ინდოეთი და პაკისტანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ

27
spot_img

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ განცხადებიდან რამდენიმე საათში ინდოეთმა და პაკისტანმა ერთმანეთი „დარღვევებში“ დაადანაშაულეს.

შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ადგილობრივებმა ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებად ნაწილში რამდენიმე ძლიერი აფეთქების შესახებ განაცხადეს. ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ შეთანხმება რამდენიმე საათის განმავლობაში არაერთხელ დაირღვა. მოგვიანებით დელის მხრიდან დარღვევების შესახებ განცხადება პაკისტანის საგარეო უწყებაში გაკეთდა.

ინდოეთსა და პაკისტანს შორის ბრძოლები 4 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. შაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნები სრულ და დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

6 მაისს, ინდოეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყო ოპერაცია „სინდური“, რომლის ფარგლებში დარტყმა მიაყენეს ტერორისტულ ინფრასტრუქტურას პაკისტანში და პაკისტანის მიერ ოკუპირებულ ჯამუსა და ქაშმირში, საიდანაც იგეგმებოდა და ხორციელდებოდა ტერორისტული თავდასხმები ინდოეთის წინააღმდეგ.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა განაცხადა, რომ პაკისტანს აქვს სრული უფლება, ძალისმიერად უპასუხოს ინდოეთის მიერ თავსმოხვეულ ომის ამ აქტს.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ინდოეთსა და პაკისტანს მაქსიმალური სამხედრო თავშეკავებისკენ მოუწოდა.

22 აპრილს, ინდოეთის ჩრდილოეთით მდებარე ჯამუ და ქაშმირის რეგიონში ტერორისტების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტების ჯგუფი, რომელიც დაკავშირებულია დაჯგუფება „ლაშქარ-ი-ტაიბასთან“, თავს დაესხა ტურისტების ჯგუფს ქაშმირის სამხრეთით მდებარე ბაისარანის ხეობაში. ინდოეთი თავდასხმას პაკისტანს უკავშირებს. პაკისტანი ინდოეთის ბრალდებებს უარყოფს.