
უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებები გრძელდება. ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ ამჯერად მოსკოვში შეხვდა. ჯერჯერობით უცნობია, მიაღწიეს თუ არა მხარეებმა რაიმე სახის შეთანხმებას.
მოლაპარაკებების პარალელურად, ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი ვატიკანში პაპის დაკრძალვის ცერემონიაზე იმყოფებიან. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრის სურვილი უკვე გამოთქვა, თუმცა ტრამპს ზელენსკის ინიციატივისთვის პასუხი ჯერ არ გაუცია.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მნიშვნელოვანია მსოფლიომ რუსეთზე სანქციები გააძლიეროს.
“მე ვიზიარებ პრეზიდენტ ტრამპის მოსაზრებას, რომ უკრაინას არ აქვს საკმარისი შეიარაღება, რათა დაიბრუნოს კონტროლი ყირის ნახევარკუნძულზე სამხედრო გზით. თუმცა მსოფლიოს შეუძლია გამოიყენოს სანქციები და გამოიყენოს ეკონომიკური და დიპლომატიური ზეწოლის სხვა საშუალებები, რათა ისაუბროს ამაზე და განიხილოს ტერიტორიული საკითხები, მხოლოდ ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტის შემდეგ. ცეცხლის უპირობო შეწყვეტა იძლევა შესაძლებლობას ვისაუბროთ ყველაფერზე და ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერი ფორმატით. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ამას, ნებისმიერ პირთან, ნებისმიერ დროს, თუმცა მას შემდეგ , როცა მივიღებთ რეალურს სიგნალს, რომ რუსეთი მზადაა დაასრულოს ომი. ეს სიგნალი უნდა იყოს ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა,” – განაცხადა ზელენსკიმ.