რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიის ფარგლებში შესაძლოა, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკებები გაიმართოს

12
spot_img

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში იმყოფებიან რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად.

დონალდ ტრამპი იტალიის ლეონარდო და ვინჩის საერთაშორისო აეროპორტში პირველ ლედისთან, მელანია ტრამპთან ერთად ჩავიდა. რაც შეეხება უკრაინის ლიდერს, მას ასევე თან ახლავს პირველი ლედი ოლენა ზელენსკა და დელეგაციის წევრები.

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის, სერგეი ნიკიფოროვის თქმით, ისინი მონაწილეობას მიიღებენ რომის პაპ ფრანცისკესთან გამოსამშვიდობებელ ცერემონიაში.

რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიის ფარგლებში შესაძლოა, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკებები გაიმართოს. აშშ-ის პრეზიდენტმა ვატიკანში უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრა არ გამორიცხა. შეხვედრის სურვილი მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გამოხატა.

დღეს რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიას ასევე დაესწრებიან იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და პრინცი უილიამი, ესპანეთის მეფე ფელიპე.

ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედანზე რომის პაპთან გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაზე ასევე ელოდებიან ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტიერეშს, არგენტინის პრეზიდენტს, ხავიერ მილეის, ფილიპინების პრეზიდენტს, ფერდინანდ მარკოსს და სახელმწიფოებისა და მთავრობების სხვა მეთაურებს.