ჩვენ ვცდილობთ, დავაწესოთ სანქციები ქართველ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ძალის გამოყენებაზე, სამწუხაროდ, აქამდე ვერ მოხერხდა ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესება, რადგან ამისთვის გვჭირდება ერთსულოვნება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა, დაეწესებინა ორმხრივი სანქციები და ეს რაოდენობა იზრდება.
„ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები იმეორებენ, რომ ჩვენ ვერ შევეგუებით ძალადობას ნებისმიერი ფორმით. თბილისის ქუჩებში და საქართველოს სხვა ქალაქებში რაც ვნახეთ, მიუღებელია. ბევრი ადამიანი უსამართლოდ არის დაკავებული, ჩვენ ვცდილობთ, რომ დავაწესოთ სანქციები ქართველ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ძალის გამოყენებაზე. სამწუხაროდ, აქამდე ვერ მოხერხდა ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესება, რადგან ამისთვის გვჭირდება ერთსულოვნება, რამდენიმე წევრი არ არის იმ პოზიციაზე, რომ შემოუერთდეს ამ ერთსულოვნებას. სწორედ ამიტომ, რამდენიმე წევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა, დაეწესებინა ორმხრივი სანქციები და ეს რაოდენობა იზრდება“, – განცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.