოლის ველზე და შესაბამისად, იგი თავის ემისრებს სტამბოლში იმ იმედით გაგზავნის, რომ უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულებს და თუ კიევი არ დათანხმდება, კრემლი ამის რეკლამირებას მოახდენს – აი, ვინ აბრკოლებს ომის შეწყვეტასო და დონალდ ტრამპს მიანიშნებს, რომ მოსკოვი ყველაფერს ცდილობს, კიევი კი წინააღმდეგია.

ვლადიმერ პუტინის ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრა კი სულ სხვა საქმეა: ეს ნიშნავს, რომ მხარეები თანასწორუფლებიანები არიან და პუტინს გაუჭირდება თავისი არგუმენტების დაცვა, რომ მისი უკრაინელი კოლეგა უკანონო დიქტატორია, რომლის ქმედება ნაცისტების ქცევას მოგვაგონებს.

გარდა ამისა, თანასწორუფლებიანი მხარეების პირდაპირი მოლაპარაკება მოითხოვს კონკრეტულ და ორივე მხარისათვის მისაღებ შედეგებს. ორი ლიდერი, ჩვეულებრივ, არ ჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ ერთი მეორისაგან უსიტყვო კაპიტულაციას ითხოვს.

უეჭველია, რომ ამჟამად სერიოზული კონტაქტები მიდის კულისებსმიღმა არხებით. ევროპელი დიპლომატების განცხადებას, რომ უახლოესი დღეები შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს, შეიძლება საფუძველი მართლაც აქვს. და თუ ვლადიმერ პუტინი სტამბოლში მართლაც გამოჩნდება, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რომ სამშვიდობო გარიგების დადების შანსები ნამდვილად დიდია.

ან შეიძლება ეს ყველაფერი მხოლოდ „სასურველ სინამდვილედ“ ჩავთვალოთ. ამ ეტაპზე ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპისაგან მნიშვნელოვანი ქულა მიიღო, როცა თეთრმა სახლმა კიევს კრემლის წინადადებაზე დათანხმებისაკენ მოუწოდა. მაგრამ კითხვა, რომელზეც პასუხი არ არის, გამოიხატება შემდეგში: რატომ გადაწყვიტა ტაქტიკის შეცვლა კრემლმა მაინცდამაინც ახლა?

წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ