
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპმა შეიძლება ამალ კლუნს აშშ-ში შესვლა და ყოფნა აუკრძალოს“ (ავტორი – ბედიქტ სმიტი). პუბლიკაცია ეხება ცნობილი მსახიობის ჯორჯ კლუნის მეუღლეს – ადვოკატს, რომელმაც თავის დროზე მხარი დაუჭირა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრებას.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
ამალ კლუნი, ლიბანური წარმომავლობის ბრიტანეთის მოქალაქე, ადვოკატი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, რომელიც ცნობილი ამერიკელი მსახიობის ჯორჯ კლუნის ცოლი გახლავთ, შესაძლოა აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან სანქციის მსხვერპლი გახდეს – მას შემდეგ, რაც კომისიამ, რომლის სხდომაშიც ამალ კლუნი მონაწილეობდა, რეკომენდაცია გასცა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების თაობაზე, ღაზას სექტორში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების გამო.
ადვოკატები, რომლებიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდნენ, მათ შორის ბარონესა კენედი და ლორდი ადრიან ფულფორდი, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააფრთხილა, რომ შესაძლოა მათ აშშ-ში შესვლა აეკრძალოთ, – წერს გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“.
ამჟამად ზუსტად ცნობილი არ არის, რომ აკრძალვა გავრცელდება თუ არა ადვოკატ ამალ კლუნზეც, მაგრამ ფაქტია, რომ იგი იყო იმ კომისიის წევრი, რომელმაც რეკომენდაცია მისცა პროკურორ ქარიმ ხანს ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის თავდაცვის მაშინდელი მინისტრის იოავა გალანტის დასაპატიმრებლად.
როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა გამოიყენა თავისი უფლებამოსილება და აშშ-ში შესვლა აუკრძალა თვითონ პროკურორ ქარიმ ხანს და მის ოჯახის წევრებს, ყარადაღა დაადო მის ამერიკულ აქტივებს და გააფრთხილა, რომ კიდევ უფრო მეტ მკაცრ ზომებს მიიღებდა სასამართლოს თანამშრომლების მიმართ, რომელთა უკანონო და უსაფუძვლო მოქმედება მიმართულია აშშ-სა და მისი ახლო მეგობრის ისრაელის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ“.
დონალდ ტრამპის განკარგულება მოიცავს აღნიშნული გადაწყვეტილების მიმღები და რეკომენდაციის მიმცემი პირებისათვის აშშ-ში არსებული ქონების გაყინვას და ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას.
ამბობენ, რომ კლუნების ოჯახი ძირითადად საფრანგეთში ცხოვრობს, მათ აქვთ სახლები დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში, თუმცა ამჟამად ისინი ნიუ-იორკში იმყოფებიან, სადაც მისტერ კლუნი მთავარ როლს ასრულებს ბროდვეის შოუში „ღამე მშვიდობისა და წარმატებები“.
დონალდ ტრამპის განკარგულების აღსასრულებლად 60-დღიანი ვადაა განსაზღვრული, რომელიც მალე დასრულდება, ანუ სანქციის გადაწყვეტილების მიღების დრო ახლოვდება.
როგორც ამალ კლუნმა დაწერა „კლუნის სამართლიანობის ფონდის“ ვებ-საიტზე, იგი მართლაც მონაწილეობდა კომისიის სხდომაში და მართლაც მოაწერა ხელი რეკომენდაციას იმ პირების დაპატიმრების თაობაზე, რომლებმაც ღაზას სექტორში ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები და სხვა დანაშაულობები ჩაიდინეს. „ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის კანონი (კონვენცია) 100 წლის წინათ იქნა მიღებული და მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოქმედებს, კონფლიქტის მიზეზების მიუხედავად. მე მჯერა, რომ კანონის უზენაესობა და მისი მოთხოვნები უნდა აღსრულდეს“.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ასევე მიიღო ტერორისტული ორგანიზაციის „ჰამასის“ სამი ლიდერის დაპატიმრების ორდერიც, თუმცა ისინი მოკლულები იქნენ ისრაელის არმიის ჯარისკაცების მიერ.
ჯორჯ კლუნი აშშ-ის დემოკრატიული პარტიის დიდი ხნის მხარდამჭერია. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა შარშან საპრეზიდენტო კამპანიის დროს, აქტიურად ეხმარებოდა იმდროინდელ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ფულის შეგროვებაში, თუმცა საბოლოოდ, როცა დარწმუნდა, რომ ჯო ბაიდენს პრეზიდენტად არჩევის შანსები აღარ ჰქონდა, ჯორჯ კლუნმა მას კამპანიის შეწყვეტისაკენ მოუწოდა.
მარტში პროგრამა „60 წუთისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ჯორჯ კლუნმა დონალდ ტრამპი გააკრიტიკა – რესპუბლიკელი პრეზიდენტი მასმედიას ავიწროვებსო, რის გამოც თეთრი სახლის ბინადარის რისხვა დაიმსახურა: „ვინ არის ჯორჯ კლუნი? მეორეხარისხოვანი მსახიობი და არშემდგარი პოლიტოლოგი. მისი ინტერვიუ ყალბია. ჯორჯ კლუნი მძინარე ჯოს ასარჩევად ყველაფერზე მიდიოდა, შემდეგ კი, ჩემთან დებატებში მარცხის გამო, უპატრონო ძაღლივით მოექცა და მიატოვა. შემდეგ, როგორც ვიცი, ბარაკ ობამას რჩევით, კამალა ჰარისის დახმარება გადაწყვიტა, მაგრამ იქაც არაფერი გამოუვიდა“, – დაწერა დონალდ ტრამპმა Truth-ის სოციალურ ქსელში.