ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მოვლისა და პერსონალის წვრთნებისთვის 310 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტის მიყიდვა დაამტკიცა.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, მხარდაჭერის პაკეტი F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მოდიფიკაციასა და განახლებას, პერსონალის მომზადებას, გამანადგურებლების მოვლას, სათადარიგო ნაწილებს, აღჭურვილობას, გასაიდუმლოებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, ტექნიკურ მხარდაჭერასა და კვლევებს ითვალისწინებს.
„აღნიშნული გაყიდვა მხარს დაუჭერს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მიზნებსა და ეროვნული უსაფრთხოების ამოცანებს პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოების გაუმჯობესების გზით. ასევე, გააძლიერებს უკრაინის უნარს, გაუმკლავდეს არსებულ და მომავალ საფრთხეებს“, – ნათქვამია განცხადებაში.