ზელენსკი „შერიგების“ თაობაზე პუტინის განცხადებას გამოეხმაურა

20
spot_img

უკრაინას რუსეთთან ხანგრძლივი ომი არ სურს. უფრო მეტიც, დღეს უკვე გვაქვს ყველა ინსტრუმენტი, რომ ეს სწრაფად დავასრულოთ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კერძოდ, ზელენსკიმ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, თუ როგორ ეხმაურება კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „უკრაინასთან შერიგება გარდაუვალია“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მოკავშირეების მხარდაჭერის გარეშე არ დარჩება.

„ჩემი აზრით, თუ უკრაინა ძლიერი იქნება, ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდება. ყველა ინსტრუმენტი, უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატებისა და ჩვენი ევროპელი კოლეგების ხელშია. ამერიკასა და ევროპას შორის ალიანსის შენარჩუნება ნომერ პირველი ამოცანაა. აიძულონ რუსეთი, დათანხმდეს სრულ, უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. უფრო მეტიც, ეს წინადადება შეერთებულმა შტატებმა წამოაყენა და ჩვენ მას მხარი დავუჭირეთ. ესეც პრიორიტეტული ამოცანაა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ დასძინა, რომ უკრაინა 2025 წლის ბოლომდე 3 მილიონ ჭურვს მიიღებს. მისი თქმით, რუსებმა ეს უნდა იცოდნენ.

„ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს ხანგრძლივი ომი სურს, ჩვენ მისი დასრულება გვინდა. ყველა ომი მთავრდება, ნებისმიერ შემთხვევაში, რაშიც დარწმუნებული ვარ, ომი დასრულდება, ისევე, როგორც  ხანგრძლივი დიქტატორული რეჟიმები მთავრდებიან ყოველთვის, როგორც მთავრდება ნებისმიერი იმპერიის სიცოცხლე, რომელიც უბრალოდ ომის პრინციპებზეა აგებული, ადამიანების, მათი უფლებების უპატივცემულობის პრინციპებზე“, – ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს მას ბირთვული იარაღის გამოყენების საჭიროება არ ჰქონდა. მისივე თქმით, „უკრაინასთან შერიგება გარდაუვალია, ეს დროის საკითხია“.

პუტინმა აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, „სურდათ რუსეთის პროვოცირება“, რათა უკრაინაში ბირთვული იარაღი გამოეყენებინა. კრემლის ლიდერის თქმით, „იმედი აქვს“, რომ ამის საჭიროება არ იქნება.