პრეზიდენტი პუტინი ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდა, მაგრამ გვინდა გარანტიები, რომ ეს აღარ იქნება გამოყენებული უკრაინის სამხედრო ძალების გასაძლიერებლად -სერგეი ლავროვი

128
spot_img

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაუყოვნებლივ დაუჭირა მხარი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადებას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ იმ პირობით, რომ წარსულის შეცდომები აღარ განმეორდება.

ლავროვმა ეს განცხადება CBS-თან ინტერვიუში გააკეთა, როდესაც დაუსვეს შეკითხვა, რატომ აგრძელებს რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებს იმ ფონზე, როცა უკრაინა მზად არის ცეცხლის შეწყვეტისთვის და აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს : „ვლადიმერ, შეჩერდი!“.

„ჩვენ მხოლოდ იმ ობიექტებს ვუტევთ, რომლებსაც სამხედროები იყენებენ. რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტას და შეწყვეტისკენ მოწოდებას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაუყოვნებლივ დაუჭირა მხარი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რამდენიმე კვირის წინ გაკეთებულ წინადადებას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ იმ პირობით, რომ არ გავიმეორებთ ბოლო ათი წლის შეცდომებს, როდესაც ხელი მოეწერა შეთანხმებებს და უკრაინამ ისინი დაარღვია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისა და ევროპული ქვეყნების მხარდაჭერითა და წახალისებით“, – განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, ეს იყო 2014 წლის თებერვლის შეთანხმების ბედი, შემდეგ კი -მინსკის შეთანხმებების ბედი და 2022 წლის აპრილში სტამბოლში მიღწეული შეთანხმების ბედი.

„ასე რომ, პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტა – დიახ, მაგრამ ჩვენ გვინდა გარანტიები, რომ ცეცხლის შეწყვეტა აღარ იქნება გამოყენებული უკრაინის სამხედრო ძალების გასაძლიერებლად და რომ იარაღის მიწოდება უნდა შეწყდეს“, – აღნიშნა ლავროვმა.