
მავნებლები ჯერ კიდევ ფართხალებენ, მათ შორის სამეგრელოში, ქმნიან ილუზიას, რომ რაღაცას წარმოადგენენ. უნდა იცოდნენ, რომ ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებთ, მათი არსებობა ჩვენი არსებობის პირდაპირპროპორციულია, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
კერძოდ, წულუკიანმა კითხვით მიმართა ლაშა არქანიას, რომელიც კომისიის სხდომაზე იმყოფება:
„დღეს ხომ არ გემუქრებათ ვინმე ან რამე, რადგან ეს მავნებლები ჯერ კიდევ ფართხალებენ, მათ შორის სამეგრელოში, ქმნიან ილუზიას იმის თაობაზე, რომ საერთოდ რაღაცას წარმოადგენენ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ბევრნი ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებთ, ვიდრე ისინი ფართხალებენ. მათი არსებობა ჩვენი არსებობის პირდაპირპროპორციულია. ჩვენ ვართ ჯარისკაცები, არსად წასვლას არ ვაპირებთ, ვიდრე ისინი არ განადგურდებიან. შესაბამისად, ხომ არ არის მაინც რაღაც საფრთხე, თუნდაც მოჩვენებითი, რადგან ამდენ ჭირ-ვარამ გამოვლილ ადამიანს, შეიძლება, მეტად ალესილი გქონდეს მგრძნობელობა სხვადასხვა მხრიდან მომდინარე საფრთხეებისადმი. ხომ არ არის ასეთი, რომ საჯაროდ ვუთხრათ საზოგადოებას და ჩვენც ვიცოდეთ?“
ამასთან, თეა წულუკიანის თქმით, კომისიის დასკვნით უნდა დადგინდეს ფაქტი, რომ „რეჟიმს ჰყავდა მსხვერპლები“.
„როგორც ეშმაკს ეშინია სიწმინდის და უფლის, ასე ეშინიათ სააკაშვილს და მის კვლავ აქტიურ ცოფიანებს მსხვერპლების ხსენების, მათთვის პატივის მიგების. მსხვერპლებისთვის პატივის მიგების ფაქტს არ გვპატიობენ არცერთს, მათ შორის, არც მე და არც ჩემს რომელიმე თანამებრძოლს.
არადა, დასკვნა, რომელიც კომისიამ უნდა დადოს და მთელი საქმიანობა, რასაც „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ეწევა, მიმართულია იქით, რომ დადგინდეს ფაქტი, იმ რეჟიმს ჰყავდა მსხვერპლები, უფრო მეტიც – მოკლული, ნაწამები მსხვერპლები. ზოგი მსხვერპლი დღეს ცოცხალია, მაგრამ ისეთ უბედურებაში გაიარა, ხანდახან ეჭვი გაგიჩნდება ადამიანს, კი მოძრაობს, დადის, ცხოვრობს, მაგრამ, რეალურად, ცოცხალია? ის ცოცხალი ცხოვრებით ცხოვრობს თუ არა? ასეთი მსხვერპლებიც შეგვხვედრია, სამწუხაროდ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.