,,აზერბაჯანი ევროკავშირისთვის ღირებული ენერგეტიკული პარტნიორია” – კაია კალასი

10
spot_img

ევროკავშირი მხარს უჭერს აზერბაიჯანისა და სომხეთის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მდგრადი და მყარი მშვიდობის მიღწევისკენ, – აზერბაიჯანულ მედიის ცნობით, ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელმა, კაია კალასმა ბაქოში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აზერბაჯანი ევროკავშირისთვის ღირებული ენერგეტიკული პარტნიორია.

„ევროკავშირი მხარს უჭერს ორივე მხარის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მდგრადი და მყარი მშვიდობის მიღწევისკენ. სომხეთსა და აზერბაიჯანს ახლა აქვთ ასეთი შესაძლებლობა. მე მივესალმები მიღწეულ შეთანხმებას სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე და მოუთმენლად ველოდები შემდეგ ნაბიჯებს”, – განაცხადა კალასმა.

ამასთან კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მიესალმება აზერბაიჯანის მიერ უკრაინისთვის გაწეულ ჰუმანიტარულ მხარდაჭერას.

„აზერბაიჯანი მნიშვნელოვანი პარტნიორია რეგიონში. ეს არის ფასეული ენერგეტიკული პარტნიორი ევროკავშირისთვის და ერთად ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს ჩვენი კავშირების გაძლიერებაში. თქვენ დაეხმარეთ ევროკავშირს ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიკაციასა და ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში იმ დროს, როდესაც მსოფლიო უპრეცედენტო გამოწვევებს აწყდება. ჩვენ ასევე მადლიერები ვართ აზერბაიჯანის მიერ უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის და თქვენი ლიდერობისთვის გასულ წელს კლიმატის სამიტის COP29-ის ჩატარებაში. მსგავსი მრავალმხრივი ძალისხმევა აჩვენებს, რომ ერთობლივი მოქმედებით ქვეყნებს შეუძლიათ ნამდვილად გავლენა მოახდინონ გლობალურ პროცესებზე“, – განაცხადა კალასმა.